მომავალი წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწილები

მომავალი წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწილები

წლის ხმაურიანი ქორწინებების შემდეგ ყვითელი პრესა უკვე მომავალი წლის ქორწილებზე ალაპარაკდა. გთავაზობთ "2014 წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწინებების" რეიტინგს, რომელსაც უცხოური გამოცემები სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების მიხედვით აქვეყნებენ.

მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი

ქორწილი ცხრა მთას იქით არ გველოდებაო - ამბობენ წყვილის თაყვანისმცემლები, რომლებმაც სექტემბერში მილა კუნისის თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. სავარაუდოდ, ის კატჩერმა 30 წლის საცოლეს დაბადების დღეზე აჩუქა. ჟურნალისტები მათი ქორწინების მთავარ დამაჩქარებელ ფაქტორად მილას ფეხმძიმობას მიიჩნევენ. მართალია, ფეხმძიმობა არავის დაუდასტურებია, მაგრამ მილას ჩაცმულობაში მომრავლებულმა ფართხუნა სვიტერებმა ყვითელ პრესას საჭორაო ნამდვილად მისცა.

კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი

რეპერი-ტელეწამყვანის ყველაზე "განხილვადი" წყვილი ურთიერთობის დაკანონებას სწორედ მომავალი წლისთვის გეგმავს. მართალია, გრანდიოზული და სანახაობითი ნიშნობა უკვე შედგა, სამაგიეროდ, ქორწილი ჯერ ისევ წინ გველის. ამ დროისთვის წყვილი ცერემონიის მოსამზადებელ ფუსფუსშია ჩართული. კიმის დედის, კრის ჯენერის განცხადებით, ქორწილი ჩუმი და მოკრძალებული ნამდვილად არ იქნება.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ამ ვარსკვლავური წყვილის ქორწილის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. თაყვანისმცემლები ვერა და ვერ ეღირსნენ ნანატრ ცერემონიას. ჭორებს მეტ ინტრიგას მატებს კიდევ ერთი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც პიტმა ჯოლის უკვე მესამედ აჩუქა.

ანჯელინამ ცეცხლზე ნავთი დაასხა და ერთ-ერთი სეირნობის დროს სამივე ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე ერთდროულად გაიკეთა. ახალი ბეჭედი ძალიან სადაა - თეთრი ოქროს ზოლი ბრილიანტებით მოოჭვილი. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ წყვილი გრანდიოზული ქორწილით თაყვანისმცემლებს 2014 წელს მაინც გაახარებს.

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ

წყვილის ნიშნობის შემდეგ ენისტონის არცერთ ინტერვიუს არ ჩაუვლია შეკითხვის გარეშე, რომელიც მომავალ ქორწილს შეეხებოდა. ენისტონმა იშვიათი გამომგონებლური ნიჭი გამოავლინა - ყოველ თვეში ახალ-ახალ მიზეზს იგონებდა, რომ როგორმე საკურთხეველს აცდენოდა.

მაგალითად, 2012 წელს ქორწილი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ აიხირა, ანჯელინა ჯოლი სწორედ ჩემი ქორწილის დღეს გეგმავს გათხოვებასო. მისი პროგნოზი არ დადასტურდა, სამაგიეროდ, უკვე გვიანი იყო და ჯენი დღემდე გასათხოვარია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება