ვინ ინახავს ნინი წიკლაურის მზითვს

ვინ ინახავს ნინი წიკლაურის მზითვს

მომღერალი ნინი წიკლაური ფიქრობს, რომ პოპულარობა დამსახურებულად მოიპოვა. მიაჩნია, რომ სიმღერაა მთელი მისი ცხოვრება... "დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება, ამ საკითხზე აზრი შევიცვალო", - მითხრა ნინიმ, რომლის გული ჯერჯერობით თავისუფალია.

- მიხარია, რომ წინასაახალწლო დღეებში თქვენი რუბრიკის - "საპატარძლო" სტუმარი ვარ.

- უკვე სადღესასწაულო განწყობა გაქვს, არა?

- ასეა! საერთოდ, ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. დამდეგს ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედით ვეგებები.

- გოგონები, რომლებსაც გათხოვების სურვილი აქვთ, ახალ წელს მაგიდის ქვეშ ხვდებიან. მსგავსი რამ თუ გაგიკეთებია?

- (იცინის) ასეთი რამ არათუ არ გამიკეთებია, არც გამიგონია. დავიჯერო, ეგ მეთოდი ამართლებს? ეს სიმართლე რომ იყოს, მაშინ მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი გასათხოვარი გოგო მაგიდის ქვეშ შეეგებებოდა დამდეგს. ახალი წლის ღამეს მე სხვა ტრადიცია მაქვს: ზუსტად 12 საათზე სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე და ის ყოველთვის მიხდება.

- ტელეეკრანზე ხშირად აღარ ჩანხარ, არც პრესის მკითხველებს ანებივრებ ინტერვიუებით...

- არანორმალური სამუშაო რეჟიმი მაქვს, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. ჩემი ძირითადი სამსახური კულტურის სამინისტროა, სადაც ღონისძიებების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. გარდა ამისა, "გეპეის" ჯაზჯგუფში ვმღერი. კიდევ, რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ. მათ შორის არის კომპოზიტორ გია მაჭარაშვილის ულამაზესი სიმღერა "საღამომდე", რომლის ახლებურ ინტერპრეტაციას ძალიან მალე შემოგთავაზებთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვჩანდი: ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში არ ვიმყოფებოდი. რამდენიმე დღეა, რაც სამშობლოში დავბრუნდი. ამერიკაში ვიყავი, სადაც კარგად დავისვენე და ამაღლებული განწყობით, დიდი ენერგიით საკუთარ საქმიანობას დავუბრუნდი.

- გაგვაცანი შენი ოჯახი, ვისთან ერთად ცხოვრობ?

- ჩემი პატარა და ლამაზი ოჯახი 4 ადამიანისგან შედგება. ესენი არიან: ჩემი დედიკო, ბებია, დაიკო და მე. მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. მოკლედ, ოჯახში მხოლოდ ქალები ვართ.

- ადამიანებს საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირთ ხოლმე, მაგრამ შენ თუ შეგიძლია, საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე გულახდილად გვესაუბრო?

- მეც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც საკუთარ თავზე ლაპარაკი უძნელდებათ. თუმცა შევეცდები, ეს როგორმე შევძლო. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ; იმდენად ემოციური, რომ სრულიად უცხო ადამიანის პრობლემა შეიძლება, გულთან ისე მივიტანო, რომ მთელი ღამე მასზე ნერვიულობაში გავატარო. დამთმობი ხასიათი მაქვს და ძალიან ბევრი რამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ საშინელი გაბრაზება ვიცი.

- წყენას გულში ინახავ თუ მალევე ივიწყებ?

- საერთოდ, წყენას იოლად ვივიწყებ. მქონია ისეთი შემთხვევა, როცა ვიღაცაზე ძალიან გავბრაზებულვარ, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისიც ვერ გამიხსენებია, გაბრაზებული რატომ ვიყავი. გულში შუღლისა და ბოროტების ჩადება არ შემიძლია. ჩემს უარყოფით თვისებად შეიძლება, ის ჩავთვალო, რომ ადამიანებს ადვილად ვენდობი და რატომღაც, ყველა კარგის მსურველი მგონია... თუმცა, ძალიან მალე და მარტივად მეცვლება შეხედულებები ადამიანებზე, მიჭირს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, რაც კარგი თვისება ნამდვილად არ არის. ვარ მხიარული და ოპტიმისტი. ყოველთვის და ნებისმიერი სიტუაციიდან ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო და ხშირად, შედეგიც არ აყოვნებს. მიმაჩნია, რომ კარგი აურის მატარებელი ვარ, რასაც ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ხშირად აღნიშნავენ.

- ახლობლებისგან რომელი თვისების გამო იღებ შენიშვნას?

- გითხარით უკვე, რომ ძალიან მიმნდობი ვარ და შემიძლია, უცხო ადამიანის გაფუჭებული საქმე დავიბრალო, ამის გამო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რაც ბევრჯერ მომხდარა. ჰოდა, მეგობრები ამის გამო მსაყვედურობენ. მეუბნებიან, - ნუ ხარ ყველას ხელის დამფარებელიო (იცინის). ასეთი ვარ და რა ვქნა?! არ ვიცი, როდის შევიცვლები.

- პრინციპული ხარ? ვის ან რის გამო შეიძლება საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- საერთოდ, პრინციპული ვარ. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა - არა. თუმცა, ამ პრინციპებს შეიძლება, ოჯახის ან თუნდაც, ახლობელი ადამიანის გამო ვუღალატო. ყოველთვის ვცდილობ, ჩემ გამო ახლობლებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

- ამაყი ხარ?

- კი, ძალიან ამაყი ვარ. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ისეთი სიტუაციები, როცა სიამაყე გვერდზე გადამიდვია.

- საოჯახო საქმეების მოგვარება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, სახლის დალაგება გამოგდის?

- იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არასოდეს ვარ, საოჯახო საქმეების კეთებას ვერ ვახერხებ. შინ მხოლოდ გვიან ღამით, დასაძინებლად მივდივარ. ამიტომ ვერ დავიკვეხნი, რომ საოჯახო საქმეებით დატვირთული ვარ. თუმცა, როცა დრო მაქვს და რაღაცას ვაკეთებ, ყველა აღნიშნავს: გემრიელ კერძებს ამზადებო (იცინის). ბოლო დროს ერთადერთხელ მომიხდა შინ ადრე დაბრუნება და გადავწყვიტე, მჭადები დამეცხო. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამომივიდა. თან, ყველა ერთი ზომისა და ფერის იყო ანუ ვიზუალურადაც ლამაზი გახლდათ. დედაჩემის მეგობრები ჩემ მიერ გამომცხვარ მჭადებს დღემდე ვერ ივიწყებენ. მოკლედ, რაც გულით მინდა, იმას აუცილებლად გავაკეთებ. ერთი მინუსი მაქვს: ძალიან ცხარე კერძებს ვამზადებ და სადილებს მხოლოდ ამის გამო მიწუნებენ... რაც შეეხება სახლისა და საკუთარი ნივთების დალაგებას, ეს საქმე კარგად გამომდის. გარდერობს ისე ვალაგებ, რომ სულ ზეპირად ვიცი, რომელი მაისურის ქვეშ რომელი დევს. მეგობრები მეხუმრებიან, - დაკეცილ ტანსაცმელს თარაზოთი ასწორებო (იცინის). სხვათა შორის, სახლში ყოფნა და ფუსფუსი ძალიან მიყვარს. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, როცა ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, რაც ჯერჯერობით ნაადრევი მგონია, აუცილებლად, სრულფასოვანი მეუღლე ვიქნები.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- ვინაიდან ჩემს ოჯახში მამაკაცები არ ცხოვრობენ, პერანგების დაუთოების გამოცდილება არ მაქვს და შესაბამისად, ვერ გეტყვი, რომ ზოლს ზოლზე ვაჯენ. თუმცა, ერთხელ მესტიაში ყოფნისას, კონცერტის წინ მეგობარმა მთხოვა, - პერანგი დამიუთოეო. კი ვუთხარი, არასოდეს დამიუთოებია-მეთქი, მაგრამ მაინც მანდო. კარგად გამომივიდა და შემაქო, - შენ თუ პირველ ცდაზე ასე აუთოებ, კი ყოფილხარ გასათხოვარიო (იცინის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ის პირველ რიგში, მართლა მამაკაცი უნდა იყოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მეც და საკუთარი თავიც გააბედნიეროს. აუცილებლად, განათლებული, საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი უნდა იყოს და მასში ყოველდღე რაღაც ახალს უნდა ვხედავდე. პირველ რიგში, ქალის ფასი და მასთან მოქცევა უნდა იცოდეს, აუცილებლად ყურადღებიანი უნდა იყოს.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ზღაპრული ცხოვრების გამო სიყვარულს თმობენ...

- (მაწყვეტინებს) ასეთი საქციელი ამაზრზენია. თუ ადამიანს ვილა კი არა, 2-ოთახიანი ბინა აქვს, ე.ი. აუცილებლად ცუდი ბიჭია? სასაცილოდ არ მყოფნის ზოგიერთი გოგონას ასეთი მდაბიური საქციელი. ჩემთვის მთავარია, მომავალ მეუღლეს მხოლოდ იმდენი ჰქონდეს, რამდენიც მოკრძალებული ოცნებების ასასრულებლად გვეყოფა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები ჰქონდეს, დანარჩენი ღვთის წყალობითა და საკუთარი შრომით მომავალში გექნება. სიყვარულს არ დავთმობ და არ გავცვლი მატერიალურ კეთილდღეობაზე. ბოლოს და ბოლოს, ასეთი სიყვარული მალე დასრულდება: მილიონებიც მოგბეზრდება, ზღაპრული ცხოვრებაც და დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ეს წამიერი ნეტარება არ ღირდა სამუდამო ნეტარებაზე გასაცვლელად. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სიყვარულის გამო მთელი ცხოვრება შავ პურს შეჭამს. რა თქმა უნდა, ორმხრივ სიყვარულს ვგულისხმობ.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა და ოდესმე მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- დიახ, მჯერა. ერთი ნახვით სიყვარული ნამდვილად არსებობს. მიმაჩნია, რომ დრო საერთოდ არ არის საჭირო, რომ ადამიანი შეიყვარო. პირველი დანახვისთანავე გრძნობ, პიროვნების შეყვარებას შეძლებ თუ ვერა.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლია?

- ვფიქრობ, ასეთი თაყვანისმცემელი ყველა ქალს ჰყავს. ამ თვალსაზრისით, არც მე ვარ გამონაკლისი. ალბათ მოვა დრო, როცა ისინი საკუთარი ნებით "გაქრებიან" (იცინის). მათ გამო მთელი ომები გადამიტანია, "ბრძოლოს ველზე" პირველ ხაზზეც ვყოფილვარ და ბევრიც მინერვიულია... ახლა ვცდილობ, ასე ახლოს არავინ მოვუშვა.

- როგორ ქორწილზე ოცნებობ?

- მეც იმ ქალბატონების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც დიდ და გრანდიოზულ ქორწილზე ოცნებობენ. ძალიან მინდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ყველა ჩემმა მეგობარმა და კეთილისმსურველმა გაიზიაროს. აქედან გამომდინარე, უკვე ვიცი, რომ გრანდიოზული ქორწილი მექნება. სურვილი მაქვს, რომ ჩემმა კოლეგებმა ქორწილში მინი-კონცერტი მომიწყონ.

- საყვარელ ადამიანთან ერთად თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- მომავალ მეუღლესთან ერთად, ვფიქრობ, სულ თაფლობის თვე მექნება... ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთად ყოფნის დროს სიმყუდროვე არავინ დაგვირღვიოს. ეს ალბათ სადმე ქვიშიან სანაპიროზე იქნება (იცინის).

- ოჯახის წევრები მზითევს თუ გიგროვებენ?

- ჩემს ოჯახში ეს ტრადიცია დღემდე აქტუალურია. ბებიაჩემი თითქმის ყოველდღე რაღაც ნივთებზე მეუბნება, ეს შენი მზითვიაო. საერთოდ, საოჯახო ნივთების შეძენა ძალიან მიყვარს, ამ ყველაფერს კი ბებია საგულდაგულოდ ინახავს. ჩემს გათხოვებას ელოდება და მერე ალბათ ახალ ოჯახში მომიტანს.

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, როგორ მოიქცევი?

- მის ამ გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივად მივიღებ. სხვათა შორის, არ მიყვარს მარტოობა და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას მივესალმები. თუ ჩემი მომავალი მეუღლე მეყვარება, მის მშობლებსაც პატივს ვცემ და დავაფასებ.

- დედამთილს "დედას" დაუძახებ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი, ამას წინასწარ ვერ განვჭვრეტ. თუ ის ადამიანი ისე იზრუნებს ჩემზე, როგორც საკუთარი დედა ზრუნავს, დიდი შანსია, რომ დედამთილს "დედა" დავუძახო.

- ნიშნობის ბეჭედი მოგწონს?

- საერთოდ, სამკაულები არ მიყვარს, ამიტომ ასეთ რაღაცებში ნაკლებად ვერკვევი. თუმცა ნიშნობის ბეჭედს აუცილებლად გავიკეთებ და ყოველდღიურადაც ვატარებ. ოღონდ, თანამედროვე სტილის ბეჭედს მივანიჭებ უპირატესობას.

- ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ - ოჯახი ან კარიერა, რომელს აირჩევ?

- ასეთი არჩევანის წინაშე თუ დავდექი, ძალიან დავითრგუნები. მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მაინც მომიწევს, აუცილებლად ოჯახს ავირჩევ. თუმცა, ჩემმა მომავალმა მეუღლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სიმღერაა ჩემი ცხოვრება და თუ ამას ამიკრძალავენ, მაშინ გამიძნელდება, თავი ლაღად და ბედნიერად ვიგრძნო.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება