ნუკი კოშკელიშვილის ჭკვიანური პასუხები ქართულ პოლიტიკაზე

ნუკი კოშკელიშვილის ჭკვიანური პასუხები ქართულ პოლიტიკაზე

მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნუკი კოშკელიშვილს რომ დავუკავშირდი და პოლიტიკაზე ინტერვიუ ვთხოვე, უარი არ უთქვამს, თუმცა გამაფრთხილა, - ამ სფეროში ძალიან ცუდად ვერკვევი, ფაქტობრივად, არავის ვიცნობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, ხოლო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიო. მიუხედავად ამისა, საკუთარი პოლიტიკური ხედვა მაინც საინტერესოდ ჩამოაყალიბა...

- ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვისაც საინტერესოა, როცა "პოზიცია" ხდება ოპოზიცია და - პირიქით. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე ხარ, პოზიციების ცვლა ქვეყნისთვის ძალზე კარგია, რადგან ვინც ოპოზიციაში იყო, მოდის ხელისუფლებაში და აკეთებს იმას, რასაც თვლის, რომ კარგია. წინა ხელისუფლება კი ოპოზიციაშია და აკრიტიკებს მათ საქციელს. ვინმესი კი არა, ყველანი ქვეყნის მომხრეები უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

- როგორ ფიქრობ, ახალმა ხელისუფლებამ გაამართლა ხალხის იმედი? ამ ერთ წელიწადში გააკეთეს ისეთი რამ, რაც შენთვის მოსაწონი იყო?

- ჯერჯერობით არ ვიცი, რა გააკეთეს. საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებ ხოლმე და ამიტომ არ ვიცი. არც ქუჩაში გასულს შემინიშნავს რაიმე ახალი. არც ტარიფები შემცირებულა. რაც იყო, ყველაფერი იგივეა. საერთოდ, მე ამ ყველაფერს ბენზინის ფასის მიხედვით ვსაზღვრავ ხოლმე. ბენზინის ფასი კი არ შემცირებულა. კომუნალური გადასახადები მე არ მეხება. ადრეც ოთხი წევრისგან შედგებოდა ჩვენი ოჯახი და ახლაც ასეა. რასაც ადრე ვიხდიდით, ვხედავ, რომ ქვითრებზე იგივე ციფრები წერია. აქედან გამომდინარე, ვხვდები, რომ ტარიფები არ შემცირებულა.

- საინფორმაციო გამოშვებას ალბათ არც ადრე უყურებდი. წინა ხელისუფლების დროს, ქუჩაში გასული რაიმე ცვლილებას ამჩნევდი?

- წინა ხელისუფლებამ რომ მოღვაწეობა დაიწყო, ნებისმიერი ცვლილება საგრძნობი იყო, რადგან არ იყო შუქი და - მოვიდა, არ გვქონდა გზები და - დააგეს, არ გვქონდა კურორტები და - გაკეთდა. მოკლედ, უნდა გავიმეორო ის ყველაფერი, რასაც წინა ხელისუფლება ისედაც ყოველ წუთს გვიმეორებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ახლანდელი ხელისუფლება გამოიყენებს ამ საშუალებას და კიდევ უფრო წინ წაგვიყვანს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა მართლა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. მთავარია, რომ საქართველო იყოს წარმატებული, გაბრწყინებული, ძლიერი და ერთიანი ქვეყანა, ტერიტორიები არ წაგვართვან. გარდა ამისა, ძალიან მინდა, რომ ნატოსა და ევროკავშირში შევიდეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის წინსვლა იქნება. გვექნება უკეთესი ხელფასები, რადგან სამუშაო ადგილები გაჩნდება. იქნება ექსპორტი და იმპორტი, რაც განათლების ხარისხსაც ასწევს. თამარისა და დავით აღმაშენებლის დროს საქართველო გაბრწყინებული იმიტომ იყო, რომ სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენ კულტურულად უნდა განვვითარდეთ. კულტურა ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ საჭიროა, რომ ამ ყველაფერს უცხოელებიც გაეცნონ და პატივი გვცენ.

- ანუ შენ დადებითად აფასებ ვილნიუსის სამიტს, სადაც საქართველოს დელეგაციამ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი?

- აქამდე ხომ ძალიან ჭკვიანურად გიპასუხე და ძალიან გთხოვ, ახლა ნუ "გამაბანძებ" (იცინის)... კარგი, რა, აზრზე არ ვარ, რას მეკითხები.

- ახლა თბილისის მერის არჩევნები გვაქვს წინ. "ქართულმა ოცნებამ" ამ თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. საზოგადოების აზრით კი, ქალაქის მერი უნდა იყოს თბილისელი და არა - რეგიონიდან ჩამოსული. თავად რა აზრის ხარ ამ ყველაფერზე?

- მაპატიოს, მაგრამ მართლა არ ვიცი, ვინ არის დავით ნარმანია. ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომლის პოზიციაც ასეთია: სულ არ არის სავალდებულო, ვიცოდე, ვინ ვინ არის. პოლიტიკოსები ჩვენს სამსახურში არიან და ვალდებულნი არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ააყვავონ. ეს მათი სამსახურია. რაში მაინტერესებს, ვინ არის ის? მთავარია, რომ მისი საქმიანობის შედეგი დავინახო... რაც შეეხება მერს, მგონი, ლოგიკასთან ახლოს არის, რომ თბილისის მერი უნდა იყოს თბილისელი. ამერიკის პრეზიდენტი ქართველი ხომ ვერ გახდება? საქართველოს პრეზიდენტი ხომ უნდა იყოს ქართველი და არა - შვედი?! შესაბამისად, თბილისის მერიც უნდა იყოს თბილისელი.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს

- ნუკი კოშკელიშვილი - "ალბათ ამას მხოლოდ ქალები გამიგებენ"

- ვისთან ერთად ისვენებს ნუკი კოშკელიშვილი პარიზში

- ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება