რატომ გადაწყვიტა კონსულტანტობა ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ

რატომ გადაწყვიტა კონსულტანტობა ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ

20 წლის თათული გურეშიძე ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის პიარ-მენეჯერია. მიაჩნია, რომ საქმიანი ქალისთვის კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანია. მისი აზრით, კარგი პიარ-მენეჯერი კლასიკურად, ქალურად, დახვეწილად უნდა იცვამდეს... თათული სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელისა და 5 მსოფლიო სილამაზის კონკურსის ეროვნული დირექტორის - ეკა მგალობლიშვილის ქალიშვილი გახლავთ, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, ის თათული გურეშიძეა, მერე კი - "ეკა მგალობლიშვილის შვილი".

- დაახლოებით 1 წელია, რაც პიარ-მენეჯერად ვმუშაობ. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკა ყველაფერში მეხმარება. თუკი რამეს მივაღწიე, მისი დამსახურებაა. ადრე სიმღერა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ არ "გავყევი", რადგან ჩემი აზრით, ადამიანმა ბევრი უნდა იმუშაოს, რომ კარგი მომღერალი გახდეს.

- პროფესიით ვინ ხარ?

- მინდოდა, ფსიქოლოგი ვყოფილიყავი, მაგრამ როცა ეროვნულ გამოცდაზე უნდა გავსულიყავი, გავთხოვდი (გავიპარე), რის გამოც ეკა ძალიან გამიბრაზდა... ფსიქოლოგია მაინტერესებს და ოდესმე ამ სპეციალობას აუცილებლად დავეუფლები.

- მუშაობის დაწყება რატომ გადაწყვიტე? ეკაც ხომ არ დაგეხმარა იმაში, რომ დიდი კომპანიის პიარ-მენეჯერი გამხდარიყავი?

- მიმაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა წარმართოს. მეც ჩვეულებრივად, გასაუბრებაზე მივედი. თავდაპირველად, რამდენიმე დღე კონსულტანტად ვმუშაობდი. ამ დროს გავარკვიე - რა და როგორ ხდებოდა. მოკლედ, საქმეს ალღო ადვილად ავუღე... 7-8 წლის ასაკში სიმღერის კონკურსებში ვმონაწილეობდი. ასეთ დროს დედას ვურეკავდი და ვთხოვდი: არ მოხვიდე, ჟიურის 10 წევრიდან 9 შენი ნაცნობი აღმოჩნდება და არ მინდა, მხოლოდ იმიტომ გავიმარჯვო, რომ ეკა მგალობლიშვილის შვილი ვარ-მეთქი. ერთხელ ეკა ფილარმონიაში კონცერტს უძღვებოდა. მე ერთ-ერთ ანსამბლში ვმღეროდი. საღამოს უკრაინელი სტუმრები ესწრებოდნენ. უკრაინის წარმომადგენელი ანსამბლის ხელმძღვანელთან მივიდა და უთხრა: ამ 50 ბავშვიდან თათული გურეშიძე მომეწონაო. ხელმძღვანელმა უთხრა, რომ კონცერტის წამყვანის შვილი ვიყავი. მთელი ღამე თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან იმიტომ ამირჩიეს, რომ თათული ვიყავი და არა - ეკა მგალობლიშვილის შვილი (იცინის). ზოგადად, თუკი ცნობილი ადამიანის შვილი ცხოვრებაში რაიმე წარმატებას მიაღწევს, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს მშობლის დამსახურებაა.

- როცა კონსულტანტად მუშაობა გადაწყვიტე, ეკას როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა... ისე, მას ბავშვობიდან დირექტორობის ამბიცია აქვს (იღიმის), მე კი ცოტა სხვაგვარი ხასიათი მაქვს. ჩემს უფროსს - სოსო სვიანაძეს ეკა ძალიან კარგად იცნობდა. ისიც იცოდა, რომ მისი კომპანია წარმატებული იყო. დედასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანების გარემოცვაში ვიმუშავებ. ჰოდა, ვინაიდან ბატონი სოსოს საქმიანობის შესახებ იცოდა, სამუშაოდ "ბრმად" გამიშვა. მენეჯერობა იმას ნიშნავს, რომ კონსულტანტებზე ძლიერი უნდა იყო. როცა კომპანიაში მივედი, არავისზე ძლიერი არ ვყოფილვარ - ყველა ჩემზე უკეთესი იყო... მირჩევნია, ყველაფერი ეტაპობრივად გავიარო, რადგან ამ შემთხვევაში, წარმატებას "დამოუკიდებლად მიღწეული" ერქმევა და არა - სხვა რაღაცებით... ბატონი სოსოსგან უამრავი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ. მიხარია, რომ ისეთი ადამიანი ვიპოვე, რომელიც პროფესიულად "მზრდის", მავითარებს...

- შემოსავლის წყარო პირველად ამ კომპანიაში მუშაობისას გაგიჩნდა?

- არა. მანამდე ჰონორარები მქონდა ხოლმე. როცა დედა მის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობას მთხოვდა, ვეუბნებოდი: გადამიხადე და ვიმღერებ-მეთქი (იცინის). კონცერტში მონაწილე სხვა ბავშვებს ჰონორარს უხდიდა და ჩემთვის რატომ არ უნდა გადაეხადა? რა, ცუდად ვმღეროდი? თუ ცუდად ვმღეროდი, მაშინ კონცერტზე საერთოდ არ უნდა გავეყვანე - აი, ასეთი ამბიცია მქონდა.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

- ქუთაისში, სტუდია "ჯა­დოსნურ ჰანგებში" ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით. იმავდროულად, სამეჯლისო და ქართულ ხალხურ ცეკვაზეც დავდიოდი. სიმღერას აუცილებლად გავაგრძელებ. მე და ნინი შერმადინს ქართული ჯარის ჰიმნი გვაქვს ჩაწერილი. ასევე, ქეთი გომართელთან ერთად დუეტს ვასრულებ და კიდევ 1 სოლო სიმღერაც მაქვს...

- მუშაობა გათხოვებამდე დაიწყე?

- არა, გათხოვების შემდეგ. ეკა მიიჩნევს, რომ ჩემი გათხოვება ოჯახის წევრების "ბრალია": სახლში ყველას მიყვანის უფლება მქონდა, მაგრამ ჩემი სადმე გაშვების სულ ეშინოდათ. ერთხელ "ფართიზე", კლუბში ვიყავი და მამამ (ეკას მეუღლემ, რომელსაც მამად მივიჩნევ) მომაკითხა. განა იმის ეშინოდათ, რომ რამეს დავაშავებდი, მაგრამ ფიქრობდნენ, რაიმე ხიფათს არ გადაეყაროსო. მაგალითად, ბავშვობაში, სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით სტუდიაში რომ მივდიოდი, დედა უკან მანქანით მომყვებოდა (იცინის). ის "გიჟი" დედაა და ამას თავადაც აღნიშნავს ხოლმე. როცა ჭორის დონეზე შეიტყო, რომ გათხოვებას ვაპირებდი, ჩემს შეყვარებულს შინ მიაკითხა, მანქანაში ჩაისვა და ჩემ შესახებ ესაუბრა: წაიყვანე, დღესვე გამოვუშვებ, მაგრამ ჩემი შვილი შენ არ გამოგადგება, ამბიციური ბავშვიაო. მაგრამ აი, უკვე 2 წელია, რაც მე და ლევანი ცოლ-ქმარი ვართ.

- მშობლების ასეთი კონტროლის ქვეშ მყოფმა რომანის გაბმა როგორ მოახერხე?

- ეროვნული გამოცდების პერიოდი იყო. ლევანმა დამირეკა, - წამოდიო. ჰოდა, ავდექით და წავედით (იცინის)... 4 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ალბათ, ოჯახის შექმნა ამიტომაც გადავწყვიტეთ: როცა შეყვარებულობა დიდხანს გრძელდება, რომანი დაძმურ ურთიერთობაში გადაიზრდება ხოლმე. ჩვენ ან უნდა დავშორებოდით ერთმანეთს, ან - ოჯახი შეგვექმნა. ჩემს ოჯახში "გაკვრით" იცოდნენ, რომ შეყვარებული მყავდა, მაგრამ რატომღაც, ეს საკითხი სერიოზულად არ მიუღიათ.

- შენ მიერ მუშაობის დაწყების ინიციატივას მეუღლე როგორ შეხვდა?

- ძალიან კარგად! ჩემი მეუღლეც მიიჩნევს, რომ საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა წარვმართოთ.

- რას საქმიანობს?

- ერთ-ერთი სასტუმროს პიარ-მენეჯერი გახლავთ.

- შვილი გყავთ?

- ჯერ არა. ჩემს დას - ტასოს ვზრდი. პრაქტიკას გავივლი და შვილს მერე უკეთ გავზრდი (იცინის).

- საქმესთან დაკავშირებულ რჩევებს ეკას ეკითხები თუ ამ საკითხშიც დამოუკიდებელი ხარ?

- ვცდილობ, დამოუკიდებელი ვიყო, მაგრამ ეკას იმხელა გამოცდილება აქვს, რომ რჩევებს სხვები ეკითხებიან და შვილმა რომ არ ვკითხო, სირცხვილი იქნება. რჩევებს ყოველთვის მაძლევს, მაგრამ თუ ძალიან მიჭირს, მხოლოდ მაშინ ვუჯერებ.

- დედასთან ურთიერთობისას სიჯიუტეს ხშირად იჩენ?

- ასე ადრე უფრო ხშირად ხდებოდა. ბავშვობაში სულ "მიყიდეს" გავიძახოდი. 16 წლისამ დედას ძვირფასი მანქანის ყიდვა მოვთხოვე. მითხრა: თათული, ახლა საჭირო თანხა არ მაქვს, ხომ ხედავ, ტასოც გაჩნდაო და იქვე დასძინა: შვილი როცა გეყოლება, ნახავ, როგორი გრძნობაა, როცა რამეს გთხოვს და ვერ შეუსრულებო. მივუტრიალდი და ვუპასუხე: 16 წელი ისე გამზარდე, "მინდა" დასრულებული არ მქონდა, რომ ყველაფერს მისრულებდი და გინდა, რომ დღეს გადამაკეთო-მეთქი (იცინის)?! ჩემს შვილს ასე ნამდვილად არ გავზრდი. როცა ადამიანს ანებივრებ, ცხადია, ის უფრო მეტს მოგთხოვს. ღვთის წყალობით, ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ, მაგრამ ისეთ ფუფუნებაში არ გავზრდი, როგორშიც დედამ მე გამზარდა.

- განებივრებამ ხასიათის რაიმე უარყოფითი თვისება ხომ არ ჩამოგიყალიბა?

- უარყოფითი თვისება რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ ლიდერობა მიყვარს, თუნდაც - სამეგობროში. კიდევ, ეგოისტი ვარ: მინდა, ყველა მე მეფერებოდეს. თუ ადამიანი მიყვარს, ის კი ყურადღებას არ მაქცევს, ვბრაზდები.

- ბევრი მეგობარი გყავს?

- კი, მაგრამ ყველას დაქალად არ მივიჩნევ.

- პიარ-მენეჯერად მუშაობის დაწყებამდე ეკას შენთვის თავის სააგენტოში მუშაობა არ შემოუთავაზებია?

- ეკასთან არაოფიციალურად ვმუშაობდი - გარკვეულ საკითხებში ვეხმარებოდი.

- მშვენიერი გარეგნობა გაქვს. მოდელობაზე ან თუნდაც, ფოტომოდელობაზე არ გიფიქრია?

- თურმე 3 წლის ვიყავი, როცა საკუთარ სიმღერას ვმღეროდი. ოპერისა და ბალეტის თეატრში, ეკა სილამაზის კონკურსს ატარებდა. დედისთვის მითქვამს: გამიკვანე, ლა, პლინცესობა მეჩ მინდა-მეთქი. როცა მიპასუხა, - არ შეიძლებაო, ვერ მივხვდი - რატომ არ შეიძლებოდა. ჟიურის წევრებს ლამაზ კაბაში გამოწყობილი ლამაზი ბავშვი მოვწონებივარ და როცა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოუცხადებიათ, უთქვამთ: ძალიან გაგვიკვირდა, რომ ის გოგონა, ვინც ეს საღამო სიმღერით გაალამაზა, კონკურსში არ მონაწილეობდა. ამიტომ სპეციალურად მისთვის ნომინაცია - "პრინცესა" გვაქვსო. თურმე, კაბა ავიკეცე (გრძელი, "დიდი" კაბა მცმია), სცენაზე გავვარდი, მიკროფონს ხელი ვტაცე და ვთქვი: დედიკოო, პლინცესა მაინჩ ხომ გავხდი-მეთქი (იცინის)! სამოდელო სფეროში დაჩაგრული ვარ, მაგრამ რომ გითხრა, - მოდელობის დიდი სურვილი მქონდა-მეთქი, მოგატყუებ.

- დაბოლოს, ქალბატონებს რას ურჩევ?

- ქალი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მით უმეტეს - მაშინ, როცა უკ­ვე ოჯახი აქვს. ყველას ვუსურვებ, ისე­თი სამუშაო ეპოვოთ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ფინანსურადაც დამოუკიდებლები გახდებიან.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება