თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა

თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა

"კომედი შოუს" მსახიობს, თამუნა ლეკვეიშვილს ახლახან მესამე შვილი შეეძინა. "ბევრი შვილი დიდი ბედნიერებაა", - მითხრა თამუნამ, რომელსაც პატარების გაზრდაში დედა და ძიძა ეხმარებიან.

- მესამე შვილის დაბადებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.

- ბიჭია თუ გოგო?

- გოგოა... 25 ნოემბერს სამი შვილის დედა გავხდი.

- პატარას რა დაარქვით?

- ელენე. კარგი სახელია.

- ნამდვილად... სახელი ვინ შეურჩია?

- სახელი ელენე ყოველთვის მომწონდა. როცა გავიგე, რომ გოგონა უნდა შემძენოდა, მეუღლეს - გიგას შევთავაზე: იქნებ ელენე დავარქვათ-მეთქი?! უარი არ უთქვამს, მასაც მოეწონა ეს სახელი.

- უკვე სამი შვილის დედა ხარ. როგორი შეგრძნებაა?

- სამი შვილის გაზრდა და რაც მთა­ვარია, მათი აღზრდა რთულ საქმედ მიმაჩნია. ბავშვების მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მთავარი ხომ არა მარტო მათი გაზრდა, არამედ ისაა, როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან... რაც შეეხება შეგრძნებას: თავი უმდიდრესი ადამიანი მგონია. მესამე შვილმა რაღაცნაირად შეგვავსო.

- ნინი და ნიკოლოზი როგორ შეხვდნენ კიდევ ერთი დედმამიშვილის დაბადებას?

- ნიკოლოზი ორი წლისაა და ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებს. რაც შეეხება ნინის, მას ძალიან უხარია, რომ პატარა დაიკო ჰყავს. ხშირად ეფერება და ეუბნება: შენ ჩემი პატარა დაიკო ხარო. ცდილობს, მზრუნველობა არ მოაკლოს. მოფერებით ელენიკოს ეძახის (იღიმის).

- პატარა ელენიკო რამდენი კილოგრამი დაიბადა?

- 4 კილოგრამი და 51 სანტიმეტრია. ფუმფულა გოგოა.

- ბუნებრივ კვებაზე გყავს?

- ჩემი დატვირთული დღის რეჟიმის გამო, არც ერთი შვილი ბუნებრივ კვებაზე არ მყოლია და ამას ვერც ელენიკოსთვის შევძლებ.

- სამსახურში უკვე გახვედი?

- დიახ, ორშაბათიდან გავედი. ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვარ.

- ახალშობილს დანახვისთანავე, ოჯახის რომელიმე წევრს მიამგვანებენ ხოლმე. შენი აზრით, პატარა ვის ჰგავს?

- ელენიკო პირველად რომ დავინახე, ვერავის მივამსგავსე, მაგრამ როცა თვალი შევაჩვიე, მივხვდი, მამას მეტად ჰგავს. თუმცა, ბევრი მეუბნება: გიგას კი არა, შენ გგავსო.

- სამი შვილის მოვლა-პატრონობა რთულია. მათ გაზრდაში ალბათ ძიძა გეხმარება, არა?

- რა თქმა უნდა, ძიძა გვყავს. ნინი ბაღში დადის, ძიძა კი ძირითადად, ნიკოლოზს და ელენეს უვლის.

- ნინიზე და ნიკოლოზზე რას გვეტყვი?

- ნინი ძალიან ჭკვიანი, დამჯერი და მოწესრიგებულია გოგოა. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის ცელქი და მოუსვენარი გახლავთ. ხანდახან მაბრაზებს კიდეც... სხვათა შორის, სამივე ბავშვი დილის 11-ის ნახევარზე მყავს გაჩენილი (იღიმის).

- ეს დამთხვევაა თუ...

- (მაწყვეტინებს) მართალია, ნიკოლოზი და ელენე საკეისრო კვეთით გავაჩინე, მაგრამ წინასწარ არაფერი დამიგეგმავს, ეს დამთხვევა იყო.

- ელენე ჭირვეული ბავშვია?

- ახალშობილი ნინი და ნიკოლოზი ძალიან მშვიდები იყვნენ, მათთან შედარებით კი ელენე ცოტა არ იყოს, ჭირვეულია. ოღონდ, ისეთი არა, რომ ღამე ძილის საშუალება არ მომცეს.

- სამი შვილის დედა მრავალშვილიანად არ ითვლება. კიდევ ერთი შვილის გაჩენას ხომ არ გეგმავ?

- ჩემი მეგობრები უკვე დამცი­ნიან, - მეოთხეც გააჩინე და სახელმწიფო სოციალურ დახმარებას დაგინიშნავსო (იცინის). მიმაჩნია, როცა ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, იდეალური ვარიანტია. ყველა ქალბატონს ვურჩევ ბევრი შვილის გაჩენას და მიხვდებიან, რა არის ნამდვილი ბედნიერება. ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ, შეუძლებელია!

- მეუღლე თუ გეხმარება შვილების მოვლაში?

- გიგი ნინის გაზრდაში უფრო მეტად მეხმარებოდა. ელენიკოს ჯერ ხელს ვერ ჰკიდებს. ამბობს, - ცოტა წამოიზარდოს და ხელში მერე ავიყვანო. რა ქნას, ახალშობილის ეშინია (იცინის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება