ვინ უღალატა "ლაივშოუზე" გიორგი მახარაშვილს

ვინ უღალატა "ლაივშოუზე" გიორგი მახარაშვილს

"გიორგი მახარაშვილს ქართველი მაყურებელი "ჯეოსტარის" კონკურსიდან იცნობს. მართალია მას 2008 წელს აღნიშნულ პროექტში არ გაუმარჯვია, მაგრამ მასში მონაწილოებით თავი ბევრს დაამახსოვრა.

წელს "ახალ ხმაში" გამოჩნდა და "ბრმა ქასთინგის" შემდეგ დათო ფორჩხიძის გუნდში მოხვდა. შემდეგ კი გიორგი თავის ჯგუფში მაია დარსმელიძემ მოიტაცა.

ორი დღის წინ მას "ახალი ხმის" დატოვება მოუწია. ამ ფაქტმა გული სერიოზულად დასწყვიტა.

- გიორგი, "ჯეოსტარიდან" "ახალ ხმამდე" მუსიკალურად რას საქმიანობდი?

- განსაკუთრებულად არაფერს... თავიდან ბარში ვმღეროდი, მერე ეს სიტუაცია აღარ მომეწონა და ბარში სიმღერას თავი დავანებე. ძირითად სახლში ვმუშაობდი, პედაგოგთანაც არ მივლია, არასდროს მიყვარდა მასწავლებლები... თან, შინ მუსიკოსები მყავს - დედა და და, ძირითადად მათი გაზრდილი ვარ. მოკლედ, 2008 წლიდან "ახალ ხმამდე" ბევრი არც არაფერი მიკეთებია.

- რა პროფესია გაქვს?

- ქართულ-ევროპულ აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ...

- ამ პროექტში რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?

- თავის გამოცდაც მინდოდა და პროექტის ფორმატიც ძალიან მომწონდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა...

- ისე, იმ დღეს, რა დღესაც პროექტი დატოვე, საკმაოდ კარგი გამოსვლა გქონდა. როგორ ფიქრობ, რა მოხდა, რატომ ვერ გადახვედი შემდეგ ეტაპზე?

- საერთოდ, ისეთი ტიპი ვარ, რომ არასდროს ვიტყვი, - მე უკეთ ვიმღერე, ვიდრე სხვამ-მეთქი. უბრალოდ ვიცი, რომ მართლა კარგად ვიმღერე... საკუთარი თავის საუკეთესო შემფასებელი ვარ. გული მაგრად მწყდება, რომ მსმენელმა უკვე ორჯერ მიღალატა.

- ისე, მწვრთნელებმა ორჯერ გადაგარჩინეს...

- პირველად დათომ გამიშვა რინგიდან და მერე მაიამ ამიყვანა, მაგრამ ახლა გამიშვა. მოკლედ, პროექტი დავტოვე...

- მაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მაგ ლაივშოუს შემდეგ წერდა: "ორივე ლაივზე ჩემი გუნდიდან "სმს" ლიდერები იყვნენ თიკო და გიორგი... ზუსტად ეს ორი უნდა მყოლოდა შემდეგ ეტაპზე. ფაქტი ისაა, რომ ორი ლიდერიდან ხალხმა ვერ შემინარჩუნა ვერც ერთი და ორივე ჩემი გადასარჩენი გახდა. ორივეს კი ვერ გადავარჩენდი...

საერთოდ დამეკარგა ინტერესი, აწი მივყვები ინერციით. დაე, გაიმარჯვოს იმან, ვისი ღირსიცაა ბრძენი ქართველი მაყურებელი".

ერთ პროექტში ორ მწვრთნელთან მოგიწია მუშაობამ. მოდი, მათზეც გვესაუბრე...

- დათოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვძმაკაცობთ, მაგრამ მიღალატა, მერე მაიასთან დავიწყე ძმაკაცობა და ახლა მაიამ მიღალატა...

რაც შეეხება ორივეს, - დიდი დამსახურება აქვთ, მათთან ერთად ამ პროექტში ბევრი რამ გავიარე, ვისწავლე და შევიძინე...

ახლა ისეთ "მუღამში" ვარ, ისე მოვიმართე, რომ ვფიქრობ, აღარ გავჩერდები, უნდა ვიმუშავო.

- შენს კონკურენტებზე რას იტყვი?

- კარგი ის იყო, რომ ყოველი ჩვენი გამოსვლა ნამდვილ კონცერტს ჰგავდა. მით უმეტეს, ბოლო ლაივშოუზე ყველას ძლიერი ნომერი ჰქონდა, მაგარი კონცერტი გამოვიდა. რაც შეეხება იმას, ვისთვის ვიყავი კონკურენტი და ვისთვის არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი. კონკურსანტებთან, როგორც კონკურენტებთან ისე ნამდვილად არ ვურთიერთობდი. ასე რომ მეფიქრა, შეიძლება, ჩემი თავისთვის რამე გამეფუჭებინა.

- როგორ გგონია, გამარჯვების შანსი ყველაზე მეტად ვის აქვს?

- გუშინწინ ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ვერაფერს ვიტყვი...

ლალი ფაცია

სპეციალური "ამბები.გე"-სთსვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება