295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 295 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მიხეილ დარჩიაშვილი და ირაკლი გეგეჭკორი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

"მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა. მათი ძალისხმევა ძალზედ დაფასებულია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. ასევე, მინდა მივულოცო მათ ოჯახებს, მათ ახლობლებს ჩვენი ბიჭების შინ მშვიდობით დაბრუნება" , - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა.

გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეთა როტაციით ჩანაცვლებისთვის კიდევ ორი ბატალიონი ემზადება.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს.

ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა. რამდენიმე კვირაში ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე