ყველაზე მნიშვნელოვანი დღე წულაძეების ოჯახში

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე წულაძეების ოჯახში

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ოჯახში უკვე საახალწლო განწყობილება იგრძნობა. დღესასწაულის მოლოდინს, უცხოეთიდან თინათინის ჩამოსვლის სიხარულიც ამძაფრებს. რეჟისორის ოჯახში, საახალწლო სამზადისისას, ყველას თავისი როლი აქვს. "ახალი წელი ჩვენს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რატომღაც ასე დამკვიდრდა", - ამბობს მანანა კოზაკოვა და სამალავებში გადანახულ იმ საჩუქრებს იხსენებს, რომლებმაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანა.

- დაბადების თარიღი...

- ...1969 წლის 4 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ამ პროფესიისადმი ინტერესი იმ ასაკიდან გამიჩნდა, როცა გავაცნობიერე, რომ ყველა ადამიანმა პროფესია უნდა აირჩიოს. არჩევანის გამო არასდროს მინანია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ბევრ რამეს ამბობენ და რომელი გავიხსენო?

- მსმენია, მანანა კარგი მეგობარიაო.

- მადლობა. იმასაც ამბობენ, - სუნამოზე გიჟდებაო. ისე, მართლა ძალიან მიყვარს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ლევანს. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად წინსვლისკენ, განვითარებისკენ მიბიძგებს. მას რომ არ შევხვედროდი, ძნელი სათქმელია, ვიქნებოდი თუ არა წარმატებული.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ შეცდომას არ დავუშვებდი.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ჭკუას ხან ვსწავლობ და ხან - ვერა. სამწუხაროდ, ზოგჯერ შეცდომებს ვიმეორებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ლევანი და კარგი შვილი - თინათინი. მას არდადეგებზე ველოდებით. ახალ წელს ერთად შევხვდებით.

- ჩვევად გვაქვს, ყოველ ახალ წელს...

- ...ერთმანეთს სიურპრიზებს ვუწყობთ. საჩუქრებს ყველანი საგულდაგულოდ ვმალავთ. 12 საათი რომ შესრულდება, სამალავებიდან გამოგვაქვს და დიდი ჟრიამული იწყება.

- საახალწლო საჩუქარი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაოცა...

- ...ლევანისგან ნაჩუქარი საათი და სათვალე იყო. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა და 12 საათზე გამოაჩინა. ახალი წელი ჩვენს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რატომღაც ასე დამკვიდრდა. საახალწლო სამზადისი არანაკლებ სასიამოვნოა. მთელი წლის განმავლობაში ამ დღეზე ვფიქრობ.

- საახალწლო სამზადისი...

- ...გადანაწილებული გვაქვს. კერძების მომზადებაზე მე ვზრუნავ, თინათინი ნაძვის ხეს რთავს, სახლს ალამაზებს. ლევანი მე მეხმარება და მერე ყველაფერს გემრიელად გეახლებათ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს ოპტიმიზმია. მინდა, ბედნიერების განცდა და აღქმა არასდროს დავკარგო. პესიმიზმიც შემომიტევს ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, მოვერიო. ეს ის შემთხვევაა, როცა ლევანი ვერ მეხმარება. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ თავად თუ უშველის. განწყობის თეორიის ძალიან მჯერა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...საკუთარი თავისა და ძალების მიმართ ზედმეტი ურწმუნოებაა.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ეს აუცილებელია.

- როცა მე და ლევანი ერთმანეთს ვებუტებით...

- ....გაინტერესებს, როგორ ვრიგდებით? ძალიან მოჩხუბარი ცოლ-ქმარი არ ვართ. იშვიათად ვკამათობთ და როგორც წესი, ეს უაზრობის, გაუგებრობის გამო ხდება. ჩვენს ცხოვრებში არც დიდი ჩხუბები ყოფილა და არც - შერიგებები. მთავარია, ადამიანმა გამიჯნო, რისი დათმობა შეგიძლია და როდის ვერ წახვალ კომპრომისზე. ეს ცოლ-ქმრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ არის.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ლევანისა და თინათინისგან განსხვავებით, იშვიათად ვტირი. მათ გული ადვილად უჩუყდებათ და თვალები უმალვე უცრემლიანდებათ. ისიც კი არ მახსოვს, ბოლოს როდის ან რის გამო ვიტირე. ეს ადამიანური სიძლიერეა თუ არა? - ვფიქრობ, თავშეკავებულობა უფროა. ზოგჯერ იმ განცდის გამოხატვის მერიდება, რომელიც "შიგნით" მაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს შვილთან ერთად. მე და ლევანს მასთან დიდხანს განშორება არ შეგვიძლია.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...სიყვარულით.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრებაა, ქიმიაა, მეგობრობაა, შეჩვევაა...

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ვხვდები, რომ ადამიანი ქვეყნად ამისთვის იბადება.

- კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...გემოვნებიანი იუმორი. საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც კარგ ხასიათზე მაყენებენ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს. თუ ვინმე საწინააღმდეგოს გეტყვის, იცოდე, გატყუებს და არ დაუჯერო. შექება მსიამოვნებს, მაგრამ ვცდილობ, ამით არ დავტკბე, ხიბლში არ ჩავვარდე.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კინომსახიობი. ე.წ. კასტინგი ჩემი პროფესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შესარჩევ ტურებზე სიარული კი არ მიყვარს, რაც მსახიობისთვის ცუდი თვისებაა. კინოდან რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, ხან მე ვთქვი უარი, ხან - მოლაპარაკება არ შედგა...

- ვიბნევი, როცა...

- ...ყალბ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ტყუილი და სიყალბე ყველაზე მეტად მაღიზიანებს. მსახიობებს ხშირად გვესმის სიტყვები: "თქვენ თამაშობთ". ვინც ასე ფიქრობს, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ თამაში და ცხოვრება ერთმანეთისგან გამიჯნული გვაქვს. ადგილს, სადაც ვთამაშობთ, სცენა ჰქვია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩვენთან სტუმრად რატომ არ მოდიხარო? ბოლო დროს განსაკუთრებით, დაკავებული დღის რეჟიმი მაქვს - თეატრი, სახლი, თეატრი, სახლი და სამწუხაროდ, სხვა რაღაცებისთვის დრო არ მრჩება.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...44 წლის თუ გავხდებოდი. ასაკი ხშირად მავიწყდება.

- რეჟისორი, რომელთან თანამშ­რომლობაზეც ვოცნებობ...

- ...ვუდი ალენთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა კარგად ვერ ვისწავლე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ლევანს საკუთარ თეატრს ვაჩუქებდი და გავახარებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ დავთანხმდები უხამს ფილმში ან სპექტაკლში თამაშზე.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...პოლიტიკაში ჩართვას. არ მიყვარს, როცა არაპროფესიონალები იწყებენ იმ საქმის კეთებას, რომელიც არ იციან.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედისგან ბევრი დარიგება მახსოვს. მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. დედა ერთდროულად, მკაცრიც არის და მე­გობრულიც.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...გიყვარდეთ თეატრი და ხშირად იარეთ სპექტაკლის სანახავად!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება