თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება

თაკო ჩორგოლაშვილის რისკიანი და ბაიკერი პარტნიორის კიევური ცხოვრება

გაგა თოდუა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პარტნიორობას "იმედის" ჟურნალისტ თაკო ჩორგოლაშვილის უწევს. ორივეს ერთად საოცარი შედეგები აქვთ. ისინი აუტსაიდერებში ჯერ არ ყოფილან. გაგა უკრაინაში გაზრდილი ქართველია, რომელიც ამ კონკურსზე შემთხვევით მოხვდა. დღეს კი ძალიან უნდა ფინალში გასვლა.

ის წელს თბილისში აგვისტოში ნათესავების მოსანახულებლად ჩამოვიდა და ბიცოლისგან შეიტყო, რომ პროექტისთვის "ცეკვავენ ვარსკვლავები" კასტინგი ტარდებოდა, მოცეკვავეებს არჩევდნენ. წადი, რა იცი, რა ხდება, - უთხრა ბიცოლამ.

- ჟიურის წინაშე რომ წარვდექი, მოუმზადებელი ვიყავი. მზია ორველაშვილითან დამაყენეს და ვიცეკვე. ის, რაც გავაკეთე, სრული იმპროვიზაცია იყო. ვიცეკვეთ "ვალსი" და "რუმბა". ყველას ძალიან მოეწონა. შემდეგ ქორეოგრაფმა დიმამ და პროდიუსერმა ნოემ მითხრეს, კოორდინატები დაგვიტოვე და დაგიკავშირდებითო. დავუტოვე ჩემი კოორდინატები და კიევში გავემგზავრე. ერთ დღესაც, ღამის 11 საათზე, ნოე სულაბერიძემ თბილისიდან დამირეკა და მითხრა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძალიან მალე უნდა ჩამოხვიდეო. შოკში ჩავვარდი, რადგანაც ასე უცებ კიევში მთელი ჩემი საქმეები უნდა გადამეწყო... თან, ვარშავის უნივერსიტეტში ვსწავლობ... ერთ საათში დავურეკე ნოეს, თანხმობა ვუთხარი და იმავე ღამეს საქართველოში გამოვფრინდი. პროექტის გამო ვარშავის უნივერსიტეტში აკადემიური წელი ავიღე...

- ახლა ის გვითხარი, კიევში როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი?

- ზესტაფონში ვარ დაბადებული, მაგრამ იქაურობა 2 წლისამ დავტოვე, რადგანაც მამა მკლავჭიდელი, საქართველოს ჩემპიონი იყო, წარმატებები და წინსვლა ჰქონდა და კონტრაქტით რუსეთში ასპარეზობა შესთავაზეს. კარგი კონტრაქტი იყო, რასაც დასთანხმდა და მთელი ოჯახი მოსკოვში წაგვიყვანა. მამას სანამ შეეძლო, სპორტით იყო დაკავებული, მაგრამ ბოლომდე სპორტით ოჯახს ვერ არჩენდა, ამიტომ ბიზნესით დაკავდა და საცხოვრებლად უკრაინაში გადავედით, რადგანაც მამას საქმე იქ გამოუჩნდა...

- სამეჯლისო-სპორტული ცეკვებზე როდის მიხვედი?

- სამეჯისო-სპორტულ ცეკვებზე იმის გამო მიმიყვანეს, რომ მოგრეხილი ფეხები მქონდა და ბეჭებშიც მოხრილი ვიყავი. მამას არ უნდოდა ჩემი ცეკვებზე ტარება, მაგრამ ისე მოხდა, რომ სამეჯლისო ცეკვებზე დიდი შედეგები მქონდა, მწვრთნელები მაქებდნენ და ამის შემდეგ გვერდით დამიდგა. ტურნირებზე დამყვებოდა.

- ახლა ამ სფეროში რა მიღწევები გაქვს?

- ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. მოგებული მაქვს ევროპული თამაშებიც, უკრაინისა და ევროპის ჩემპიონიც ვარ, მაგრამ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონობა ნამდვილად მეამაყება, რადგანაც ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ...

- ისე რისკიანი ჩანხარ...

- კი, რისკიანიც ვარ და მუდმივად თავგადასავლებში ვეხვევი. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ყოველდღე რაღაც სიტუაციაში ვხვდები...

დავდივარ სპორტულ მოტოციკლზე. ჩემი მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც გამივითარებია, 316 კმ/საათშია. ეს ჩემი პირადი რეკორდია. საოცარ ტრუკებს ვაკეთებ... ძალიან მიყვარს ეს ტრანსპორტი... მეცხრე კლასში ვიყავი, რომ ოცნებად მქონდა: სკოლაში მოპედით მევლო, ჩემი მშობლები ამის წინააღმდეგები იყვნენ. ის კი არა, ჩამქრალ მოტოციკლთან მიკარებასაც მიკრძალავდნენ. მივხვდი, რომ ისინი არასდროს მიყიდდნენ მოპედს და გადავწყვიტე, თვითონ მეზრუნა ამაზე. სამუშაოდ კლუბში მოვეწყე. პრომოუტერი ვიყავი. ბილეთებს ვყიდდი და თან, იქ ცეკვებსაც ვასწავლიდი. ორივეგან ხელფასი მქონდა. დაგროვებული თანხით (600 დოლარი) პირველი მოპედი ვიყიდე. მერე მოპედისთვის ავტოფარეხი ვიქირავე, აბა, რა მექნა? სახლში მას არავინ მიმატანინებდა. მშობლებს ამის შესახებ არ უნდა გაეგოთ. მოპედს იქ ღამით ვაყენებდი. იქვე მქონდა ცალკე, სხვა ტანსაცმელი, რომელსაც ამ ტრანსპორტზე რომ ვჯდებოდი, მაშინ ვიცვამდი, ქალაქში რომ არავის ვეცნე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მერე ის მოპედი ძლიერ მოტოციკლზე გადავცვალე. სახლში ისევ არაფერი იცოდნენ. ბოლოს ამდენი დამალვა მომბეზრდა და გადავწყვიტე, მათთვის ყველაფერი მეთქვა. მამამ ჩემი ამბავი რომ გაიგო, შოკში ჩავარდა. თან, მოტოციკლს ლვოვის ნომრები ჰქონდა, რადგანაც იქ ვიყიდე. იქ მის შესაძენად სპეციალურად გავემგზავრე, ლვოვიდან კიევამდე კი 700 კილომეტრი მოტოციკლით გავიარე. უბედნიერესი ვიყავი...

მოკლედ, მამა საშინლად გამიბრაზა, მოტოციკლს გადაგდებას უპირებდა... მერე დედამ დააწყნარა... ასე რომ, მოტოციკლი ჩემი სისუსტეა. უკვე 5 წელია, რაც ამ ტრანსპორტზე მაბოდებს...

- ე.ი. კიევში ცხოვრებით კმაყოფილი ხარ...

- კი, მაგრამ გასულ წელს კიევში არ მიცხოვრია, რადგანაც ხომ გითხარით, პოლონეთში, ვარშავაში ვსწავლობ. სხვათა შორის, იქვე ვცეკვავ, ჩემს პროფესიას ვერ ვღალატობ. ისე, სანამ პოლონეთში წავიდოდი, კიევში ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო სკოლაში ქორეოგრაფად ვმუშაობდი.

- გატყობ, რომ ქართული ლაპარაკი ცოტა გიჭირს.

- ისე, ქართულად ზესტაფონური აქცენტით ვლაპარაკობ. მშობლები ხომ ზესტაფონელები არიან... თბილისში რომ ჩამოვდივარ და გარშემო ქართული ენა მესმის, უკეთ ვლაპარაკობ ხოლმე, ისე ცოტა კი მიჭირს...

- როგორც გატყობ, მიზანმიმართული ახალგაზრდა ხარ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?...

- მიზანდ რაც დამისახავს, ყოველთვის მიმიღწევია. მინდა, ჩემს უმცროს ძმასთან, ირაკლი თოდუასთან ერთად, საცეკვაო სკოლა გავხსნა. ეს ჩვენი საერთო ოცნებაა, სადაც ადამიანებს ცეკვებს ვასწავლით. დიდი ხანია, ეს გვინდა.

- რას გვეტყვი, პროექტზე, რომელშიც ახლა მონაწილეობ?

- ქართულმა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რაღაც სიახლე შემოიტანა, რეპეტიციის პროცესი, გამოსვლის დღე ცირკში, ტელეგადაღებები ჩემში საოცარ ემოციას იწვევს. ხალხი უკვე ქუჩაში მცნობს და მიხარია. ასეთი რამ არასდროს მქონია. საუკეთესო პროექტია.

- გამარჯვება გინდა?

- კი, ძალიან მინდა. ფინალში რომ მოვხვდე, მაგარი იქნება...

- რას გვეტყვი შენს პარტნიორზე - თაკო ჩორგოლაშვილზე?

- კმაყოფილი ვარ, რომ თაკო მე შემხვდა. საოცრად ნიჭიერია, რასაც ეუბნები, ყველაფერს მაშინვე ითვისებს. მიზანმიმართულია, ისიც ჩემსავით მერწყულია: მე 6 თებერალს ვარ დაბადებული, ის - 8-ში. ისეთი გულმოდგინე ადამიანია, დილამდე შეუძლია დაუზარლად სარეპეტიციო დარბაზში იმეცადინოს. პერსპექტიული ქალბატონია, კარგად ცეკვავს და პროფესიონალ მოცეკვავეებს არაფრით ჩამოუვარდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება