დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ინსტრუმენტიდან ხატავს

დინი ვირსალაძე პარფიუმერიით ინსტრუმენტიდან ხატავს

ინსტრუმენტიდან პალიტრასთან, ხან პირიქით ხდება. ფაქტია, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ასე, ერთი სფეროდან მეორეზე ინაცვლებს და დროდადრო კონცერტებს გამოფენებით ''ცვლის''...

პიანისტსა და კომპოზიტორ დინი ვირსალაძეს თბილისის საკონცერტო ორკესტრის მორიგ რეპეტიციამდე, დილით კაფეში ვხვდებით. ორკესტრი საგასტროლო სამზადისშია და აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ერთი საათი გვაქვს, ამიტომ მაშინვე მაგიდასთან ვსხდებით. მისი დილა აუცილებლად იწყება ჭიქა ყავითა და მცირე ულუფით. ბავშვობიდან ამ რეჟიმშია, ჯანმრთელობისთვის კარგია და თან, შეეჩვია...

- ქალბატონო დინი, პროფესიით როცა მუშაობ, წლების მერე წარსულს რომ გადახედავ, შეიძლება იფიქრო, ''რომ არა ეს, მე ვიქნებოდი''... როგორ დაასრულებთ ამ ფრაზას?

- რთულია, თავი არამუსიკოსად წარმოვიდგინო, იმდენად ორგანულია მუსიკა ჩემთვის. ეს სპეციალობა არ არის, ჰაერივითაა. იმავდროულად ჩემთან ახლოსაა ფსიქოლოგობა, რომელიც რთული პროფესიაა. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ფსიქოლოგი. ხშირად მეგობრები რომ ვიკრიბებით ან ერთი-ერთში ვსხედვართ, ვცდილობ, მოვუსმინო და მათ პრობლემები შევუმსუბუქო. მიუხედავად ამისა, ამ შეკითხვაზე პასუხი ჩემთვის მაინც ძალიან რთულია, რადგან მუსიკა ჩემთვის ყველაფერია.

- და თქვენთვის ვინ არის ის ადამიანი, ვინც გისმენთ?

- ჩემი და, მშობლები და რამდენიმე ახლო მეგობარი.

- ბავშვობიდან მშობლებთან გახსნილი იყავით?

- არა. საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ ზოგჯერ მაქვს მომენტები, როცა მათთან მთლიანად ვიხსნები.

- შეგიძლიათ უცხო ადამიანთან თქვენთვის მნიშვნელოვან ფაქტზე ან დეტალზე საუბარი?

- არა, საერთოდ ლაპარაკი ნაკლებად, უფრო მეტად მოსმენა მიყვარს. რა თქმა უნდა, არიან ახლობელი ადამიანები, რომელთაც ყველაფერს ვუყვები. უბრალოდ, როცა ვიმყოფები საზოგადოებაში და თვალს ვადევნებ ხალხის ქმედებებს, ვხედავ, როგორ ცდილობენ და მიისწრაფვიან დაასწრონ ერთმანეთს რამის თქმა ან წინ მიიწევენ. მე ყოველთვის ჩუმად ყოფნა მირჩევნია.

- როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი მეგობრებს შორის, რა შეიძლება ითქვას და რა - არა?

- ვფიქრობ, ყველაფრის თქმა არ არის საჭირო, არც ლამაზია, ყველა ადამიანს აქვს თავისი ინტიმური თემები. ადამიანს აქვს უფლება, რაღაც თქვას და რაღაც არ თქვას. ზოგს ამაზე პრეტენზია უჩნდება: ''როგორ, ეს მე არ უნდა მცოდნოდა?!'' ვერ ვხვდები რატომ. ეს უკვე ჩემი უფლებაა, რას ვიტყვი და რას არა. მე, მაგალითად, როცა ჩემს დას რამეს არ ვუყვები, მას ამაზე არავითარი პრეტენზია არ აქვს. ის შეკითხვებს არ მისვამს. ძალიან ვღიზიანდები, როცა ადამიანები, რომლებიც 20 წლის უნახავი გყავს, ქუჩაში გხვდებიან და პირად

თემებზე რაღაცების გარკვევას იწყებენ. როცა მეკითხებიან, ''შენს პირად ცხოვრებაში რამე ხდება?!'' ვიბნევი. ვერ ვეუბნები, შენ ეს უნდა იცოდე?! ვამბობ ისე, როგორც არის, ან მოკლედ, ''გმადლობთ, კარგად'', ან ''რა ვიცი, არაფერი ახალი''. მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები.

- იქნებ, პირდაპირ მიახალოთ, რომ მას არავინ ეკითხება...

- ჩემს სტილში არ არის, რომ ვინმეს რამე მივახალო, თუმცა მივიჩნევ, რომ ზოგი ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. ეს მხოლოდ ჩემთან დაკავშირებით კი არ ხდება, შეიძლება, ჩემს ახლო მეგობარზე რამე მკითხონ და მოითხოვენ პასუხს. შეიძლება, სხვაზე რომ მეკითხებიან, უფრო ვუთხრა, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ცოდნა და განხილვა მათი საქმე არ არის, მაგრამ ჩემზე ასე ვერ ვაკეთებ და ამის თქმა აქამდე ვერ ვისწავლე.

- თქვენ დაიბადეთ იმ ეპოქაში, როცა საბჭოთა კავშირში ჯაზი იკრძალებოდა...

- ჩემს დროს აღარ იკრძალებოდა, მაგრამ მამაჩემისა და ბიძის პერიოდში ასე იყო. ჯაზი მათ შემაყვარეს. ბიძაჩემი, კობა ჯიჯიხია, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ახალგაზრდობაში საქართველოს კალათბურთის ნაკრებში თამაშობდა. ის ძალიან მუსიკალური ადამიანი იყო და ჯაზის ფირფიტების საოცარი კოლექცია ჰქონდა. ხშირად ვიყავი ბებიასთან, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა და მან ბავშვობიდანვე მიმაჩვია კარგი მუსიკის მოსმენას. დედა მუსიკოსია, მამა - ექიმი, მაგრამ ისიც ძალიან მუსიკალური ადამიანია და კარგად უკრავს. უმცროსი და მყავს, კომპოზიტორია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება