ანნა იმედაშვილი - სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა

ანნა იმედაშვილი - სექსუალური წამყვანი და მზრუნველი დედა

ანნა იმედაშვილი "ახალი ხმის" წამყვანია. ისე შეერწყა ამ გადაცემას, მგონი, მის გარეშე ეს პროექტი უკვე წარმოუდგენელიც კია. მშვენიერი გარეგნობის ქალბატონი შესანიშნავ პარტნიორობას უწევს მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს, რომელსაც წელს პირველად გახდა შოუს წამყვანი.

ანნა პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის - დავით იმედაშვილის მეუღლეა და ცდილობს, უფროსისგან, როგორც ხელქვეითმა, სამსახურში შენიშვნა არ დაიმსახუროს.

ანნა იმედაშვილი:

- ფაქტობრივად, საზოგადოების წინაშე ამ პროექტით გამოვჩნდი... ჩემი წარდგენისას კი წერენ, ჟურნალისტი და ტელეწამყვანიო, მაგრამ უნივერსიტეტი როგორც ფსიქოლოგმა, ისე დავამთავრე. თუმცა ჟურნალისტიკის ლიცეუმშიც კი ვსწავლობდი, მერე - მარკეტინგის განხრითაც. მოკლედ, რაც ვისწავლე, ყველაფერი მადგება. დრო ტყუილად არ დამიკარგავს...

რეალურად კი ამ შოუს წამყვანი ვარ, რაც ძალიან მიხარია და ის პერიოდი, როცა საბავშვო "ახალ ხმა" საპატიო მიზეზით გამოვტოვე (პირველ შვილზე ორსულად ვიყავი), გული მწყდება. დიდების "ვოისის" ჩაწერები რომ დაიწყო, ერთი სული მქონდა, როდის ჩავერთვებოდი, ისეთი აჟიტირებული ვიყავი. ცოტა ზედმეტი ემოციებიც კი მქონდა. მოკლედ, მიხარია, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ვარ...

- გასულ წელს შენი პარტნიორი დუტა სხირტლაძე იყო, წელს - დიმიტრი ტატიშვილი... რას იტყვი მათზე?

- ორი დიმიტრი (სიცილით ამბობს)... ორივე შემთხვევაში ძალიან გამიმართლა, ორივე თავის საქმის პროფესიონალია... გამართლებაა, აბა, რა, როცა სცენაზე პირველად გახვალ და და ისიც, დუტასთან ერთად. თუ რაღაც არ გამომივიდოდა, გვერდით მყავდა... რაც შეეხება დიმიტრი ტატიშვილს, მასთანაც მშვიდად ვარ. თავიდან ამბობდა, რომ ამ საქმეში გამოცდილება არ მაქვს, წამყვანი არასდროს ვყოფილვარ და შენგან უნდა ვისწავლოო (ეს ხუმრობით)... ისე კი მიხარია, რომ მუშაობა ასეთი პროფესიონალების გვერდით მიწევს. თან, ორივეს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, მართალია სხვადასხვანაირი, მაგრამ მთავარია, რომ იუმორი აქვთ. იუმორი ხომ ავსებს ადამიანს?.. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიმიტრის აქამდეც ვიცნობდი. ადვილია მასთან კონტაქტი...

- რას იტყვი თავად პროექტზე?

- საინტერესო პროექტია და თავის მხრივ, უნიკალური, რადგან ბევრი მუსიკალური პროექტი არსებობს, მაგრამ ისეთი, როცა შემსრულებელს ვერ ხედავ და მისი მხოლოდ ხმა გესმის, არ არის. მგონია, რომ ბევრ მომღერალს ეს შოუ კარგ შესაძლებლობას აძლევს...

მუსიკოსს შესაძლოა კარგი გარეგნობა ჰქონდეს, ეპატაჟურიც იყოს, მონაცემები ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხომ ვამბობ, ხმაა გადამწყვეტი. თუ ნიჭიერი ხარ, თავი უნდა გამოავლინო...

- ამ პროექტში იმის გამო მოხვდი, რომ შოუს აღმასრულებელი პროდიუსერის მეუღლე ხარ?

- არა, დათო ამის წინააღმდეგი იყო. თავიდან პროექტში რეპორტიორი უნდა ვყოფილიყავი, კადრს მიღმა სიტუაციებზე უნდა მემუშავა და ამესახა (რეპორტაჟები უნდა გამეკეთებინა იმაზე, რაც კუკისებში ხდება), მაგრამ ისე მოხდა, რომ დუტას "ბრმა კასთინგის" წინ ქვეყნის გარეთ მოუწია გასვლამ. მოკლედ, ჩემი წამყვანობა ამ პროექტში სიტუაციამ მოიტანა.

- თავიდან შოუში უცნაური ვარცხნილობით გამოჩნდი...

- ჰო, ზოგს მოსწონდა ის ვარცხნილობა, ზოგს - არა...

- ისე, ჩვენს სიმნამდვილეში ახალი შოუ იყო და წამყვანის ახალი ვარცხნილობაც მგონი, მისაღები უნდა ყოფილიყო, სიტუაციას უხდებოდა... წლევანდელი კონკურსანტების ნაკადი თუ მოგწონს?

- მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან მაგარი ნაკადია, ნიჭიერი ბავშვები არიან და მართლა ინდივიდუალურები, პირველი სეზონის ნაკადის მიმართ განსაკუთრებით ვიყავი განწყობილი... თუმცა ვიმეორებ, ორივე შემთხვევაში ძლიერი ბავშვები არიან... ის არის, რომ წელს უფრო ახალგაზრდები მოვიდნენ... ყველას ვგულშემატკივრობ.

- დათო სამსახურში როგორც ხელქვეითს შენიშვნებს თუ გაძლევს?

- მე და დათო სამსახურში ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. საქმე უმეტესად პროდიუსერებთან და სცენარისტებთან მაქვს. დათოსთან კონტაქტი მხოლოდ გადაღებაზე მიწევს. რადგანაც ის ჩემი უფროსია, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაც მაქვს. მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, როცა იცი, რომ შენი მეუღლე აღმასრულებელი პროდიუსერია. სულ ვცდილობ, არა მარტო დათოსგან, შენიშვნა არავისგან დავიმსახურო. გადაღებაზე ყველაზე ადრე მივდივარ...

ისე, მეორე სეზონი რომ დაიწყო, მითხრა, - ახლა სცენაზე უფრო თავისუფლად დგახარო...

- მოდი, შენს პატარა შვილზე ვილაპარაკოთ.

- პეტრე უკვე 5 თვის არის, დიდი ბიჭია. ისე მოხდა, რომ ამ პროექტს თითქოს პეტრეც უკავშირდება: თავდაპირველად სცენაზე რომ დავდექი, აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ვინაიდან იმ პერიოდში ბავშვს მუცლად ყოფნისას მუდმივად მუსიკა ესმოდა, მეკითხებიან, - ხომ არ მღერიოსო? ან ძალიან კარგად იმღერებს, ან - პირიქით (სიცილით ამბობს)... ძალიან წესიერი, ჭკვიანი და კონტაქტური ბიჭია, ჩვენს პავილიონში ხშირად მიმყავს ხოლმე. გიჟდება ხალხთან კონტაქტზე, ყველას უცინის...

- როგორც ჩანს, საკუთარ გარეგნობაზე დიდად ზრუნავ...

- ფეხმძიმობის დროს სულ ვვარჯიშობდი, აქტიური ფეხმძიმობა მქონდა... ვინაიდან ამჟამად არ გვყავს ძიძა, პეტრესთან მთელ დღეებს მე ვატარებ. ჭკვიანი ბავშვია, არ არის პრობლემური და თან, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპები და ეპიზოდები არ მინდა, გამოვტოვო. დიდ დროს მასთან ვატარებ. ამის გამო სავარჯიშოდ ვეღარ დავდივარ, მაგრამ მაგის დროც მოვა...

- არა მარტო სექსუალური გარეგნობის წამყვანი, არამედ ძალიან კარგი დედაც ყოფილხარ...

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის... მინდა, ვიყო, კარგი დედა, ასეთი შეგრძნებები, რაც პეტრეს დაბადების შემდეგ გამიჩნდა, თუ ოდესმე მექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება