წლის ქართველი მომღერლები და რა მოხდა დაჯილდოების შემდეგ კულისებში

წლის ქართველი მომღერლები და რა მოხდა დაჯილდოების შემდეგ კულისებში

ცოტა ხნის წინ "რადიო საქართველომ" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წლის დაჯილდოება - "ოქროს ტალღა" ჩაატარა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში ახალი წლის ღამეს გავა. დაჯილდოებაზე სულ 16 ნომინაცია იყო წარდგენილი, რომელიც ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს იმ რეიტიგებზე, ესემესებსა და ინტერნეტ-ლაიქებზე დაყრდნობით გადაეცათ, რომელიც რადიოკომპანიის ოთხივე რადიოში ამა თუ იმ მუსიკალური ნამუშევრის გაჟღერების შემდეგ კეთდება...

მუშაობდა ასევე ჟიურიც, რომელმაც რეიტინგული სიმღერებიდან და მომღერლებიდან ყველაზე რეიტინგულები გამოავლინეს და ნომინაციებიც შესაბამისად განაწილდა. ”წლის მომღერალი ქალი” ლელა წურწუმია გახდა, ”წლის მომღერალი მამაკაცი” - სტეფანე მღებრიშვილი, რასაც ზოგიერთი მუსიკოსის უკმაყოფილება და განაწყენება მოჰყვა. ამის გამო იყო რამდენიმე სკანდალური სიტუაციაც. ერთ-ერთმა სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა - ფოლკლორისტი დათო კენჭიაშვილი სტეფანე მღებრიშვილისთვის ”წლის საუკეთესო მამაკაცი მომღერლის” ნომინაციაში წარდგენამ გაღიზიანაა... თუმცა თქვეს, რომ მომღერალი მაია ბარათაშვილიც განაწყენდა, რადგანაც არც ერთი ნომინაცია არ ერგოო.

ვითარების გასარკვევად, "ამბები.გე" მაია ბარათაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო მაია, "ოქროს ტალღის" დაჯილდოების ცერემონია როგორც შევიტყვეთ, განაწყენებულს დაგიტოვებიათ, ასეა?

- პრიზსა თუ ჯილდოს ზოგჯერ ერთს გადასცემენ და ზოჯერ - მეორეს. ამაში არანაირი პრობლემა არ არის. მე საღამო განაწყენებულმა კი არ დავტოვე, უბრალოდ, იქიდან იმის გამო წამოვედი, რომ კიდევ სხვაგან ვიყავი მისასვლელი, საქმე მქონდა. "ოქროს ტალღა" ორდღიანი ღონისძიება იყო - პირველ დღეს იქ გახლდით, მეორე დღესაც ნახევარ გადაღებაზე დავრჩი, "წითელი ხალიჩა" იყო მოწყობილი და მთხოვეს, მივსულიყავი. მერე კი, პრინციპში, ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა და იქაურობა დავტოვე, რადგანაც სხვები მოვიდნენ და დარბაზიც შეავსეს...

- ანუ ის, რომ აღნიშნული დაჯილდოების გამო განაწყენებული ხართ, სიმართლეს არ შეეფერება?

- როგორ და რაზე უნდა გავნაწყენდე? ხალხს ვუყვარვარ და ჩემი სიმღერები "ფორტუნაზე" ჟღერს... ის 5 ნომინაცია, რაც იყო, 5 კაცზე განაწილდა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალეს. პირველ დღეს ბევრი მომღერალი იყო, ვიმღერეთ, ტელევიზიამ ჩაიწერა (ამ ყველაფერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მშვენიერი ორგანიზება გაუკეთა), მეორე დღესაც მივედი, მაგრამ გვიანობამდე იმის გამო ვერ დავრჩი, რადგანაც ვიმეორებ, საქმე მქონდა, სხვაგანც ვიყავი მისასვლელი. ის კი არა, ბევრი მუსიკოსი მეორე დღეს საერთოდ ვერ მივიდა...

საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგად ვიმღერო, ნამუშევარი კარგად ჩავიწერო და ჩემი ნამღერი ხარისხიანი იყოს! დანარჩენი რა გითხრათ, ცხოვრებაში იმდენი პრიზი და ჯილდო მაქვს მიღებული, რომ... ერთხელ "მონტე კარლოში" საუკეთესო მომღერალი ქალი გახლდით. წელს კი აქ ასე გადაწყდა... გამიხარდა, რომ სოფო გელოვანსა და ნოდიკო ტატიშვილს "საუკეთესო დუეტის" ნომინაცია გადასცეს, ასევე გამიხარდა, რომ ჯგუფმა "შინ" "საუკეთესო ალბომის" ნომინაცია დაიმსახურა. მათთან ერთად, საახალწლოდ, ბათუმში კონცერტი გვექნება. სიმღერებს ვიწერ, ვმუშაობ და არავისზე ვარ ნაწყენი.

დავუკავშირდით მომღერალ დათო კენჭიაშვილსაც:

- დათო, "ფეისბუკშიც" წერდით და ჩვენამდეც მოაღწია ინფორმაციამ, რომ დაჯილდოება "ოქროს ტალღაზე" განაწყენდით, რადგანაც არანაირი ნომინაცია არ გარგუნეს.

- არავისზე არ გავნაწყენდი, საიდან მოიტანეთ? არასწორი ინფორმაცია გაქვთ.

- როგორ? "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თქვენ გიწერიათ, "წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი, ჩვენს პატრონს".

- რაზე მელაპარაკებით?

- არც "რეიტინგი.გე"-ს არ ესაუბრეთ ამ საკითხზე "ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ?"

- ვერ ვხვდები, რა კომენტარს მთხოვთ...

მოკლედ, კენჭიაშვილმა ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მოისურვა. მოგვიანებით რადიო "არ დაიდარდოს" პროდიუსერს, გიორგი მშვენიერაძესაც დავუკავშირდით (ეს ის რადიოა, სადაც უმეტესად დათოს სიმღერები ჟღერს).

- მართალია, რომ დათო კენჭიაშვილი "ოქროს ტალღის" ცერემონიაზე  განაწყენდა? თან ისე, რომ თავისი სიმღერების წაღებასაც აპირებდა თქვენი რადიოდან?

- ესე იგი, ამ ინფორმაციამ პრესის ყურამდე მაინც მიაღწია? ჰო, ეგ ერთდღიანი გაუგებრობა იყო. აღსანიშნავი და გასავრცელებელი მგონი, არ არის. დათოს თავისი მოსაზრება ჰქონდა ჩვენი დაჯილდოების ცერემონიაზე. არც ერთ ნომინაციაში რომ არ აღმოჩნდა, ეწყინა, გაბრაზდა და ვიღაცებზე რაღაცები თქვა. მერე მალე მიხვდა, რომ არ ღირდა... ჩვენ იმდენი ხნის მეგობრობა, ურთიერთობა გვაქვს, რომ ის ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაყრილიყო. ცხელ გულზე თავისი მოსაზრება გამოთქვა და ეგ იყო...

- დაჯილდოება რის მიხედვით მოხდა და როგორ გამოვლინდა ის 16 ნომინანტი?

- ოთხივე რადიოში შემოსული ესემესების, ინტერნეტში ნახვებისა და ლაიქების მიხედვით... მოკლედ, ბევრი რაღაცის ჯამი შეიკრიბა. ამას დაერთო 30-კაციანი ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაც...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება