არსენი იაცენიუკი - ხელისუფლებას შაბათ-კვირას პროვოკაცია აქვს დაგეგმილი

არსენი იაცენიუკი - ხელისუფლებას შაბათ-კვირას პროვოკაცია აქვს დაგეგმილი

უკრაინის ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლებას შაბათ-კვირას პროვოკაცია აქვს დაგეგმილი. როგორც ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, ხელისუფლებას რეგიონებიდან მოსახლეობა კიევში ჩამოჰყავს.

"ამის მიზანია დაიწყოს სამოქალაქო კონფლიქტი. შემდეგ აპირებენ შემოიღონ საგანგებო ვითარება, შემოიყვანონ ჯარები, სპეცრაზმი და დაარბიონ მაიდანი", - აცხადებს იაცენიუკი.

მისივე თქმით, ხელისფლების ამ გეგმის შესახებ მათ უტყუარი ინფორმაცია აქვთ, თუმცა ოპოზიცია არ აპირებს ხელისუფლებას ამის განხორციელების საშუალება მისცეს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14-15 დეკემბერს, კიევში, ხელისუფლების მხარდამჭერი, 200 ათას კაციანი მიტინგის გამართვა იგეგმება. ამისთვის მოსახლეობა დედაქალაქში რეგიონებიდან გეგმავს ჩასვლას.

ამასთან, უკრაინამ და ევროკავშირმა უკრაინის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა. ბრუსელში უკვე გაიმართა ვიცე-პრემიერ სერგეი არბუზოვისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვედრა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებს რუსეთის მონაწილეობის გარეშე გააგრძელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისარმა შტეფან ფულემ განუცხადა.

"ვცდილობთ, მოვახდინოთ სისტემური დიალოგის სტრუქტურირება, რათა გავიაზროთ, თუ ზუსტად როგორ არის შესაძლებელი ინტეგრაციისა და ასოცირების პროცესი. ევროკავშირთან უკრაინის დაახლოების საკითხში ევროპული მხარდაჭერა სულ უფრო მეტი და და მეტი იქნება", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ შტეფან ფულემ.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი არბუზოვმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ორმხრივი მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმებაზე უმოკლეს ვადებში დასრულდება.

"შემიძლია დავარწმუნო უკრაინელი ხალხი - მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ არ ვცვლით უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს. თავის მხრივ ევროპამ დაარწმუნა უკრაინა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უკრაინისთვის ხელსაყრელი იქნება", - აღნიშნა არბუზოვმა.

უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი 21 ნოემბერს შეაჩერა. ვილნიუსის სამიტზე კი ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირს ასევე შესთავაზა სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა რუსეთის, ევროკავშირისა და უკრაინის მონაწილეობით, რასაც რუსეთმა მხარი დაუჭირა. ევროკავშირი კი მიიჩნევს, რომ მესამე მხარის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიუღებელია კიევისთვისაც და ბრიუსელისთვისაც.

მომზადებულია ua.korrespondent.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა