ნიკა ლაზარიაშვილი: "სტეფანეს ბრმად ვენდობი"

ნიკა ლაზარიაშვილი: "სტეფანეს ბრმად ვენდობი"

ბავშვობიდან მღერის, თავიდან ხალხური სიმღერა იზიდავდა... ამჟამად "ახალი ხმის" იმედისმომცემი კონკურსანტია. სტეფანეს ძალიან მოსწონს. ამასთან,  SMS ლიდერიც არის.

-  რას ნიშნავს შენთვის სტეფანეს გუნდში ბრძოლა?

ნიკა ლაზარიაშვილი:

-  ჩემთვის ეს უპირველესად დიდი პრაქტიკაა. ასეთი მასშტაბურ პროექტში პირველად ვმონაწილეობ, რითაც დიდ გამოცდილებას ვიღებ. ვისწავლე კამერებთან მუშაობა, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და მათთან ურთიერთობასაც შევეჩვიე, - მოკლედ, ბევრი რამ ვნახე... ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს შოუ მოვიგო...

-  შოუს მოიგებ?

-  რადგან სტეფანე ამბობს, ე.ი. მაქვს მოგების შანსი. ამ პროექტში იმიტომ მოვედი, რომ მინდოდა, ადამიანებისთვის საკუთარი თავი წარმედგინა, გამომეცადა და მენახა, რამდენად შევძლებდი ნდობის გამართლებას. ამ ყველაფერში კი ჩემი პედაგოგი, ქალბატონი მზია მაცაბერიძე დამეხმარა. მასთან სამი წელი დავდიოდი და ვმეცადინეობდი.

-  ბავშვობიდან მღერი?

-  კი, თავიდან ქართულ ფოლკლორს ვმღეროდი. მზიამ კი "გადმომაესტრადა" და ასეთ დონეზე ამიყვანა, როგორზეც ახლა ვარ. რომ არა ეს ქალბატონი, ასეთი ნამდვილად არ ვიქნებოდი. თავიდან მეგონა, ასე ვერ გარდავიქმნებოდი და თან, ''ხალხურებს'' მერე ვეღარ ვიმღერებდი... მაგრამ პირიქით მოხდა.

მოკლედ, ჩემი ცხოვრება ზოგადად სიმღერაა და ახლა რასაც ვაკეთებ, ისიც მსიამოვნებს. ბავშვობიდან ვმღერი და ბოლო დროს მივხვდი, რომ სიმღერაში რაღაც სხვანაირ ტექნიკას დავეუფლე...

-  ე.ი. ხალხურ სიმღერებს ისევ მღერი?

-  ახალი ტექნიკის დაუფლების შემდეგ, ხალხურებს იმაზე უკეთ ვმღერი, ვიდრე ვმღეროდი...

-  ასე რომ,  ამ სფეროში მუშაობას სერიოზულად აპირებ, არა?

- კი, მინდა, რომ მუშაობა გავაგრძელო. თუ გავიმარჯვე, რა თქმა უნდა, მეტი შანსები მექნება. ვნახოთ.

-  ისე, საქართველოში მუსიკალური მიმართულებით წინსვლა ძნელია. დიდი დიდი მუსიკოსი ბარში თუ იმღერებს...

-  კი, გეთანხმებით, მაგრამ გააჩნია როგორ ბარში. თუ ნორმალური ანაზღაურებაა, მაშინ კარგია... ისე, კი დიდ ესტრადაზე ფეხის მოკიდება ყველაზე მაგარია...

-  კონკურენტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

-  სცენაზე, რა თქმა უნდა, ყველა ჩემი კონკურენტია, სცენის მიღმა მეგობრები ვართ. ყველასთან ვერ ვიმეგობრებ, მაგრამ უმეტესობასთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. მიმაჩნია, რომ წელს კარგი ნაკადია.

-  როგორი მასწავლებელია შენი მწვრთნელი სტეფანე?

-  პროფესიონალია და მას უბრალოდ უნდა ენდო! სტეფანეს ბრმად ვენდობი... ასე რომ, ვნახოთ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება