არის თუ არა კოტიკო თოლორაია გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი

არის თუ არა კოტიკო თოლორაია გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი

შოუმენმა, ტელე და რადიოწამყვანმა კოტიკო თოლორაიამ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' დატოვა. მანამდე იყო ექვსი ტური და რამდენიმე შელაპარაკება გოჩა ჩერტკოევთან. კოტიკოს ამერიკაში მცხოვრებმა ძმამ, სოსო თოლორაიამ დაუმზადა მხარდასაჭერი კლიპი, რომელიც ეთერში სიურპრიზის სახით გვაჩვენეს. კლიპში სოსოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას გოჩას შენიშვნების გამო...

- სოციალურ ქსელებში ბევრი კითხულობდა, რატომ დაგაკავეს პროექტში ვარსკვლავის როლში. თავად თუ მიიჩნევ თავს ვარსკვლავად?

- ყველა მონაწილე თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანია. პროექტს ჰქვია ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და ალბათ, ამან გააღიზიანა საზოგადოება. იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვიყავი ჩართული სატელევიზიო სფეროში, შოუბიზნესში, კონცერტებში. ამან განაპირობა ჩემი პოპულარობა. ვინ ვარსკვლავად ჩამთვლის, ვინ ცნობად სახედ - სხვა თემაა, რადგან ამ პროექტში მიმიწვიეს, ე.ი. ჩათვალეს, რომ ვარსკვლავი ვარ. სულ ვამბობდი, ცოტა ხანი მიჩუტული ვარსკვლავი ვიყავი-მეთქი. აღარ მომწონს აღარც ტელევიზიასთან და არც პრესასთან ურთიერთობა. ბევრს უარს ვეუბნები ინტერვიუზე. ზოგჯერ იღლები ამ ყველაფრისგან. ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. იქაც ჯერ ჩემი ძმა დათანხმდა ჩემ მაგივრად, მაგრამ საინტერესო წინადადება იყო ნამდვილად და მეც აღარ გამიფშეკია ფეხები.

- როგორ ფიქრობ, ღირდა ამ პროექტში მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა. იყო ბევრი დატვირთული საათი, ენერგიის ხარჯვა, დაკლებული კილოგრამები, ახალი მეგობრები. საინტერესო იყო. მანამდე დღის განმავლობაში ათას რამეს ვედებოდი, ამ პროექტმა რეჟიმში ჩამაყენა. ზოგჯერ გავბრაზებულვარ, ნერვებიც მომშლია, ამას ვერ გავექცევით, კონკურსია, მაგრამ ამის გამო სტრესი არ მიმიღია.

- გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი არ ხარ?

- როგორ გითხრა... მესამე სეზონია, გოჩასთვის პროექტის მონაწილეს საყვედური არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ განაწყენებული და გულდაწყვეტილი ბევრი იყო. როცა ჟიური არასწორად გაფასებს, რატომ არ უნდა თქვა? ამაში არაფერია გასაოცარი. ჩემმა გამოსვლამ ამ მხრივ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ეს არ იყო ფამილიარობა, არც თავხედობა. უბრალოდ, კორექტულად ვუთხარი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო მართალი. ჟიურის წევრისგან შენიშვნას ველოდები, მაგრამ ადეკვატურს.

- რისი თქმა გინდა, გოჩა ჩერტკოევს არასწორი შენიშვნები ჰქონდა?

- ნამდვილად. ეს დავამტკიცე კიდეც, ყველამ იცის. ყველა ცეკვას ერთ ხასიათში ცეკვავო, აჭარულის მერე მითხრა. გავგიჟდი. აჭარული ისეთი ცეკვაა, თუ არ მოიხდინე, ხასიათში არ იცეკვე, არ გამოვა არაფერი. ვუთხარი, შეიძლება, არ გახსოვს, გადაახვიე და ნახე, რა ხასიათში ვიცეკვე სხვა ტურები-მეთქი. ქუჩაში ვიღაცებმა ამ კომენტარის შემდეგ მითხრეს, ჯიგარი ხარო.

- შენ და გოჩას კამერებს მიღმა თუ გისაუბრიათ?

- არა და არც მქონდა ამის სურვილი. გოჩა ჩემთვის სამყაროს ცენტრი არ არის, დიდს არაფერს წარმოადგენს, არის ჟიურის ერთი რიგითი წევრი, მინდოდა, სხვა წევრებისგან არც გამომერჩია, თვითონ მიბიძგა ამისკენ.

- ვინ არის ჟიურის ყველაზე ობიექტური წევრი?

- ნინო სურგულაძე, სოფო შევარდნაძე. სოფო კარგსაც მეუბნებოდა და ცუდსაც. არ უთქვამს, ცუდი ვარცხნილობა გაქვს ან ცუდი კოსტიუმი გაცვია და ამის გამო დაბალ ქულას გიწერო. იცოდა, რომ ჩაცმულობაზე დიზაინერი ზრუნავს, დადგმასა და მოძრაობაზე - ქორეოგრაფი. ოთარ ტატიშვილი ძმაა, სუპერადამიანი. ნიკა ცისკარიძესაც ჰქონდა შენიშვნები ჩემთან, მაგრამ კორექტული. ისიც კი მითხრა, ვერც წარმომედგინა, ფოქსტროტს თუ იცეკვებდიო.

- თვითონ წარმოგედგინა, ამდენ ტურს თუ იცეკვებდი?

- მონდომებული ვიყავი, მაგრამ არიან ძლიერი კონკურსანტები, ვფიქრობ, პროექტი დროულად დავტოვე. თაკო ჩერგოლეიშვილი 13 წელი ქართულ ცეკვას ცეკვავდა, ფანტასტიკური მონაცემები აქვს, ქეთი ხატიაშვილი ტანმოვარჯიშეა და ყველაფერი გამოსდის, ყიფშო მსახიობია და სამსახიობო ოსტატობაში ასე თუ ისე ნასწავლი აქვს ცეკვის ელემენტები. მე არც სამსახიობოზე ვსწავლობდი და არც არასდროს მიცეკვია. იმ ფონზე, რომ გაშეშებული მივედი პროექტში, ეს ექვსი ტური ნორმალურად ჩავატარე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება