სასოფლო პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ 50-200%-ით გაძვირდა

სასოფლო პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ 50-200%-ით გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაახლოებით 200-300%-ით გაძვირდა კარტოფილი, 1,5-2 ლარით მოიმატა ფასმა მწვანილზე, 50%-ით გაძვირდა ლობიო, ერთი კილოგრამი ყველის ფასი 6-7 ლარიდან 8-10 ლარამდე გაიზარდა.

ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას, ერთი მხრივ, სეზონურობას, მეორე მხრივ კი, პრდოუქციის დეფიციტს უკავშირებენ. მათი აზრით, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო მაღალი ფასები მხოლოდ ახალ წლამდე შენარჩუნდება, იანვრიდან კი ისევ შემცირდება.

100-150%-ით გაძვირდა ყვავილოვანი კომბოსტო. ერთი თვის წინ 1 კგ კომბოსტო 70-80 თეთრი ღირდა, დღეს მისი შეძენა 1,80 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია.

მკვეთრად მომატებულია ფასი რძის პროდუქტებზეც. კერძოდ, 1 ლიტრი რძე ბაზარში უკვე 2,5 ლარი ღირს, ერთი თვის წინ მხოლოდ 2 ლარი ღირდა. ერთი კილოგრამი ყველი ნაცვლად 6-7 ლარისა, ახლა 8-10 ლარი ღირს. 4-5- თეთრით მოიმატა ქარხნული კვერცხის ფასმა, ხოლო სოფლის კვერცხი ლამისაა 50 თეთრს გასცდეს.

ხილის არც ერთი სახეობა არ ღირს ერთ ლარზე ნაკლები. 1 კილოგრამი ვაშლის ფასი 2 ლარიდან 3,5 ლარამდეა მაშინ, როცა ერთი თვის წინათ ვაშლის ფასი 1,5 ლარს არ აჭარბებდა.

თბილისის ანალოგიურად ფასებმა მოიმატა რეგიონებშიც. მაგალითად, გურიაში განსაკუთრებით გაძვირდა კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, ლობიო, მწვანილი. კერძოდ, თუ კარტოფილი 80 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი ორ ლარამდეა. ბადრიჯანის ფასმა 4 ლარს მიაღწია. სოკოც გაძვირდა და თევზიც - თითქმის 1 ლარით.

სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ფასებზე გარკვეული გავლენა ლარის კურსის ცვლილებამ მოახდინა. ამასთან, იმპორტირებული ნაწარმის შემთხვევაში, საერთაშორისო გავლენაც შეიმჩნევა. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების პროდუქტს, ეკონომიკის ექსპერტების თქმით, გაძვირება სეზონმაც განაპირობა.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე პროდუქტებზე ფასების მატებას, ერთი მხრივ, სეზონურობას, მეორე მხრივ კი, პროდუქციის დეფიციტს უკავშირებს. მისი აზრით, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, მაღალი ფასები მხოლოდ ახალ წლამდე შენარჩუნდება, იანვრიდან კი ისევ შემცირდება.

"ფასების ზრდას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, შესაძლოა, დადებითი შედეგიც კი ჰქონდეს, მაგრამ მინიმალური მაჩვენებლით. ამ პროცესისგან დიდ სარგებელს არ უნდა ველოდოთ. ძალიან უარყოფითი ფაქტორია ის, რომ საკვების გაძვირება ცუდად იმოქმედებს ღარიბ მოსახლეობაზე და ძალიან დააზარალებს მათ. განსაკუთრებით, თვალშისაცემია ეს, როდესაც ხდება ფართო მოხმარების სურსათის გაძვირება. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, შავი ხიზილალა ათიათასჯერაც რომ გაძვირდეს, ღარიბი მოსახლეობის ჯიბეს ამით არაფერი დააკლდება. ყოველდღიური მოხმარების საქონლის მცირედით გაძვირებაც კი სოციალურად გაჭირვებულ ფენას დიდ დარტყმას მიაყენებს.

რაც შეეხება ლარის კურსს, ისე არ დაცემულა, რომ პროდუქტის გაძვირებაზე ასეთი გავლენა მოეხდინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე კვების პროდუქტების გაძვირება ლარის კურსის ზრდასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ფასების ცვლილება უფრო დიდია, ვიდრე ლარის კურსის პროცენტული ვარდნა. ამ ყველაფერს სხვა მიზეზი აქვს და უფრო სეზონურობას და საახალწლო სამზადისს უკავშირდება. შეიძლება მიზეზი იყოს დეფიციტიც, რადგან ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოების წილი წლების განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

გამორიცხული არ არის, რომ უკვე იანვრიდან სამომხმარებლო ბაზარზე ფასების კლება დაიწყოს. "მოსახლეობის მყიდველუნარიანობა შემცირებულია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში უმუშევართა დასაქმების ტემპი არ შეცვლილა. სხვადასხვა პროდუქტებზე ფასი რაც მეტად გაიზრდება ან შენარჩუნდება, შესაბამისად, მომხმარებლის მყიდველობითი უნარი უფრო დაეცემა. ამიტომ, დიდი ალბათობით ახალი წლის შემდეგ ფასები ისევ შემცირდება", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ასევე დაგაინტერესებთ:

"რაც სამარხვოა და მიწაზე მოდის, ყველაფერი გაძვირდა" - ფოტორეპორტაჟი აგრარული ბაზრიდან

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ