მარლენ დიტრიხი - "ოსკარზე" ნომინირებული პირველი გერმანელი ქალი

მარლენ დიტრიხი - "ოსკარზე" ნომინირებული პირველი გერმანელი ქალი

1901 წლის 27 დეკემბერს ცნობილი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი დაიბადა. იგი დიდების მწვერვალზე საკუთარი თავის "ახლიდან აღმოჩენის" ოსტატობის წყალობით დარჩა.

1920 -იან წლებში ის ბერლინში მუშაობდა -  თამაშობდა თეატრალურ დადგმებში და მუნჯ კინოში. მის ვარსკვლავურ როლად იქცა ლოლა-ლოლა  შტერნბერგის (Josef von Sternberg) "ცისფერ ანგელოზში".  ამ როლის შემდეგ ის ცნობილი გახდა და კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ Paramount Pictures-თან.  ისეთმა სურათებმა, როგორიცაა შანჰაის ექსპრესი (Shanghai Express) და სურვილი (Desire) დიტრიხის გლამურული იმიჯისთვის ბევრი რამ გააკეთა - ის გახდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. 1930 წელს შტერნბერგმა ის გარი კუპერთან ერთად გადაიღო ფილმში Morocco. ფილმში შესრულებული როლისთვის დიტრიხი "ოსკარზე" იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო არ მიუღია.  ამით ის გახდა პირველი გერმანელი ქალი, რომელიც "ოსკარზე"  წარადგინეს.

დიტრიხი 1939  წელს ამერიკის მოქალაქეობას იღებს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მას გამოსვლა არ შეუწყვეტია. დიტრიხი ცნობილი იყო მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო და იმ დროინდელი გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკას გმობდა. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა, მათ შორის "ლილი მარლენი", რომლის მოტივი ომის ხაზგასმული სიძულვილია. ამავე დროს ის მონაწილეობს მიუზიკლებში ამერიკელი ჯარისკაცების გასართობად. ის მოკავშირეთა ჯარებისთვის ფრონტის წინა ხაზზე ალჟირსა და გერმანიაში მღეროდა.  

1950-70 იან წლებში მსახიობი  გასტროლით მსოფლიოს გარშემო იმყოფებოდა და კაბარეში გამოდიოდა. ყველაფერი შეიცვალა  1975 წლის 29 სექტემბრის შემდეგ -  სიდნეიში, მსახიობი სცენიდან გადმოვარდა და დაცემის შედეგად ბარძაყი მოიტეხა, რის შედეგადაც მას კარიერის დასრულება მოუწია.

ერთი წლის შემდეგ კი მისი ქმარი რუდოლფ სიბერი კიბოთი  გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი მეუღლე ერთად მხოლოდ ქორწინების პირველი 5 წელი ცხოვრობდნენ, წყვილი არ განქორწინებულა.  მისი ერთადერთი ქალიშვილი, მარია სიბერი (გათხოვების შემდეგ - მარია რივა), 1924 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. როცა მარია რივას ვაჟი ეყოლა 1948 წელს, დიტრიხს "მსოფლიოს ყველაზე თვალისმომჭრელი ბებია" შეარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ დიტრიხმა ერთხელ იქორწინა და ქმარს არ გაშორებია, მას სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა გერმანელ მწერალ ერიხ მარია რემარკთან და ფრანგ მსახიობ ჟან გაბენთან. ამერიკელ მწერალ ერნესტ ჰემინგუეისთან მას მრავალწლიანი მიმოწერა ჰქონდა, რომელიც დიტრიხის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. დიტრიხს რამდენიმე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ქალებთანაც: მწერალი და პეოტი მერსედეს დე აკოსტა, მსახიობები კლოდეტ კოლბერი, მეი უესტი, ჯოან კროუფორდი და გრეტა გარბო სხვადასხვა დროს მისი საყვარლები იყვნენ.

1979 წელს მარლენ დიტრიხი უკანასკნელად გამოჩდა კინოში დევიდ ბოუვისთან ერთად  ფილმში - Just a Gigolo.

მსახიობი ალკოჰოლზე და ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებული გახდა. ის თავის პარიზულ სახლში 12 Avenue Montaigne -ზე ჩაიკეტა და იქ ცხოვრების უკანასკნელი 11 წელი საწოლზე მიჯაჭვულმა გაატარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის გარესამყაროს წერილებისა და ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა. 1992 წლის 6 მაისს მარლენ დიტრიხი თირკმლის უკმარისობისგან 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გთავაზობთ დიტრიხის ციტატებს:

კაცებზე - მას შემდეგ, რაც თქვენ მამაკაცს აპატიებთ, არ ღირს მისი ცოდვების გაღვივება საუზმის დროს.

კინოზე - მე არასდროს მომწონდა კინოში გადაღება.

გლამური - ეს არის ის, რასაც მე ვყიდი, ის ჩემი top seller-ია.

მე არ ვარ მსახიობი - მე ვარ პიროვნება.

თაყვანისმცემლებზე - ლათინოამერიკელები დიდი ენთუზიასტები არიან. ბრაზილიაში ისინი გიძღვნიან ყვავილებს, ხოლო არგენტინაში საკუთარ სიცოცხლეს.

საროსკიპოებზე - ქვეყანა საროსკიპოების გარეშე იგივეა, რაც სახლი სააბაზანოს გარეშე.

რჩევა ქალებს: მამაკაცს ურჩევნია დაბრუნდეს მოუწესრიგებელ სახლში ბედნიერ ქალთან, ვიდრე პირიქით.

სტილზე - მე, არა ჩემთვის, არა პუბლიკისთვის, არა მოდისთვის, არა მამაკაცებისთვის, არამედ მხოლოდ ჩემი იმიჯისთვის ვიცვამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია  spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება