ინტერვიუ პირად თემებზე თამუნა მუსერიძესა და მის საყვარელ მამაკაცთან

ინტერვიუ პირად თემებზე თამუნა მუსერიძესა და მის საყვარელ მამაკაცთან

სულ ცოტა ხნის წინ ტელე-რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე ამბობდა, რომ მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები მის ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა: ლევან დოგრაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოების გასაჯაროების შემდეგ თამუნამ აღიარა, რომ შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს.

ლევანი:

- მე და თამუნამ ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. მაშინ ვერაფრით ვუთხარი ის, რისი თქმაც მსურდა. ერთ დღეს მეგობარს ვთხოვე, - თამუნას სახლთან გამატარე-მეთქი. ავტომობილიდან მოვკარი თვალი, რომ გარეთ იყო. დავურეკე: ახლახან შენს სახლთან გამოვიარე და ხომ ნამდვილად შენ იყავი-მეთქი? - მე ვიყავიო, - მიპასუხა. უკან მივბრუნდი და ყავაზე დავპატიჟე. არ გამომყვა. მერე მის სამსახურში მივედი, ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცანით. იმ დღის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემ გარეშე ერთ დღესაც აღარ გაატარებდა. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და აუღელვებელი ადამიანია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველა კაცს შეუძლია ნებისმიერი ქალის გული დაიპყროს.

- რა ხერხებით?

- აქ არანაირი ხერხი არ არის საჭირო. ყველაფერი ბუნებრივად და ნატურალურად უნდა მოხდეს (იცინის). ქალმა შენში უნდა დაინახოს ჯენტლმენობა და მამაკაცური თვისებები. სუსტი სქესის წარმომადგენელი მამაკაცის გვერდით თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს.

თამუნა:

- როგორ შეიძლება, ლევანის მიმართ გრძნობები არ გაგიჩნდეს?! რაღაც მიზეზების გამო, პირველად მასზე სხვანაირი შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან ყურადღებიანი, თბილი, კეთილი ადამიანია. ცოტა ჯიუტიც არის, მაგრამ ესეც მისი დადებითი თვისება მგონია. მხიარულია და ქართველი ბიჭებისთვის დამახასიათებელი უაზრო "წიკები" არ აქვს. ნუ, ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ...

- უაზრო "წიკებში" რას გულისხმობ?

- არ აქვს ჩაცმასთან დაკავშირებული პრობლემები. იმდენად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ზუსტად იცის: როგორ გამომწვევადაც უნდა ჩავიცვა, ზედმეტს ვერავინ გამიბედავს. თუმცა, არასდროს მაცვია ზედმეტად გამომწვევად. თუ სცენაზე მიწევს გასვლა, მაშინ რაღაცები დასაშვებია. ესმის ისიც, რომ წარმოუდგენლად მძიმე დღის რეჟიმი მაქვს და მაქსიმალურად მხარში მიდგას.

- ლევან, შენი აზრით, რთული არ არის ისეთი ქალის გვერდით ყოფნა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია?

ლევანი:

- რთულსა და საინტერესოს ერთმანეთთან ვაიგივებ. ასე რომ, ამ ურთიერთობას თავიდანვე საინტერესო დავარქვი.

- პროექტის - "ახალი ხმა" მონაწილე ანჩო დოლიძე ამბობს, რომ თამუნამ მას შეყვარებული "აახია". ამაზე რას გვეტყვით?

თამუნა:

- ლევანი კაცია, ჩემამდე უამრავი გოგო ჰყოლია და რამდენთან გაიარა, სულ არ მაინტერესებს. ყველას ყურადღება რომ მივაქციო, კარგად იქნება ჩემი საქმე (იცინის). არც მე და არც ლევანიკო არ ვაპირებდით ინტერვიუს მოცემას და პირადი ცხოვრების გასაჯაროებას, მაგრამ ისეთი მითქმა-მოთქმა ატყდა, რომ ალბათ ჯობდა, ხალხს სიმართლე ჩვენგან გაეგო. ის, რომ ადა­მიანს პოპულარობის მიღწევა უნდა, მესმის და ამაში არავის ვამტყუნებ, მაგრამ ამით სხვა არ უნდა დააზარალოს. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და მერე ამაზე ლაპარაკი კარგს არავის არაფერს მოუტანს.

- სამომავლო გეგმები თუ გაქვთ დასახული?

ლევანი:

- ამ ეტაპზე, გეგმები უფრო მეტად, კარიერული თვალსაზრისით გვაქვს. პირად ცხოვრებაში რაღაცების შეცვლას კი არ ვჩქარობთ. თამუნა ყოველდღიურად მაოცებს და ყოველ ჯერზე ხელახლა მაყვარებს თავს. ასე რომ, არაფრის შეცვლა არ გვჭირდება, ჯერჯერობით მაინც.

თამუნა:

- სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. საჩქარო მართლა არაფერია: არც მე გავრბივარ არსად და არც ლევანი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ნინო აბრამიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება