როგორ ახასიათებს "ახალი ხმის" რეიტინგული მონაწილე დათო ფორჩხიძეს

როგორ ახასიათებს "ახალი ხმის" რეიტინგული მონაწილე დათო ფორჩხიძეს

მარიამ პავლიაშვილი 21 წლის დამწყები მომღერალია, რომელიც დღეს "ახალი ხმის" მეორე ''ლაივშოუს'' ესემესლიდერია. ის დათო ფორჩხიძის გუნდის წევრია, მაგრამ მისთვის "ახალი ხმა" პირველი კონკურსი სულაც არ არის, რადგანაც მარიამი 2011 წლის "ჯეოსტარისა" და მანამდე "ნუცას სკოლის" მონაწილეა...

- მარიამ, რითი განსხვავდება "ახალი ხმა" წინამორბედი პროექტისგან, რომელშიც მონაწილეობდი?

- ეს ორი სხვადსხვანაირი კონკურსია. "ჯეოსტარი" სხვა რაღაცით იყო საინტერესო, "ახალი ხმა" - სხვა რაღაცით. ამ ბოლო პროექტის ფორმატი განსაკუთრებულად მომწონს. "ჯეოსტარი" კი იმით მომწონდა, რომ დიდ დარბაზში, უამრავი ხალხი ესწრებოდა ხოლმე. მაშინ დიდი გამოცდილება მივიღე. თან, საკმაოდ პატარაც ვიყავი. ხომ ვამბობ, იმ კონკურსმა სერიოზული გამოცდილება მომცა. ადამიანებმა, რომლებიც მაშინ გავიცანი, ბევრი რამ შემძინეს. "ახალ ხმაშიც" ახალ და სხვა გამოცდილებას ვიღებ და ვაგროვებ. კვლავაც მოხარული ვარ იმ ადამიანების გაცნობით, ვისაც ამ პროექტში შევხვდი. ამასთან, მწვრთნელთან მუშაობაც მსიამოვნებს.

- მოგწონს დათო ფორჩხიძე, როგორც მწვრთნელი? ამ სეზონზე რა შანსი აქვს მას. როგორ ფიქრობ, მისი კონკურსანტი შოუს ისევ მოიგებს? აქვე შენს შანსებზეც გვესაუბრე...

- დათო, როგორც მწვრთნელი, მეგობრული და ნიჭიერი ადამიანია. ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ გვინდა, ანუ როგორ გვსურს საზოგადოების წინაშე წარდგომა, მაგრამ დირექტივებსაც იძლევა და თან, ძალიან საინტერესო დირექტივებს. არ უყვარს, როცა შეცდომებს ვუშვებთ. ამაზე აუცილებლად რეაგირებს.

- მკაცრია?

- ზომიერად მკაცრია, ისეთი, უმეტესად სიყვარულს რომ გამოხატავს... ყოველთვის რაღაცას გასწავლის არა მარტო მუსიკაში, არამედ ცხოვრებაშიც. რაც შეეხება დათოს შანსებს, ამას წინასწარ ვერ გათვლი, მისი შანსები ზუსტად იმდენი და ისეთია, რამდენიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების. იმასაც გააჩნია, როგორ ვიბრძოლებთ და ამოცანას თავს როგორ გავართმევთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

- თუმცა II ”ლაივშოუს” ესემეს ლიდერი ხარ... მგონი, ფინალისტობის შანსი გაქვს...

- შანსი მაქვს, რადგანაც ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, თან, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება ძალიან მჭირდება. თუმცა ვნახოთ, რა იქნება.

- პროექტის მიღმა რას საქმიანობ? რითი ხარ დაკავებული?

- კავკასიის მედიასკოლაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ მომავალში ჟურნალისტობას არ ვაპირებ. გადავწყვიტე, ის მეკეთებინა, რაც მიყვარს და ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ აკადემიაში ჩავაბარე და იქ სწავლისთვის ახლა დაფინანსებას ვეძებ.

- კონკურენტებს როგორი განწყობა გაქვთ?

- ობიექტურად და სუბიექტურადაც რომ ვიმსჯელოთ, ყველაზე მაგარი გუნდი მე მყავს, ჩემი თანაგუნდელები ადამიანებიც მაგრები არიან და მუსიკალურადაც ძლიერები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად მღერის, მაინც საკუთარ ამბიციას იმის უფლებას არ აძლევენ, რომ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება შეგვეცვალოს. ყველანი ძალიან მეგობრულები ვართ და ერთმანეთი გვიყვარს. სხვა გუნდებში რა ხდება, არ ვიცი, რადგანაც ყველასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს.

- მარიამ, ამ პროექტით რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?..

- ქუჩაში ადამიანები მცნობენ, ყურადღებას მაქცევენ, რაც ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ყურადღებას ჩემ მიმართ უცხო ადამიანები იჩენენ. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ინტერნეტით თბილ წერილებს მწერენ, კომპლიმენტებით მავსებენ, რითაც ბედნიერი ვარ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება