ნინა: "პროექტიდან ჟიურიმ გამომაგდო" - მომღერლის პირველი ინტერვიუ შოუდან წასვლის შემდეგ

ნინა: "პროექტიდან ჟიურიმ გამომაგდო" - მომღერლის პირველი ინტერვიუ შოუდან წასვლის შემდეგ

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებს" გასულ კვირას გამოეთიშა. ის შოუში თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდა და თავის პარტნიორთან ერთად, მაყურებელს არცთუ ურიგო ნომრებს სთავაზობდა, მაგრამ მოგეხსენებათ, კონკურსი კონკურსია...

ისე, საკმაოდ დიდხანს იბრძოლა, - ლამის სამი თვეზე მეტ ხანს სცდიდა საკუთარ ძალებს პროექტში. საინტერესოა, როგორ გრძნობს ახლა თავს შოუს მიღმა დარჩენილი ნინა. "ამბები.გე" მომღერალს დაუკავშირდა.

- მშვენივარად ვარ. დავისვენე, დავიძინე და ადამიანურ რეჟიმს დავუბრუნდი.

- არ გენატრება რეპეტიციები?

- რეპეტიციები არ მენატრება იმიტომ რომ, ვერ ვიტან ვალდებულებებს. როცა ცეკვა მომენატრება, რეზიკოს სტუდიაში (ჩემი მეწყვილე) მივალ და ვიცეკვებ (თავისუფალი გრაფიკით).

- ე.ი. არც ცირკის არენა გენატრება, სადაც პრაქტიკულად, შენი როგორც მოცეკვავის დებიუტი შედგა, ხომ?

- არც ცირკის არენა მენატრება. მე საერთოდ საქმის კეთების პროცესი მიყვარს. სცენა ჩემთვის მეორეხარისხოვანია...

- პროექტიდან გათავისუფლებული დროს უმეტესად რას უთმობ? რას საქმიანობ?

- შუადღემდე მძინავს, ბავშვს, ჩემს შვილს დიდ ყურადღებას ვაქცევ, დავიწყე საკუთარი თავის მოვლა, ვემზადები ახალი წლისთვის და საახალწლო კონცერტებისთვის...

- შოუში ყოფნისას ამბობდი, რომ იმდენს ვცეკვავ, რომ ცეკვა ჩვეაში გადამივიდაო... ახლაც დილას უნებლიედ ცეკვით ხომ არ იწყებ?

- ცეკვით არ ვიწყებ, მაგრამ ორგანიზმი უკვე ვარჯიშს მთხოვს და ვფიქრობ იმ კაბებზე, რომელი ცეკვების შესრულებაც ვერ მოვასწარი და ძალიან ლამაზი ესკიზები გამომივიდა...

- შვილი, როგორც ადრე მითხარი, ჩემს ცეკვას არასერიოზულად უყურებსო. პროექტის დატოვების შემდეგ რა გითხრა სანდრომ?

- ჩემს შვილს რომ ვუთხარი, შოუდან გამომაგდეს-მეთქი, ან აქამდე რატომ გტოვებდნენ, ვერ ვხვდებოდიო (სიცილით ამბობს), მოკლედ, დამცინა...

- ვიცი, რომ მამა ესემესებს გიგზავნიდა... რა გითხრა მან?

- არაფერი არ უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა?.. ისე, ყველამ, მამამაც ის მითხრა, რომ ჟიურიმ გამომაგდო.

- რას ნიშნავს ჟიურიმ გამოგაგდო?

- კი, ჟიურიმ გამომაგდო, თორემ ესემესებით იმ კვირაში, რომელშიც პროექტი დავტოვე, მე და რეზიკო მეორე ადგილზე ვიყავით. მოკლედ, ისეთ დაბალ ქულებს წერდნენ, რომ ესემესებმაც ვეღარ გვიშველა. ისე, ძალიანაც კარგი ქნეს. დავისვენე...

- თუმცა ბევრი კი გაქეს, რაც ქულებით არ დაადასტურეს...

- პიროვნულად ნამდვილად არ მერჩიან... ნაწყენი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ, რაც იყო, იმას ვამბობ...

- მგონი, შენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდი... კარგი, რა მოგცა პროექტმა და რა დაკარგა მან შენი წამოსვლით?

- პროექტი უპირველესად გამოჯანმრთელებაში დამეხმარა, ცეკვაც ვისწავლე, კარგი ადამიანები გავიცანი. ჩემი წამოსვლით კი ვფიქრობ, პროექტმა რეიტინგი დაკარგა (სიცილით ამბობს) არა მარტო ჩემი წასვლით; ისე მოხდა, რომ ბოლო 2 კვირაში, შოუ მე და სოფო ნიჟარაძემ დავტოვეთ (სოფო ყველასთვის ცნობილი სამწუხარო ფაქტის გამო გამოეთიშა შოუს). ჩემი და სოფოს ნებისმიერ გადაცემაში გამოჩენა მაღალ რეიტინგს სწევდა...

- როგორ გგონია, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვინ მოიგებს და ვის გულშემატკივრობ?

- მოგებას ვინც დარჩა, ყველას ვუსურვებ, რადგანაც იმსახურებენ, მაგრამ პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე, "ცეკვავენ ვარსკვლავები" მინდა, გიო ყიფშიძემ მოიგოს. შოუში ერთი ვარსკვლავი დარჩა, ალბათ, დამეთანხმებით...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება