ცნობილი ქართველი მსახიობები მიმტანებად იმუშავებენ

ცნობილი ქართველი მსახიობები მიმტანებად იმუშავებენ

15 დეკემბერს, საღამოს, რესტორან "დაუნთაუნში" ცნობილი მსახიობები სტუმრებს მიმტანების ამპლუაში მოევლინებიან.

ეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის საქველმოქმედო პიარ-აქცია - "მაგიდა ქმედებისთვის" იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

თამარ ტყემალაძე, მაია ხორნაული, კოტე თოლორდავა, ნინო ლეჟავა, ბესო მეგრელიშვილი, ნინო მუმლაძე, დავით ხახიძე სტუმრებს მიმტანების როლში მოემსახურებიან. რესტორანში შესული თანხა კი კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაერიცხება...

ეს პირველი შემთხვევაა, როცა თეატრი ასეთი ორიგინალური ფორმის აქციას მართავს და ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

"ამბები.გე"-ს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ამ ღონისძიების იდეის ავტორი თათია პაქსაშვილი ესაუბრება:

- მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აღნიშნულ რესტორანს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რადგანაც საქველმოქმედო პიარ-აქცია სლოგანით: "მაგიდა ქმედებისთვის!" სწორედ იქ ჩატარდება...

- რატომ დაარქვით აქციას ასეთი სახელი?

- ადამიანებს, ზოგადად, მაგიდა - გაშლილი სუფრა გვაერთიანებს. რესტორანში მოსული სტუმრები მაგიდასთან დასხდებიან, მსახიობები კი მიმტანის ამპლუაში მათ მოემსახურებიან და ეს ყველაფერი არის ქმედება...

პიარ-აქციის ჩატარების იდეა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აერთიანებს: მინდოდა, წინა პლანზე წამომეწია მოზარდმაყურებელთა თეატრი, რათა ფართო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის მსახიობები, რომლებიც დღეს პოპულარულ სერიალებში არიან დაკავებულები, სწორედ ჩვენი თეატრის სახეები და სახელები არიან. მათ, როგორც მხოლოდ სერიალის პერსონაჟებს, ისე არ უნდა იცნობდნენ. ისინი მოზარდმაყურებელთა თეატრში მუშაობენ. მოვიდეს მაყურებელი ჩვენთან, მათი მონაწილეობით ნახოს სპექტაკლები და მათ სხვა კუთხით გაიცნობს. ჩვენი თეატრის რეპერტუარი არ არის მხოლოდ საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილი. გვაქვს საღამოს წარმოდგენებიც, რომლებიც უფროსი თაობის მაყურებლებზეა გათვლილი.

დღემდე, მოზარდმაყურებელთა თეატრს არ ქონია შესაძლებლობა, ისეთ აქტივობაში ჩართულიყო, როგორიც აღნიშნული ღონისძიებაა. თუ არ ჩავთვლით, სხვადასხვა უწყების მიერ ორგანიზებულ გასვლით სპექტაკლებს, მაგალითად, ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში ("დეჟა ვიუ") ან საქველმოქმედო სპექტაკლებს დევნილი ბავშვებისთვის.

ამჯერად მსახიობების განსხვავებულ ამპლუა (მიმტანობა) და გარემო საოცარ აზარტსა და ინტერესს გამოიწვევს. ვფიქრობ, ამ აქციით კიდევ უფრო გაიზრდება ყურადღება თეატრის მიმართ. ამ ყველაფერში კი მთავარი მაინც ქველმოქმედებაა. არ მეგულება ადამიანი, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, გაჭირვებაში მყოფის დახმარების სურვილი არ ჰქონდეს. ისინი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში ჩავაბი, რასაც თეატრის სახელით ქველმოქმედება ჰქვია.

- ბოლო დროს თეატრი ძალიან გააქტიურებულია. რა არის ამის მიზეზი?

- გააქტიურება განპირობებულია საინტერესო შემოქმედებითი პროცესით. თეატრში ახალი მმართველი გუნდის მოსვლამ რადიკალურად შეცვალა აქამდე არსებული შემოქმედებითი პოლიტიკა, რაც დაეტყო დასს და სპექტაკლების დონესაც. თეატრის კარი ღიაა როგორც ახალგაზრდა, პერსპექტიული, ნიჭიერი რეჟისორებისთვის, ასევე უფროსი თაობის ბწრყინვალე წარმომადგენლებისთვის. რომ არა საქმისთვის გაერთიანებული ადამიანების თავდაუზოგავი, ყოველდღიური მუშაობა, ასეთი შედეგის მიღწევა ამ მოკლე დროში შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ეს არ არის საკმარისი და ყველა ერთად ვიმუშავებთ უკეთესი შედეგების მისაღწევად.

- იქნებ უფრო ახლოს გავაცნოთ მკითხველს ის ცნობილი მსახიობები, რომლებიც თქვენს თეატრში მუშაობენ?

- უფროსი თაობიდან დავიწყებ: ბერტა ხაფავა, ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა), პავლე ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ნინო ლეჟავა, ნინო ლორთქიფანიძე, კოტე თოლორდავა, ბესო მეგრელიშვილი, თამარ ტყემალაძე, ნინო მუმლაძე, მაია ხორნაული, დავით ხახიძე, ვახო ჩაჩანიძე. შესაძლოა, ვინმე გამომრჩეს კიდეც იმდენი არიან.

- ახალგაზრდა მსახიობების უმრავლესობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობს... ღონისძიებაში მონაწილეობაზე პრობლემოდ დაგთანხმდნენ? ისინი ხომ ძალიან დაკავებულები არიან?

- წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ ყოფილა, პირიქით, ყველა სიამოვნებით დამთანხმდა. საქმე ხომ ქველმოქმედებას ეხება, ბავშვებს, განსაკუთრებულ ბავშვებს და ყველაზე მეტად ხელმოკლე ბავშვთა სახლს.

- თითოეული მათგანი მაქსიმალურად არის თეატრში დაკავებული?

- ისე, ამდენი ვარსკვლავი მგონი, არც ერთ თეატრს არ ჰყავს... ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვიტრაბახოთ მისი დასით... ყველა დაკავებულია იმდენად, რომ დღეში ორი-სამი სპექტაკლის თამაში და რამდენიმე რეპეტიციის გავლა უწევთ.

სანამ აქ მოვიდოდი სამუშაოდ, სიმართლე გითხრათ, ამდენ ვარსკვლავს, მეც არ ველოდი თუ დამხვდებოდა. ეს მსახიობები არ ჩანდნენ არა იმიტომ, რომ თეატრში არ თამაშობდნენ, არამედ "მოზარდში" ჩვენ არ დავდიოდით. პირადად მე, მიშა ანთაძის (წინა ხელმძღვანელი) პერიოდში ორი ისეთი სპექტაკლი ვნახე, რომ აქ მოსვლის სურვილი დამეკარგა. ზოგიერთი ვარსკვლავი გაგდებულიც კი იყო თეატრიდან...

დღეს მე თითოეული მათგანის გულშემატკივარი ვარ, ისევე განვიცდი და მიხარია მათთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს, როგორც ისინი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ...

- რომელიმეს ვარსკვლავური დაავადება ხომ არ სჭირს?

- ერთ-ერთს სჭირს, რაღაცებს ხუმრობა-ხუმრობით შემოგვაპარებს ხოლმე... მაგრამ ამას არა ვარსკვლავურ დაავადებას, არამედ მის ბავშვურობას ვაბრალებ. ხომ შეიძლება ადამიანი იყო დიდი ბავშვი? 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება