ელენე კალანდაძე: ყველაფერს მოვწყდები, დავისვენებ და ამოვისუნთქავ

ელენე კალანდაძე: ყველაფერს მოვწყდები, დავისვენებ და ამოვისუნთქავ

თავდაუზოგავი შრომით, ეფექტური სასცენო ნომრებითა და რაც მთავარია, მაყურებლების მხარდაჭერით პროექტში - "ერთი ერთში" ელენე კალანდაძემ გაიმარჯვა და 40 ათასი ლარიც მიიღო. მეორე ადგილზე მომღერალი დავით გომართელი გავიდა, მესამეზე - ანრი ჯოხაძე, მეოთხე საპატიო ადგილი კი მეგაშოუს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს, ნუცა ბუზალაძეს ხვდა წილად.

ნომინაციაში - "ერთი ერთში ლოტოტრონის მსხვერპლი" ელენეს მიერ განსახიერებულმა "აჩიკო მეფარიძემ" პირველობა არავის დაუთმო. თავად ელენეც ღიმილით აღნიშნავს, რომ მისი როლი ვერ მოირგო. ნომინაციაში - "ერთი ერთში გრიმი" მონსერატ კაბალიედ გარდასახვისათვის ანრი ჯოხაძემ გაიმარჯვა. ანრიმ პროექტის ბულგარელი მეგობრები - ნიჭიერი გრიმიორები სცენაზე მოიწვია...

მაყურებლების მხარდაჭერით გაბედნიერებული და გულაჩუყებული ელენე 31 დეკემბერს ბაქოში გაემგზავრა, სადაც საახალწლო კონცერტში მონაწილეობდა. მან თავის ბენდთან ერთად 2-საათიანი საკონცერტო პროგრამა წარადგინა. პროექტის - "ერთი ერთში" შედეგების გარკვევამდე, ელენე იმედოვნებდა, რომ საზღვარგარეთ გამარჯვებულის სტატუსით გაემგზავრებოდა.

პროექტში მონაწილეობის გარდა, ნიჭიერი შემსრულებელი საკუთარ დიდ წარმატებად თავის სტუდიას - "თინ ქლაბს" მიიჩნევს, რომელიც მეგობრებთან ერთად, შარშან დააარსა. "14 იანვარს "თინ ქლაბის" ბავშვებთან ერთად, გრანდიოზული კონცერტის გამართვას ვგეგმავ, მანამდე კი, ცოტა ხნით ყველაფერს მოვწყდები, დავისვენებ და ამოვისუნთქავ", - გვითხრა ელენემ...

- ვნერვიულობდი, რადგან მსურდა, ბოლომდე მებრძოლა. უპირველეს ყოვლისა, არ მინდოდა, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის იმედი გამეცრუებინა. ძირითადად, "ფეისბუკზე" მეგობრებს ვთხოვდი, გვერდით დამდგომოდნენ, რადგან ჩემი ბედი მათ ხელში იყო - პროექტის გამარჯვებული "ესემესების" რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ფინალში რა მოხდებოდა, პროექტში გატარებულ 2 თვეს ჩემთვის წარმატებულად მივიჩნევდი. ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება... ფინალამდე ვერ ვისვენებდი, ვნერვიულობდი, ეიფორიაში ვიყავი.

- ელენე, პროექტში რა მიზნით ჩაერთე? გამარჯვების ამბიცია გქონდა?

- რა თქმა უნდა, ამბიცია მქონდა! საკუთარ თავს უფლებას არ მივცემდი, ისეთ რამეს შევჭიდებოდი, რაშიც მეცოდინებოდა, რომ არ გამიმართლებდა. არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც ადამიანმა ნამდვილად იცი, თან - "ხუთიანზე". მართლა მინდოდა, საკუთარი შესაძლებლობები ყველასთვის მეჩვენებინა. მიხარია, რომ პროექტ "ერთი ერთში" ჩემი თითქმის ყველა გამოსვლა წარმატებული იყო. რომ არ მოგატყუო, საკუთარ თავს ფინალში თავიდანვე ვხედავდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ოთხეული ვიქნებოდით, რადგან რამდენიმე ტურის განმავლობაში ტოპ-ოთხეულში სულ მე, ანრი, ნუცა და დათო ვიყავით. მინდა, სამივეს დიდი წარმატება ვუსურვო. თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ, შემიყვარდნენ, დავახლოვდით. ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე - სხვა რამ.

- პროექტის განმავლობაში ბევრი ეფექტური გამოსვლა გქონდა. ფინალში დაიანა როსი რატომ განასახიერე?

- ეს მონაწილეების გადასაწყვეტი არ იყო. ვფიქრობ, დაიანა როსი იმიტომ შემირჩიეს, რომ გარეგნულადაც და ხმის ტემბრითაც "ერთი ერთში" განვასახიერე. თან, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერა, "ცოცხალი" და დადებითი ნომერი გახლდათ.

- ფინალისტებიდან ყველაზე ძლი­ერ მეტოქედ ვის მიიჩნევდი?

- სამივე ძლიერი მეტოქე იყო, მათ არაჩვეულებრივი მონაცემები აქვთ. თუმცა, ჩემი რჩეული ნუცა ბუზალაძე გახლავთ. ეს ბავშვი ძალიან მომწონს. მინდა, საქართველო ასახელოს. რაც უფრო მეტი მისნაირი ახალგაზრდა გვეყოლება, მით უკეთესია. ნუცას დიდი მომავალი აქვს! დანარჩენებსაც - ჩემს უფროს კოლეგებსაც წარმატებას ვუსურვებ!

- ფინალამდე კონკურსანტებს შორის დაძაბულობა არ იგრძნობოდა?

- დაძაბულობა ყოველთვის იგრძნობოდა, რადგან ყველას მიზანი მაინც, გამარჯვება იყო.

- უკვე იცი, მოგებულ თანხას რაში დახარჯავ?

- რამდენიმე რაღაც არის, რისი გაკეთებაც მინდა. მერე "დავლაგდები". ბოლო 1 კვირაა, "არეული" ვარ.

- გულშემატკივრებს რას ეტყვი?

- მინდა, მათ მთელი სულითა და გულით, დიდი მადლობა გადავუხადო. ეკრანს რომ შევხედე და ხმების პროცენტული რაოდენობა დავინახე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი! სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ეს ხალხისგან მიღებული "ესემესები", ხალხის სიყვარული იყო, რასაც ვერასოდეს იყიდი. როცა ამდენი გულშემატკივარი გყავს, ეს უზარმაზარი ბედნიერებაა. ყველას ვუსურვებ, ეს გრძნობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს. ძალიან ბედნიერი ვარ, სიხარულის ცრემლები მომდის...

ფინალის წინ დავით გომართელმა გაგვიმხილა, - ახლა უფრო მობილიზებული ვარ, ვიდრე - სხვადასხვა ტურის დროსო:

- ალბათ, როგორც ყველა ფინალისტი, მეც გამარჯვებისკენ მივისწრაფვოდი. ამ პროექტში ჩემი ჩართვის ერთ-ერთი მიზანი გამარჯვება იყო, ძირითადი კი - ის, რომ მაყურებლებს სხვა ამპლუაში ვენახე. კმაყოფილი ვარ. მგონი, ჩემი მისია კარგად შევასრულე. პროექტში მონაწილეობის განმავლობაში, როცა თაყვანისმცემლები მხვდებოდნენ, მეუბნებოდნენ: როგორც მომღერალი, კი გვიყვარდი, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად დაგინახეთ და თქვენი შემოქმედების მიმართ ჩვენი პატივისცემა გაორმაგდაო.

- თქვენთვის ყველაზე რთული რომელი გარდასახვა იყო?

- ქალად გარდასახვა ძნელი აღმოჩნდა. ასე რომ, ბარბრა სტრეიზანდის და ნინო ჩხეიძის როლის შესრულება ძალიან გამიჭირდა, უფრო მეტად - მაინც ბარბარასი: უფრო მეტი მაკიაჟი და ტექნიკური საკითხის მოგვარება დაგვჭირდა, რაც "როლიკებზე" სრიალს და თან, ცეკვას გულისხმობდა. სხვათა შორის, ქორეოგრაფებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამას შევძლებდი. თავდაპირველად ამბობდნენ: - იქნებ "როლიკები" ხელში დაიჭირო და ისე იმღეროო? ამაზე სასტიკი უარი განვაცხადე, - სცენაზე მხოლოდ "როლიკებითა" და სიმღერით გავალ-მეთქი, რაც შევასრულე კიდეც. მგონი, ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი იყო.

- მაგრამ ფინალში მაინც სხვა ნომერი წარადგინეთ.

- ბარბრა სტრეიზანდი მაინც ძნელი შესასრულებელია, საფინალო არ არის. ჩემი აზრით, საიმიჯო ნომერი იყო - იმისათვის, რომ ხალხს ჩემი შესაძლებლობები ენახა. ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახლდათ და ცხადია, მაყურებლებს დღემდე ახსოვთ...

ერთი შეხედვით მხიარულ "ტალღაზე" მყოფმა ანრი ჯოხაძემ ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, "გაოცებულმა" მითხრა:

- ფინალია უკვე? ამაღლებული განწყობილება მაქვს, როგორც ჭრიჭინას... ვნერვიულობდი, მაგრამ 2 ნაჭერი ნამცხვარი ვიყიდე და ნერვიულობამ გამიარა. მთელი პროექტი 2 "ნაპოლეონში" გავცვალე... გითხრა, ფინალში პრინცის ნომერი რატომ შევარჩიე? ბევრი გრიმი და წვალება არ სჭირდებოდა.

ნუცა ბუზალაძე:

- ფინალში გადასვლით დიდი პასუხისმგებლობა ვიგ­რძენი და საკუთარ თავზე მუშაობა გაორმაგებული ენერგიით დავიწყე. მინდოდა, "ლაივზე" მაყურებლებს ღირსეულ ფინალისტად დავენახე. ვერ ვიტყვი, - კონკურსანტებს გამარჯვების თანაბარი შანსები გვქონდა-მეთქი. ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ და ასეთი პროექტის ფინალში მოხვედრა ჩემთვის უკვე გამარჯვებაა. ხალხი სხვა კონკურსანტებს უფრო მეტად იცნობდა, ვიდრე - მე. მთავარია, ამ პროექტით ხალხმა გამიცნო და შემიყვარა. ვინც მიცნობს, ყველა მეუბნებოდა, - გიმესიჯებო, მაგრამ ფინალზე რა მოხდებოდა, მართლა არ ვიცოდი. ვფიქრობდი, - ანრი ჯოხაძე და დავით გომართელი "ვარსკვლავები" არიან და "ესემესების" რაოდენობით "გადამასწრებენ"-მეთქი. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავდი, რომ ქართველ ხალხს შანსი ჩემთვისაც მოეცა. იმის წარმოდგენაც მიჭირდა, რომ შეიძლებოდა, პროექტის გამარჯვებული გავმხდარიყავი. ეს ჩემთვის დიდი შოკი იქნებოდა. ნებისმიერი კონკურსანტის გამარჯვება საკუთარივით გამიხარდება. მთელი ცხოვრება ამ ადამიანების გულშემატკივარი ვიქნები, რადგან ყველა ძალიან შემიყვარდა...

ელენე კო­ლე­ლიშ­ვილი, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი:

- პირადად მე, პროექტით ძალზე კმაყოფილი ვარ. მონაწილეები მთელი 10 კვირა თავდადებულად შრომობდნენ, საქმეს ყველა სერიოზულად ეკიდებოდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმეც და პირადი ცხოვრება ჰქონდათ, თავიდან ბოლომდე პროექტში იყვნენ ჩართულები. ფინალი მთლიანად მაყურებელზე გახლდათ დამოკიდებული... როცა ახალი ტელევიზია ასეთი დიდი პროექტის განხორციელებას იწყებს, ეს ცოტა საშიში და სარისკოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროექტმა გაამართლა: ისეთი კარგი გამოხმაურება ჰქონდა, რომ სტიმულს გვაძლევს - ტელემაყურებლებს მეორე სეზონიც შევთავაზოთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება