რას სთხოვს მასტერი სანტა კლაუსს

რას სთხოვს მასტერი სანტა კლაუსს

რეპერმა - მასტერმა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე - "მეგა" 2 ნომინაციაში: "წლის რეპერი" და "წლის პროდუქტიული შემსრულებელი" გაიმარჯვა. ამან რეპერს კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა და მუშაობა აქტიურად განაგრძო. მან წინასაახალწლოდ სანტა კლაუსსაც "გაურეპა".

"სანტა, ჩემი გოგოს სურათს ვგზავნი ინტერნეტით

და თუ მარტო ვერ "ქაჩავ", მოიხმარე პიტერ პენი,

მე კი ჩემი მხრიდან, დაგახვედრებ ჭაჭას, "ვოდკას",

ნუ იმარტივებ საქმეს, ნუ მთავაზობ "სნეგუროჩკას"...

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვიფიქრე, - სიყვარულში ხელმოცარული მასტერი სანტა კლაუსის იმედად დარჩენილა-მეთქი, მაგრამ ასეც არ ყოფილა საქმე...

- საახალწლო განწყობილება მაქვს. დღეს "ფეისბუკის" ჩემს ოფიციალურ გვერდზე დავწერე: სიცივე მხოლოდ კანზე გეგრძნოთ და არა - გულში-მეთქი... ახალ პროექტებზე მუშაობას განვაგრძობთ. ერთი პერიოდია - დეკემბერი და იანვრის დასაწყისი, როცა შეიძლება, მომღერალს მატერიალური შემოსავალი ჰქონდეს; შემოსავალი კი ისევ და ისევ ჩემი შემოქმედებისთვის მინდა. მე, აბი, მარიკა თხელიძე და თიკა ჯამბურია ერთი "პროდაქშენი" ვართ. ალბათ ახალი წლის დღესასწაულს ერთად შევხვდებით - რომელიმე ქალაქში გამგზავრება მოგვიწევს.

- სანტა კლაუსის არსებობის გჯერა?

- რადგან მასზე ამდენი ადამიანი ლაპარაკობს და ამდენ ბავშვს ახარებს, ე.ი. არსებობს. უბრალოდ, მე სურვილების ახდენას ხშირად არ ვთხოვ, რადგან ჩვენს სამყაროში უამრავი ადამიანია, ვისაც სურვილების ახდენა ჩემზე მეტად სჭირდება (იღიმის).

- ანუ წელს გამონაკლისი დაუშვი და სანტას შენი სურვილები "გაურეპე"?

- 2010 წელსაც "გავრეპე": სანტას მაშინაც ვთხოვე, - იქნებ საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდეს-მეთქი. ახლა ახალ სიმღერას ვწერ. ტექსტში გოგოს მივმართავ: "სანტას ვთხოვ მარტო ერთს, ჩემთან მოგიყვანოს შენ". სანტას კი ვეუბნები: "არაფერი მითხოვია 25 წელი, ერთი გოგო მომიყვანო, არ იქნება ძნელი". ყველაზე დიდ კომპლიმენტად მიმაჩნია, როცა ჩემ შესახებ ამბობენ: ეს ადამიანი მართალს ამბობსო. აი, საახალწლო სიმღერებს რაც შეეხება, სულ ზღაპარივით ვწერ.

- არადა, ვიფიქრე, შენი რჩეულის ვინაობას დაგტყუებდი.

- "ზღაპარივით ვწერ" - ამ სიტყვებში ის ვიგულისხმე, რომ სულ სანტას ველაპარაკები: "თუ მარტო ვერ "ქაჩავ", მოიხმარე პიტერ პენი" და ა.შ. ზღაპრულ გარემოს ვქმნი ხოლმე.

- გვითხარი, - ვისზე მღერი? საახალწლოდ სანტას რომელი გოგონას მოყვანას სთხოვ?

- ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვინც ჩემი მუზაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც მიყვარს. შეიძლება, ვინმემ თქვას: როგორ შეიძლება, 3 სიმღერა გამოუშვა და მათგან ერთი - განშორებაზე იყოს, მეორე - ბედნიერ სიყვარულზეო? სიმღერას რეალური საფუძველი ყოველთვის აქვს, მაგრამ შეიძლება - ის წარსულში მომხდარი იყოს. მაგალითად, ცნობილი სიმღერა - "მოღალატე" რომ "გავსემპლე", ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეკითხებიან - ვიღაცამ გიღალატა? ეგ ამბავი ახლა მოხდაო? არა, უბრალოდ, მუზა მსტუმრობს, თუნდაც - წარსულიდან და ზუსტად იმ განცდაში "შევდივარ"... რა თქმა უნდა, მხატვრულად ვალამაზებ, რომ უფრო კარგად მოსასმენი გამოვიდეს, მაგრამ საფუძველი ყოველთვის სიმართლეა.

- საქართველოში მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე 2 "მეგა" აიღე...

- "წლის პროდუქტიულ მომღერლობას" ყველა ვარიანტში ველოდი. აი, "წლის რეპერი" კი გემოვნების საკითხია და 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვებდი. "მეგა" რაღაც სხვა სტილის დაჯილდოებაა. არც ვიცი, ნომინაციაზე წარდგენილები ვინ იყვნენ, რა კრიტერიუმებით შეაფასეს.

- თავს გრძნობ "წლის რეპერად"?

- კი, ნამდვილად: "იუთუბზე" ჩემი კლიპების ნახვის რაოდენობიდან, გამოხმაურებიდან, რადიოს ჩარტებში ჩემი სიმღერების პოზიციებიდან... "არ დაიდარდოში" მოწინავე პოზიციაზე ვიყავი. ვხუმრობ ხოლმე: მუსიკალური მიმდინარეობა - "ქალაქური რეპი" შევქმენი-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ახლახან მიშკა ზაქარიაძესთან ერთად, ცნობილი სიმღერის - "დავლევ" "რიმეიქი" გავაკეთე.

- "ქალაქური რეპი" ერთგვარი მარკეტინგული გათვლაა თუ ასეთი სიმღერების შექმნის მოთხოვნილება გაქვს?

- ნატო გელაშვილთან დუეტი რეზო კაკულიას იდეა იყო. შოკირებული ვიყავი - ეს სიმღერა როგორ უნდა "გავაკეთოთ"-მეთქი?! ლაშა ღლონტთან მუშაობა "თქვენი შოუს" დაკვეთა გახლდათ. რადგან ამ ორმა გაამართლა, მესამე სიმღერის შექმნა უკვე თავად გადავწყვიტე.

- "წლის პროდუქტიულმა შემსრულებელმა" 2013 წელს ყველაზე პროდუქტიული რა შემოგვთავაზე?

- სიმღერაში - "კაცია ადამიანი" მე - მასტერი მართლა "ვჩანვარ". ინტერნეტში ბევრი "ნახვა" აქვს. დღემდე მწერენ: საუკეთესო სიმღერააო... შემდეგ "არასდროს" გამოვუშვი, რომელიც გეი-აღლუმების, სექსუალური უმცირესობის პროპაგანდისა და პოპულარიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს სიმღერა დიდი განხილვის საგანი გახდა; მერე იყო - "თბილისი ჩიტყ2", რაც ჩემი აზრით, "რევოლუციაა". "თბილისი ჩიტყ1"-მა მაგრად რომ "წაიღო", ვიფიქრე, - მოდი, მეორე ვერსიასაც ჩავწერ-მეთქი. სათქმელი დაგროვდა... სიმღერა ჩავწერე და ძალიან მომეწონა, მაგრამ არ ვიცოდი, კლიპი როგორ უნდა გადამეღო, რადგან მატერიალური პრობლემა შემექმნა. ბიჭებს ვუთხარი, - მოდი, "აიფონით" გადავიღოთ-მეთქი. ამ იდეას ყველა სკეპტიკურად შეხვდა. სხვათა შორის, ოპტიმისტურად განწყობილი მეც არ ვიყავი: არ ვიცოდი, "აიფონით" გადაღებული კლიპი როგორი გამოვიდოდა, როგორ უნდა დამონტაჟებულიყო და ა.შ. მართლა მაგარი ნამუშევარი გამოვიდა! დღემდე არ სჯერათ და მეკითხებიან: მართლა "აიფონით" გადაიღე? კარგი, მე რას მიმალავ, მითხარიო. ამით იმის დამტკიცება მინდოდა, რომ მთავარი ვიზუალური ხარისხი კი არა, გემოვნება, მუსიკალური და ვიდეოხედვა, მონდომებაა. ამ კლიპს მოკლე დროში რეკორდული რაოდენობის "ნახვა" ჰქონდა... ასევე, 2013 წელს კიევში გახლდით და უკრაინელ მომღერალ ლილუსთან ერთად ჩავწერე სიმღერა. 2 ვერსია - ქართული და რუსული "გავაკეთეთ". რუსული - უკრაინულ ტელეარხზე და რადიოში ტრიალებს. ბოლომდე არ მჯეროდა, რომ უკრაინაში ჩავიდოდი და კლიპს გადავიღებდი, მაგრამ ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა "სტაფი" შენზე მუშაობს: თითებზე გრიმი რომ გამიკეთეს, მივხვდი - "სხვაგან" ვიყავი... გარდა ამისა, 2013 წელს ჩემი 10 სიმღერა გამოვიდა, რომელზეც კლიპი არ გადამიღია.

- სექსუალური უმცირესობის პროპაგანდასთან დაკავშირებით, შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორისაც არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. ამის გამო ვინმესთან ურთიერთობა ხომ არ გაგიფუჭდა? ვინმემ ხომ არ "დაგბლოკა"?

- "დაბლოკვას" რაც შეეხება: ტელევიზიების მთავარ შოუებში წინათაც არ გვეპატიჟებოდნენ და განებივრებულები ახლაც არ ვართ. არ დავმალავ: სექსუალური უმცირესობის 2-3 წარმომადგენელი ჩემს სანაცნობოშიც არის. მათ მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს: კლუბში ან სადმე თუ დავინახე, მივალ, ხელს ჩამოვართმევ, მოვიკითხავ... რომ არ მოგატყუო, ძმაკაცობის დონემდე ურთიერთობა ფიზიკურად "არ მიდის". ასეთი ადამიანები არც ჩემში და არც ჩემს საძმაკაცოში აგრესიას არ იწვევენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. უბრალოდ, მე არ მომწონს, როცა სექსუალურ უმცირესობას პროპაგანდას უწევენ. შენთვის რაც გინდა, ის აკეთე, მაგრამ "რუსთაველზე" არ გამოხვიდე, რა. ჩვენი ქვეყანა ამსტერდამი არ არის.

- შენს სიმღერაზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- სხვათა შორის, ერთი-ორმა მხარი დამიჭირა: "იუთუბზე" "ომი" იყო. მე უბრალოდ, ვაკვირდებოდი. სექსუალური უმცირესობის ერთმა წარმომადგენელმა კლიპის მიმართ უარყოფითად განწყობილ "სასტავს" დედა აგინა (იცინის). პოლემიკაში არ შევსულვარ... ჩემი სუბიექტური აზრი გახლავთ, რომ 17 მაისის ლგბტ აქცია სხვა ძალების მიერ იყო დაფინანსებული და საერთოდ, სულ სხვა რამეს ემსახურებოდა, ვიდრე ხალხს ეგონა. ვიღაცები მართლმადიდებლურ ეკლესიას პირდაპირ "ურტყამენ", ებრძვიან და ეს ძალები ლგბტ-ს წარმომადგენლებს აფინანსებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება