რატომ არ სურდა ქეთი ხატიაშვილს გიორგი ბარბაქაძის პარტნიორობა

რატომ არ სურდა ქეთი ხატიაშვილს გიორგი ბარბაქაძის პარტნიორობა

გიორგი ბარბაქაძე მაყურებელმა პროექტით - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან პირად საკითხებზე ლაპარაკი არ უყვარს, მაინც გაგვიმხილა, თუ როგორი გოგონები იმსახურებენ მის ყურადღებას.

- ცეკვა როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში?

- ცეკვა საკმაოდ გვიან, 17 წლის ასაკში დავიწყე. ჩემს მეგობარ გოგონას მეწყვილე სჭირდებოდა და ამიტომ გავყევი. თავიდან ამ ყველაფრით უბრალოდ, ვერთობოდი. ჩემი პირველი პედაგოგი თემურ მეტრეველი გახლდათ. ის გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიოდა და ბიჭი-მოცეკვავე სჭირდებოდა. იმ პერიოდში ცეკვების ამ მიმართულებაში ბიჭების ნაკლებობა იყო და მე შემომთავაზა: თუ ერთ-ერთ კომპოზიციას კარგად აითვისებ, გერმანიაში ჩემპიონატზე წაგიყვანო. ძალიან მინდოდა ამ ქვეყანაში გამგზავრება, რადგანაც იქ ჩემი და ცხოვრობდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. დის ნახვის სურვილმა სტიმული მომცა, რომ ცეკვა კარგად მესწავლა. 24 საათი ვმეცადინეობდი. საერთოდ, მიზნის მისაღწევად შრომა არ მეზარება.

- ბოლოს და ბოლოს, პედაგოგმა გერმანიაში წაგიყვანა?

- რა თქმა უნდა! გერმანიაში დაც ვნახე და კარგი შოუც. ეს ჩემს ცხოვრებაში სიახლე იყო, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმიანობას და ახლა ესტრადის მოცეკვავე ვარ. საქართველოში თითქმის ყველა შოუბიზნესის წარმომადგენელთან ერთად მიცეკვია, ახლა კი მთლიანად, პროექტში ვარ ჩართული. "ცეკვავენ ვარსკვლავებმა", ზოგადად, ხელი შეუწყო ცეკვების პოპულარიზაციას, რისთვისაც ნოე სულაბერიძეს დიდ მადლობას ვუხდი.

- ამ პროექტმა პოპულარობა შენც მოგიტანა...

- რა თქმა უნდა, ასეა! მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტამდეც უამრავ კონცერტში ვმონაწილეობდი, არავინ იცოდა, ვინ იყო გიორგი ბარბაქაძე. ახლა კი ქუჩაში ხალხი მცნობს, მათგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- წარმატებისთვის რომ მიგეღწია, ბევრი შრომა დაგჭირდა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ შრომასთან ერთად, აუცილებელია გქონდეს მიზანი. თუ მიზანი არ დაისახე, ვერაფერს მიაღწევ. თავის დროზე ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და დავამთავრე კიდეც, დიპლომიც ავიღე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემგან ეკონომისტი არ დადგებოდა, ეს საქმე საერთოდ არ მაინტერესებდა. ამიტომ მიზნად დავისახე, ცეკვა პროფესიულ დონეზე მესწავლა და ეს გამომივიდა კიდეც.

- გარდა ცეკვისა, რას საქმიანობ?

- ვიდრე ცეკვას დავიწყებდი, მძლეოსანი ვიყავი, მერე ვჭიდაობდი... ცოტა უცნაურია, მაგრამ სპორტული ცხოვრებიდან ხელოვნებისკენ გადმოვინაცვლე. ამჟამად, ქუთაისის ლადო მესხიშვილი თეატრის ერთ-ერთი ქორეოგრაფი ვარ. ასევე, შოუბალეტ "ვერნისაჟის" მოცეკვავე გახლავართ.

- შენს მეწყვილეზე - ქეთი ხატიაშვილზე ვისაუბროთ. ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ქეთი "იმედის" დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში გავიცანი. აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრი რამ გვაკავშირებდა: ერთ უბანში, ერთსა და იმავე კორპუსში ვცხოვრობდით, ბავშვობაში ეზოში ერთადაც გვაქვს ნათამაშები. კიდევ, ერთსა და იმავე სკოლაში, უნივერსიტეტში ვსწავლობდით და გარდა ამისა, ერთსა და იმავე სააგენტოში ვმუშაობდით - ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად, სასიხარულოც იყო ჩემთვის... თავიდან ქეთის ჩემთან ერთად ცეკვა არ უნდოდა, რადგან "ფეისბუკზე" ისეთი სურათები მიდევს, რომ "მაჩოს" შთაბეჭდილება დავუტოვე. სურათების ნახვის შემდეგ უფიქრია: ნეტავ, ეს ბიჭი არ გახდეს ჩემი მეწყვილეო (იცინის). ახლა ვმეგობრობთ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

- ქეთის მეუღლე და შვილი ჰყავს. ისინი თუ გაიცანი?

- ქეთის ძალიან თბილი და კარგი ოჯახი აქვს. მის მშობლებს ბავშვობიდან ვიცნობდი. ამ პროექტის წყალობით კი მისი მეუღლე და 3 წლის ქალიშვილი, ანასტასიაც გავიცანი. გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მეწყვილე შემხვდა.

- ქეთის მეუღლე ალბათ აქტიურად გგულშემატკივრობთ...

- ასეა! ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და დავძმაკაცდით კიდეც. ის ყველანაირად ეხმარება ქეთის. ეს თანადგომა და მხარში ამოდგომა ძალიან დასაფასებელია. ჩემი აზრით, ქეთის მეუღლე ძლიერი ადამიანია. ვფიქრობ, ბევრი ქართველი მამაკაცი არ დაუშვებდა, რომ მის მეუღლეს ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. ცეკვების დადგმისას ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქეთი ყველანაირ ცეკვას ვერ იცეკვებს, რადგან მას ოჯახი აქვს. საბედნიეროდ, ქორეოგრაფებს ესმით ჩვენი...

- ქეთი საზოგადოებისთვის უცხო ადამიანი იყო, მაგრამ თქვენმა წყვილმა მალე მოიპოვა ხალხის თანადგომა. ამას ელოდით?

- იმედია, ამ თანადგომას და ხალხის სიყვარულს ბოლომდე შევინარჩუნებთ. პროექტში ძლიერი კონკურენტები დავრჩით. რაც შეეხება მოლოდინს, ქეთის ნიჭიერებაში დარწმუნებული ვიყავი და მჯეროდა, რომ ხალხის სიმპათიას დავიმსახურებდით. ვფიქრობ, ჩვენი წყვილი შედგა. ამ წარმატებისთვის ბევრი ვიშრომეთ, ბევრს ვვარჯიშობდით და მომავალშიც მზად ვართ თავდადებისთვის (იღიმის).

- ჟიურის წევრებზე რას გვეტყვი?

- თითოეული მათი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ქება კარგია და გვიხარია, მაგრამ არც კრიტიკა გვწყინს. ყოველ ჯერზე ვცდილობთ, შეცდომა გამოვასწოროთ და შენიშვნები გავითვალისწინოთ.

- შენ და ქეთი რეპეტიციებზე ხომ არ კამათობთ ხოლმე?

- ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თუმცა, როცა ადამიანები ერთმანეთთან დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ, მათ შორის ზოგჯერ აზრთა სხვადასხვაობაც იჩენს თავს. ამ დროს შეიძლება, გავებუტოთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მთავარია, კამათი სერიოზულ ჩხუბში არ გადაიზარდოს. გაბუტულები უბრალოდ, 5 წუთი ვისვენებთ და ისევ ვაგრძელებთ რეპეტიციას. ყოველთვის ვცდილობ, ქეთის რამე არ ვაწყენინო, არ ვანერვიულო და ამით ცეკვაში ხელი არ შევუშალო.

- წინა ტურში აუტსაიდერებში იდექით...

- ეს ჩემთვის პირველი არ იყო: წინა სეზონში, როცა ქრისტინესთან ერთად პირველად დავდექი აუტსაიდერებში, ჩვენ გავვარდით. ქეთისთან ერთადაც მომიხდა იმავე სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ ამაზე მხოლოდ გამეღიმა. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენ ცეკვის გაგრძელების საშუალება მოგვეცა... რაც შეეხება ქეთის, დარწმუნებული ვარ, მისთვის ის ერთი წუთი, ვიდრე შედეგს გამოაცხადებდნენ, ძალიან მძიმე იქნებოდა.

- გიორგი, შეყვარებული გყავს?

- პირადულ თემებზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ჟურნალისტებთან არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ არ ვარ ისეთი პოპულარული, რომ ჩემი პირადი ცხოვრებით ვინმე დაინტერესდეს.

- ის მაინც გვითხარი, როგორი გოგონები იმსახურებენ შენს ყურადღებას?

- "ცივი" გარეგნობის, გემოვნებიანი ქალები მომწონს. გემოვნებაში არა მარტო ჩაცმის სტილს, არამედ ინტელექტსაც ვგულისხმობ. არ მიყვარს ჩემზე ასაკით პატარა და იოლად მოსაპოვებელი გოგონები. მირჩევნია, ქალი ძნელად მისაწვდომი იყოს.

- გოჩა ჩერტკოევმა ერთ იყოს. ცეკვის შემდეგ აღნიშნა, რომ თმა სულ ერთნაირად გაქვს...

- გოჩას მიაჩნია, რომ მოკლე ვარცხნილობა უფრო მეტად მომიხდება. მე კი ძალიან დიდი ხანია, გრძელ თმას ვატარებ, ეს მომწონს, თავს კომფორტულად ვგრძნობ და სხვისი აზრის გამო, მას ვერ შეველევი. თმას მხოლოდ მაშინ შევიჭრი, როცა ამის სურვილი თავად გამიჩნდება.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მონაწილეზე ტელევიზიებმა ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მოცეკვავე გამოვლინდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება