რომელ სპექტაკლში შეხვდებიან ერთმანეთს ჯემალ ღაღანიძე და მისი შვილიშვილი

რომელ სპექტაკლში შეხვდებიან ერთმანეთს ჯემალ ღაღანიძე და მისი შვილიშვილი

30 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩავთვლით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე საახალწლო პრემიერაა - მარკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი", რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა. ალბათ, ყველას გსმენიათ ამ ამბის შესახებ - ქუჩის მაწანწალა და ინგლისის უფლისწული შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს და ადგილებს გაცვლიან. სპექტაკლში უფლისწულის როლს დათუნა გოცირიძე განასახიერებს, მაწანწალას - სანდრო მიკუჩაძე- ღაღანიძე, ხოლო ჯემალ ღაღანიძე მამამისი "ხდება".

მოგეხსენებათ, რომ ბაბუა- შვილიშვილი ერთად ცხოვრობს და საერთო საქმე აკავშირებთ. 2010 წელს სანდრო 21 წლის იყო, როცა რუსთაველის თეატრში მისი დებიუტი შედგა სპექტაკლში "ვარსკვლავბიჭუნა". რაც შეეხება ბატონ ჯემალს, ის 1956 წლიდან ირიცხება რუსთაველის თეატრის დასში. ახალი სპექტაკლის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ მორიგი რეპეტიციის წინ, თეატრის შენობაში შევხვდით.

ჯემალი:

- თითქმის 58 წელია, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. ამ წლების განმავ-ლობაში 100-მდე როლი მაქვს შესრულებული. ძირითადად უარყოფით როლებს მათამაშებენ ხოლმე და ახლაც, ჩემი კარიერის ბოლოს, ასეთივე პერსონაჟის განსახიერება მიწევს. თუმცა იმედი არ გადამიწურია და არ ვამბობ, რომ ჩემს კარიერას ახლა დავამთავრებ (იღიმის). მე ვთამაშობ სანდროს მამის როლს, ძალიან უარყოფითი ტიპია, მათხოვარი, ლოთი, აუტანელი პიროვნება. ამ სპექტაკლს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გამორჩეულია იმ ფაქტის გამო, რომ მე და სანდრო პირველად ვთამაშობთ ერთ სპექტაკლში. სხვათა შორის, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ალბათ, იშვიათად მომხდარა, რომ ბაბუა და შვილიშვილი ერთად მდგარიყვნენ სცენაზე.

ვერ დავამტკიცებ, მაგრამ თეატრის ისტორიას თვალი რომ გადავავლე, ვერ ვიპოვე ანალოგიური შემთხვევა. შეიძლება გამომრჩა... ასეთი რამ შეიძლება, საღარაძეების შემთხვევაში მომხდარიყო. გიორგი საღარაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ, შემდეგ - გურამი და მისი შვილიც. უბრალოდ, ვერ დავაზუსტე, ბაბუა და შვილიშვილს თუ მოუწიათ ერთ სპექტაკლში თამაშმა. ამ მხრივ მე ბედნიერი კაცი ვარ და მიხარია, რომ ასეთი ტანდემი შედგა.

სანდრო:

- პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ბაბუასთან ერთად სცენაზე დგომა. ეს ენით აუწერელი გრძნობაა. რაც შეეხება პიესას და ჩემს როლს, ის საკმაოდ ცნობილია, განსაკუთრებით პოპულარულია მოზარდებს შორის. ჩემი პერსონაჟი - ტომი - მათხოვარია, ცოტა ამბიციური ბიჭია, რომელიც თავს მეფეს უწოდებს. ჩემი პერსონაჟი და პრინცი, რომლის როლს დათუნა გოცირიძე თამაშობს, ერთმანეთს ადგილებს უცლიან... შინაარსს ნამდვილად არ მოვყვები, უბრალოდ გეტყვით, რომ საინტერესო სპექტაკლი იქნება. ძალიან განვითარებული ახალი თაობა მოდის. მათ, მოზარდებისთვის განკუთვნილი, თუმცა საკმაოდ ფილოსოფიურ-პოლიტიკური ნაწარმოების აღქმა არ გაუჭირდებათ.

- ბატონო ჯემალ, როცა სანდრო თეატრში მოვიდა, ამბობდა, ბაბუა ძალიან ნერვიულობს, როცა სცენაზე ვდგავარო. ახლაც ასე ხართ, თუ ღელვა ჩაცხრა?

- იგივე განცდა მაქვს. თან, ახლა შეიძლება, უფრო მეტად ვღელავ, როცა ერთად ვდგავართ სცენაზე და პარტნიორები ვართ.

სანდრო:

- მაპატიეთ, შეგაწყვეტინებთ, თუ შეიძლება, მე გეტყვით. ბაბუა ყველაზე მეტად იმას განიცდის და ნერვიულობს, როგორ მოვალთ თეატრში. სახლიდანვე იწყებს ღელვას: ადექი, გაიღვიძე, წასვლის დროა.

ჯემალი:

- თანამედროვე ცხოვრება, კომპიუტერთან ჯდომა და ამათი ასაკი ხომ მოგეხსენებათ, როგორიცაა?!

- და ამას ვერ ეგუებით, რადგან თქვენ ყოველთვის მოწესრიგებულად და დროულად ცხადდებით რეპეტიციებზე...

- დიახ, მაგრამ მგონი, თავისკენ გადამიბირა (იღიმის). სახლიდან ერთად გამოვდივართ, მანქანით უნდა წამოვიდეთ, ამიტომ ძალაუნებურად ვღელავ და დილის 8 საათზე ვიწყებ, გაიღვიძე, სანდრო, გაიღვიძე, ადექი, ადექი... 10 საათზე ხომ მაინც უნდა ადგეს, რომ თეატრში 11-ზე ვიყოთ?! ამ დროს სანდრო 8 საათზე იძინებს და წარმოუდგენელია, 2 საათი ძილი ეყოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება