თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახური პორტრეტი

თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახური პორტრეტი

მახსოვს, სკოლაში ნაწარმოების განხილვისას პერსონაჟთა შეპირისპირებით დახასიათებას გვაწერინებდნენ ხოლმე. რუსთაველის თეატრის მსახიობების - ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახურ წყვილთან ინტერვიუსას სწორედ ამ ხერხის გამოყენება დამჭირდა, რადგან დაიჩივლეს, იმდენჯერ დაიწერა, უხერხულიც კი არის მკითხველს კვლავ ჩვენი პირველი შეხვედრისა და გაცნობის ამბავს მოვუყვეთო. უხერხულად რომ არ ეგრძნოთ თავი, დასაწყისშივე მათ ერთადერთ და ულამაზეს ქალიშვილზე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტ 21 წლის ლიზაზე (ელისაბედზე) ჩამოვუგდე ლაპარაკი. ლიზა გარეგნობით ძალიან ჰგავს დედას, მაგრამ ხასიათებით არ ვიცნობდი, ამიტომ მის მშობლებთან სწორედ ზემოთ ნახსენები შეპირისპირებითი დახასიათებით შევეცადე, საოჯახო პორტრეტის - ოჯახის თითოეული წევრის თვისებების, ჩვევებისა და თუნდაც, სიყვარულის წარმოჩენას, ხოლო თუ როგორი პორტრეტი გამოგვივიდა საოჯახო ინტერიერში, თავად განსაჯეთ.

თემიკო:

- მეამაყება, რომ ლიზა თავმდაბალი გოგონაა, ხანდახან - ზედმეტად თავმდაბალი (ისევე, როგორც მე). ამ თვისებას ლიზას ღირსებად მივიჩნევ. ნამდვილად მირჩევნია, ასეთი იყოს, ვიდრე ზედმეტად ქედმაღლობდეს.

ნინო:

- თემიკო, მე არ ვარ თავმდაბალი?

თემიკო:

- კი, როგორ არ ხარ. ისე არ გამომივიდეს, თითქოს ვამბობ: აუ, მე რა თავმდაბალი ვარ და კარგი ტიპი ვარ-მეთქი. უბრალოდ, ასე გაგვზარდეს მეც და ნინოც, არც ჩვენს ოჯახებში ყვიროდნენ, - ეს რა მაგარი რაღაც გავაკეთეთო და არც ჩვენ ვიყვირებთ, - ეს რა შევქმენით-თქო. სხვა რამეს ვგულისხმობ. ლიზა უფრო ჩუმია, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს... ასე მგონია, ამით მე მგავს და ძალიანაც მომწონს. გარეგნობით კი დედას ჰგავს და საერთო - სალაპარაკო და საჭორაოც დედასთან უფრო მეტი აქვს. ბევრ რამეში არც ვერევი. მასზე ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ ვიმჩნევ (იღიმის).

ნინო:

- ურჩევნია, ლიზასთან მაგალითად, ფეხბურთზე, ფილმებზე, მუსიკაზე ილაპარაკოს...

თემიკო:

- მართალია, მას ფეხბურთი ჩემსავით არ უყვარს, მაგრამ მაინც ვლაპარაკობთ. ვეკითხები, რომელ მუსიკას უსმენს და იმასაც ვუამბობ, თავად რას ვუსმენდი. მე ჩემსას ვასმენინებ, ის - თავისას. ბევრ რამეს ვუწუნებ, ის კი ამას ხანდახან ირონიით უყურებს. მეც ხომ ასეთი ვიყავი მის ასაკში? უფრო მეტიც, მე უფრო ვუპირისპირდებოდი მშობლებს, ვიდრე ლიზა - ჩვენ.

ნინო:

- იცი, რატომ გვაქვს ნაკლები კონფლიქტი? - ჩვენ მისთვის მშობლებიც ვართ და მეგობრებიც. არაჩვეულებრივად ერთობა ჩვენთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად. ასეთი კომუნიკაბელურობით, ვფიქრობ, მამამისს უფრო მეტად ჰგავს. ძალიან ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს. თემიკოც ასეთია: მგონი, მთელ მსოფლიოს იცნობს (იცინის). მე უფრო შებოჭილი ვიყავი. სხვათა შორის, ძალიან დამჯერი შვილი გახლდით და ასეთია ლიზაც, ოღონდ - მე დედაჩემივით "მიმწოლი" ნამდვილად არ ვარ. ლიზას მხოლოდ მსუბუქ შენიშვნას ან რჩევას ვაძლევ, შედეგზე კი მირჩევნია, თვითონ აგოს პასუხი. მინდა, ძლიერი იყოს. ლიზაში ყველა ის თვისება მომწონს, რაც მგონია, რომ მე არ მაქვს... მეამაყება, რომ ძალიან ლამაზი გოგოა. შეიძლება, მეც მგავს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემზე უკეთესია.

- შეყვარებული ლიზა თქვენსავით რომანტიკულია?

- რასაკვირველია, რომანტიკულია, თან - ემოციური და მეოცნებეც გახლავთ. ალბათ მეც ასეთი ვიყავი. პრაგმატული არასდროს ვყოფილვარ. სპონტანური უფრო ვარ - შეიძლება, წამში ავყვე რაღაცას ან პირიქით - ძალიან გავჯიქდე.

- შენგან და თემიკოსგან ცალ-ცალკე აღებულ ინტერვიუებს რომ ვკითხულობდი, აღმოვაჩინე, რომ ორივეს "ტომ სოიერის თავგადასავალი" გყვარებიათ, მაგრამ საყვარელი გმირი ჰეკლბერი ფინი ყოფილა.

- სულ ვოცნებობდი, ჰეკლბერი ფინი ვყოფილიყავი. თემიკო (გაოცებით), შენც ფინი გიყვარდა? ეს რატომ არ ვიცოდი?

თემიკო:

- ტომ სოიერი ძალიან კარგი ტიპი იყო, მაგრამ მაინც უფრო დალაგებული ჩანდა, ჰეკლბერი ფინი კი - თავისუფლების მოყვარული, ნამდვილი მეამბოხე.

ნინო:

- წარმოგიდგენია, 22 წელიწადი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ თემიკოსაც ჰეკლბერი ფინი ჰყვარებია (იცინის)!

- კიდევ გაქვთ საერთო - ორივეს განსაკუთრებით გიყვართ სერგეი ესე­ნინი.

(ერთხმად მეთანხმებიან და გაოცებით უყურებენ ერთმანეთს. - ავტ.)

თემიკო:

- სხვათა შორის, შეყვარებულობის პერიოდში განსაკუთრებით გეხმარება მაღალი რანგის პოეზია, მით უფრო - ესენინისნაირი, "ბუნტარული"... ალბათ მეც დამეხმარა. ყოველ შემთხვევაში, თანამდევი მუდამ იყო. თუმცა მე მაინც მორიდებული ვიყავი მაშინ, ახალგაზრდა ასაკში. არადა, ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ზოგჯერ უფრო მეტი სითამამე და გამბედაობა, მეტი სიგიჟის ჩადენაც ჯობდა. ხანდახან რაღაცებს რომ აფერხებ შენში და ძირითადად, ფიქრში ახორციელებ, ეს თითქოს გაკომპლექსებს. ჩემი მორიდებულობა შიგადაშიგ ნაფიქრალის ამოთქმის საშუალებას არ მაძლევდა. თუმცა, მაინც მოვახერხე, რომ ნინო ჩემს სიყვარულში დამერწმუნებინა (იცინის). სხვათა შორის, გრძნობების გადმოსაცემად მაშინ წერილებიც იწერებოდა... ნინოსთან არ მახსოვს, წერილი გამეგზავნა...

ნინო:

- აბა, ვისთან გახსოვს (იცინის)?.. მე კი მახსოვს ერთი ამბავი (თემიკოს მიუბრუნდა: თუ გინდა, არ მოვყვებიო. მეუღლის დასტურის შემდეგ კი განაგრძობს. - ავტ.). იმ პერიოდში სოლოვიოვის ფილმი "ასა" იყო მოდური. ერთ დილით, სახლის კარი რომ გავაღე, დავინახე, მთელ კედელზე ეწერა: "პრივეტ ოტ ბანანანა". "ასას" პერსონაჟს ერქვა ბანანანა და სიმღერაც იყო ბანანანაზე. რასაკვირველია, მივხვდი, თემიკოს დაწერილი იყო და ძალიანაც მეამა.

- თემიკო, თქვენც ხომ წერდით ლექსებს?

- ხანდახან... იმ ასაკში ყველა წერდა ლექსებს. ეგ კი არა, ღამე, ძილის წინ ხომ ბევრს ფიქრობ ადამიანი და ვინ იცის, რამდენჯერ მინდოდა, ამ ნაფიქრალისთვის თავი მომეყარა და ფურცელზე გადამეტანა, მაგრამ იმწუთას ადგომა დამზარებია, დილისთვის კი ვეღარაფერი გამიხსენებია. ხანდახან არც ადგომა დამზარებია, მაგრამ ვიდრე საწერ-კალამს ვიპოვიდი, ნაფიქრი გამქრობია. ყოველთვის კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც წერა ეხერხება, ვისაც საკუთარი გრძნობის ფურცელზე გადმოტანა და სხვისთვის გაზიარება შეუძლია.

ნინო:

- მე ლექსებიც გამომდიოდა, მაგრამ პროზა უფრო მეტად მიტაცებდა და მოთხრობებს ვწერდი. სხვათა შორის, იუმორისტულ ჩანახატებსაც ვაკეთებდი და მგონი, არც ურიგოდ გამომდიოდა. მერე თემიკოსი არ იყოს, მეც გამიარა ამ გატაცებამ.

- 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისევ ძალიან შეყვარებული წყვილი ხართ და ამას ყველა აღნიშნავს. მანამდეც, 9 წლის განმავლობაში იცნობდით ერთმანეთს, საერთო წრე გყავდათ და გყავთ. საინტერესოა, რას უწუნებთ ერთმანეთს?

თემიკო:

- ყველაფერი ერთად გავიარეთ - კარგიც, ცუდიც, შინაც, გარეთაც და ამან მეტი სულიერი სიახლოვე მოიტანა; ისეთი სიახლოვე, ერთი სიტყვით ან უსიტყვოდ რომ შეიძლება გაუგო გვერდით მყოფს. ხანდახან ნინო მეჩხუბება კიდეც, - რაღაცით გამოხატე ემოციაო.

ნინო:

- სადღა გეჩხუბები? (მომიბრუნდა) წარმოგიდგენია? ადამიანი შინ არ ლაპარაკობს. ხომ შეიძლება, საღამოს დავსხდეთ და მთელი დღის ამბები განვიხილოთ? მაგრამ ლაპარაკი ეზარება.

თემიკო:

- ჰო, მეზარება... იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ვმალავ რაიმეს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დავიტოვო ჩემთვის? მინიმალური

სიტყვების წარმოთქმით შეიძლება, გაცილებით მეტს მიაღწიო, ვიდრე ბევრი ლაპარაკით (იღიმის).

ნინო:

- ეტყობა, შეყვარებულობისას ამ­ოწურა მთელი სალაპარაკო მარაგი და როგორც კი საწადელს მიაღწია, დადუმდა (იცინის). არც ესენი ლაპარაკობენ (თემიკოს კალთაში მოკალათებულ ორ პატარა ძაღლზე, მამა-შვილ დიეგო არმანდო მარადონასა და ლეო მესიზე მიმითითა. - ავტ.). ბევრი ლაპარაკი მეც არ მიყვარს, მაგრამ მოუთმენელი ვარ, ყველაფერს ჩქარ-ჩქარა ვაკეთებ. მეჩქარება თუ არა, მაინც ვჩქარობ. თუნდაც ახლა, ლაპარაკისას რომ ვერთვები: განა არ ვიცი, თვითონაც მშვენივრად რომ იტყვის ყველაფერს, მაგრამ ჩემი ჩართვით თითქოს მოვლენებს ვაჩქარებ.

- თემიკო, ეს არ გაღიზიანებს?

- ნუ... შევეჩვიე და ვითმენ.

ნინო:

- კარგი, რა, არ გრცხვენია?! შეიძლება თემიკო დავაჩქარო მაშინ, როცა სადმე მივდივართ. მე ყველგან გავრბივარ, რადგან დაგვიანებას ვერ ვიტან, ის კი ნელა ირჯება... მიუხედავად ყველაფრისა, ერთად ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

თემიკო:

- ერთი საქმე გვაქვს, ერთი ინტერესი, ერთი წრე გვყავს, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ - ერთმანეთს რომ შევხვდით, საკმაოდ პატარები ვიყავით! მერე კი, საბედნიეროდ, იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, ცხოვრების დიდი სტიმული მოგვეცა.

ამ დროს ლიზაც შემოგვიერთდა და როდესაც ვკითხე, დედა და მამა როგორი წყვილია-მეთქი? უყოყმანოდ მომიგო:

- ძალიან საყვარლები არიან. მომწონს, ერთმანეთს რომ ეხუმრებიან ხოლმე, მერე ეხუტებიან და ძალიან საყვარლად ჭიკჭიკებენ. მოკლედ, შინ იდილია გვაქვს.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება