მომღერალი გიორგი მახარაშვილი, რომელიც მსმენელმა 2008 წელს "რუსთავი 2-ის" მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარში" მონაწილეობით გაიცნო, დღეს "ახალი ხმის" ყველაზე რეიტინგული კონკურსანტია.
- ძალიან მომწონს ეს პროექტი, პროფესიონალიზმის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაკლია, მაგრამ მწვრთნელები დიდ ყურადღებას მაქცევენ. ეს ჩემთვის დიდი სკოლაა. "ჯეოსტარში" ასე თამამი არ ვიყავი, რადგან პატარა გახლდით. არაფერი გამიკეთებია კონკურენციისა და დამესიჯებისთვის. გულიდან რაც მოდის, იმას ვაკეთებ და მიხარია, ხალხმა ეს რომ დაინახა. "მოონ რივერ" რომ ვიმღერე, იმდენი სიყვარული ვიგრძენი ხალხისგან, დანარჩენს მნიშვნელობა აღარა აქვს.
- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გოგოები გააკრიტიკე, რამ გაგაღიზიანა?
- ძალიან ცუდი სტატუსი მქონდა, ხალხი ასე არ უნდა გამომელანძღა, მაგრამ... ვისაც საერთოდ არ ვიცნობ, მათზე ვიგებ, რომ ვითომ მომწონს, სადმე ვეპატიჟები და უარს მეუბნებიან... ერთ დილით მეგობარმა გამაღვიძა და ვიღაც გოგოზე მითხრა, ამასთან რაღა გინდაო. გავგიჟდი, ვერ მივხვდი, ვისზე ლაპარაკობდა, მერე ფოტოც გამომიგზავნა და უფრო დავიბენი, ამიტომ დავწერე ეს სტატუსი. სხვათა შორის, ბევრმა ისეთმა დაალაიქა, ვისაც ეხებოდა. ალბათ ეს შედეგს გამოიღებს (იცინის).
- შეყვარებული ხარ?
- არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. რომ ვთქვა, შეყვარებული ვარ-მეთქი, აღარ უნდა დამიმესიჯონ და გოგოები დავაფრთხო? (იცინის) ვხუმრობ, რა თქმა უნდა, ახლა არ მყავს შეყვარებული.
- როგორი გოგოები მოგწონს?
- არ მიყვარს გადაპრანჭული გოგოები. დილას რომ გაიღვიძებს და საათობით იკეთებს მაკიაჟს, 50 საყურეს აისხამს, გადაიპრანჭება. ზედმეტი არაფერი მიყვარს, არც გადაპრანჭვა. ბარბის სტილის გოგოები მაღიზიანებენ. გოგომ რომ მომხიბლოს, გულახდილი უნდა იყოს, სიუპრიზების გაკეთება არც მე მიყვარს და არც გოგოების მხრიდან მსიამოვნებს. ხშირად მწერენ, კარგად მღერი, მინდა გაიმარჯვოო. ბევრს შეიძლება რცხვენია კიდეც, რომ მომწეროს. მთავარია, ქალის შეხედვის არ შემეშინდეს.
- ბევრი გოგოა შენს გარშემო, ვისი შეხედვისაც გეშინია?
- არიან ეგეთებიც, მაგრამ მე თავს ვერ მომაწონებენ. უნდა დამიმესიჯონ, თავი რომ მომაწონონ (იცინის).
- თავისუფალ დროს როგორ და ვისთან ატარებ?
- ყველაფერს ვასწრებ, ჩემი ყოველდღიურობა მეგობრებთან ურთიერთობაა. გართობის განსაკუთრებული სტილი არ გვაქვს. ქეიფიც გვიყვარს და დროსტარებაც, მამაპაპური სადღეგრძელოები, თამადობაც მიწევს, სკოლის ბანკეტზე მე ვიყავი თამადა.
- კონცერტებზე ჰონორარის გამო ხშირად ამბობ უარს?
- ბოლო ხანს რამდენიმემ დამირეკა დაახლოებით ასეთი ტონით: შენ მოხვალ, შაბათ-კვირას იმღერებ და ამდენს გადაგიხდით, გაიგე, ბიჭო?.. ასეთ შემთხვევაში რაც არ უნდა გადამიხადონ, არ ვიმღერებ. შეიძლება ათ ლარადაც ვიმღერო, დამოკიდებულებაა მთავარი.
- ვის მიიჩნევ "ახალ ხმაში" შენს კონკურენტად?
- შოთა ადამაშვილთან ერთად რომ ვიდექი აუტსაიდერებში, კონკურენციაზე მაშინაც არ მიფიქრია. უცნაური ხალხი ვართ ქართველები, რომ ვიფიქრო, იმას ბევრი ფული აქვს და ამიტომ მე გავვარდები-მეთქი, ცუდ ხასიათზე დავდგები. ასე რომ, ამაზე არასდროს ვფიქრობ.
- პროექტის ერთ-ერთმა ლიდერმა ანჩო დოლიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, შემდეგ ტურზე ნახევრად შიშველი ვიქნები და თან მაგარ შოუს დავდგამო, შენ როგორ შოუს გვპირდები?
- მაგას რა სჯობია! ანჩო თუ გახდით მაჯობებს, მაჯობოს, არაა პრობლემა. მე არც გავიხდი და ვერც ცეკვას და ხტუნაობას დავიწყებ, მაგრამ შოუს კარგი სიმღერით დავდგამ. ისეთ სიმღერას ვიმღერებ, კონკურსებში ხშირად რომ არ მოუსმენიათ.
- შენი პირდაპირობის გამო კონფლიქტი ხშირად მოგსვლია?
- როგორ არა, ამის გამო ბევრი ვერ მიტანს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ადამიანს, ეს რა გაცვია-მეთქი, ვინც მიძლებს, ჩემი სამეგობროა. თუ გოგოსთან მომივიდა გაუგებრობა, ბოდიშს ვუხდი, ბიჭთან ჩხუბი კი არ მიჭირს. ბიჭი თუ ხარ, თბილისში გიწევს ჩხუბი ხანდახან.
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)