ია ფარულავა: "მერსედესის" ჯიპით დავდივარ და არაფერი მაკლია

ია ფარულავა: "მერსედესის" ჯიპით დავდივარ და არაფერი მაკლია

მსახიობსა და ტელეწამყვან ია ფარულავას ინტერვიუსთვის რომ დავუკავშირდი, ცოტა შეყოყმანდა. მითხრა, - საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა და რაზე უნდა ვისაუბროთო? თუმცა მერე მაინც დამთანხმდა. მართალია, პოლიტიკაზე ბევრი ვერაფერი თქვა, მაგრამ სამაგიეროდ, თავისი მეუღლის ახდენილ ოცნებებზე სიამოვნებით ისაუბრა.

- მგონია, რომ დღეს პოლიტიკა მხოლოდ მე კი არა, აღარავის აინტერესებს. ხალხი ამ ყველაფრით დაიღალა. ყველას მოგვბეზრდა პოლიტიკოსების დაკა-დაკა, ჩხუბი და კინკლაობა იმაზე, თუ რა გაკეთდა, რა გაფუჭდა, რა - ჯერ არ გაკეთებულა და ა.შ. უკვე ამაზრზენი გახდა ეს ყველაფერი. ამას ჯობია, ხალხის ყურადღება სხვა თემებზე გადავიდეს. ყველამ თავის თავს მიხედოს. აღარ გვინდა, რა, ეს პოლიტიკა.

- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს საერთოდ არ ადევნებთ?

- არა. უკვე კარგა ხანია, არც ერთ საინფორმაციო გამოშვებას აღარ ვუყურებ. არ მაინტერესებს და იმიტომ!

- ის მაინც თუ იცით, ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ან მინისტრთა კაბინეტს ვინ წარმოადგენს?

- პრეზიდენტი რომ გიორგი მარგველაშვილია, ეს ვიცი. რაც შეეხება მინისტრებს, მხოლოდ პრემიერის, კულტურისა და ენერგეტიკის მინისტრების ვინაობა ვიცი. კულტურის მინისტრი - ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ენერგეტიკის მინისტრი კი კახი კალაძეა და ეს უნდა ვიცოდე. ცნობილი ფეხბურთელი იყო, პირადადაც ვიცნობ და ამიტომ ვიცი, ამჟამად რას აკეთებს.

- რას აკეთებს? თქვენთვის ნაცნობი მინისტრების საქმიანობაზე რა წარმოდგენის ხართ?

- არანაირი წარმოდგენა არ მაქვს, გენაცვალე. რა საქმე მაქვს მინისტრებთან?

- მათთან უშუალო საქმე გაქვთ თუ არა, არ ვიცი, უბრალოდ, მაინტერესებს, მათ მუშაობას როგორ აფასებთ.

- ნამდვილად არ ვიცი, ვინ რას აკეთებს. ამას წინათ ერთ ოჯახში ვიყავი, სადაც ცნობილი მომღერლები იყვნენ. ისინი წუხდნენ, რომ კულტურის სამინისტრო აღარ დააფინანსებს მომღერლებს, რაც ძალიან ცუდია. ჯერჯერობით, მე მშიერი არ ვარ. ხალხი თუ შიმშილობს, ეს არ ვიცი. ამ ეტაპზე ქვეყანას ვერც უკუსვლას და ვერც წინსვლას ვერ ვამჩნევ. ამ ყველაფრის შემჩნევასა და გაანალიზებას დრო სჭირდება. მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ინერციით ჯერ წინ მივდივართ, მერე როგორ იქნება საქმე, ვერ გეტყვი. ლარის კურსმა რომ საგრძნობლად დაიკლო, ამას ვხედავ და ვიცი, რომ ეს კარგის მომასწავებელი სულაც არ არის.

- ლარის კურსის დაცემის გარდა, კიდევ რა პრობლემა გაწუხებთ?

- პირადად მე, არანაირი პრობლემა არ მაწუხებს. წინასაარჩევნოდ, ახალი ხელისუფლების მხრიდან, რაღაც ოცნებების ახდენაზე იყო საუბარი და თუ ხალხს ეს ოცნებები აუხდა, ძალიან მიხარია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემს ქმარს აუხდა ოცნება და ცოლად მომიყვანა.

- თქვენც აგიხდათ, ხომ გათხოვდით?

- გათხოვება ჩემი ოცნება იყო? ასე გგონია?

- ეს თითქმის ყველა ქალის ოცნებაა.

- ამაზე ნამდვილად არ მიოცნებია, უბრალოდ, ამჯერად კარგი კაცი შემხვდა... ოცნებას ჯობია, რომ ადამიანმა მიზანი დაისახოს და ამ მიზნისკენ დაგეგმილად წავიდეს...

- ძველი ხელისუფლების დროს პოლიტიკაში ერკვეოდით?

- არ ვერკვეოდი, მაგრამ მომ­წონდა, უამრავი მშენებლობა რომ მიდიოდა, საინტერესო პროექტები კეთდე­ბო­და. არაერთი მომღერალი მეგობარი მყავს და მათგან ვიცი, რომ იმ დროს ისინიც კმაყოფილები იყვნენ, თუმცა შოუბიზნესი მაშინაც ჩამკვდარი იყო და ახლაც ასეა. კლასიკ­ურ მუსიკასაც საკმაოდ მცირე აუდიტორია ჰყავს. კლასიკური მუსიკის თემით ბოლო დროს უფრო მეტად დაინტერესებული ვარ, რადგან მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე კლასიკოსი მუსიკოსია. კონცერტის ბილეთის შეძენას, ადამიანს ურჩევნია, რომ იქ მოსაწვევით მივიდეს და მუსიკას უფასოდ მოუსმინოს. კინოს სფეროსაც ძალიან უჭირს. არც მაშინ და არც ახლა გადაღებულა ისეთი ფილმი, რომელზეც შეიძლებოდა გული დამწყვეტოდა და მეთქვა, რომ მასში სიამოვნებით ვითამაშებდი. ჩემი საქმიანობით კმაყოფილი ვარ და ამაზე იმ უამრავი ადამიანის სიყვარული მეტყველებს, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან და მეფერებიან. ამიტომ, უნდა ვაღიარო, რომ წინა მთავრობასა და ახლანდელ მთავრობას შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვგრძნობ.

- ახალი წლის სამზადისშიც ვერ იგრძენით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილია? არანაირი განსხვავება არ იყო?

- მხოლოდ ის, რომ "რუსთავი 2"-მა არ აჩვენა პატრიარქისა და ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვა, მაგრამ პრობლემა არც ეს იყო, მსურველებს შეგვეძლო, სხვა არხზე გადაგვერთო და ეს მილოცვები მოგვესმინა. განსხვავება კიდევ ის იყო, რომ გოჭი და ინდაური ცოტა გაძვირებულია.

- ე.ი. პროდუქტი გაძვირდა?

- არ ვიცი. პროდუქტებს მე არ ვყიდულობ. ამ ყველაფერზე საუბარი ჩემთან ცოტა რთულია, რადგან "მერსედესის" ჯიპით დავდივარ და არაფერი მაკლია, მაგრამ არ ვიცი, ქვეყანაში რა მდგომარეობაა. ვიცი, რომ ხალხს უჭირს.

- ამ ყველაფრით უფრო ღრმად რატომ არ ინტერესდებით?

- არ მაინტერესებს, ქალო, არა! პოლიტიკით ვერ დავინტერესდები, რადგან პოლიტიკოსი რომ ვიყო, ისეთი თვისებები უნდა მქონდეს, რომელიც არ მაქვს. სადაც საჭიროა, ძალიან მიმწოლი უნდა იყო, თეთრზე უნდა თქვა, შავიაო. თანაც ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჩემს აზრს ვერავინ გადამათქმევინებს. როცა გუნდის წევრი ხარ, გუნდური პრინციპით თამაში გიწევს. გუნდმა თუ რაღაც ტაქტიკა შეიმუშავა, შენ იმას უნდა მიჰყვე. თუ განსხვავებული აზრი მექნება, იმ ტაქტიკას ვერ მივყვები. დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება ვარ. პოლიტიკოსს მტკიცე ნერვები, ჯანმრთელობა და უძილო ღამეები უნდა ჰქონდეს. ამის ფუფუნება არ მაქვს. მიყვარს ჩემს ნებაზე დაძინება და გაღვიძება. რომც შემომთავაზონ მინისტრობა ან მისი მოადგილეობა, გამორიცხულია, რომ დავთანხმდე. მართალია, ამას არც ახლა მთავაზობენ და არც ძველი მთავრობის დროს მინგრევდნენ კარს, მაგრამ მაინც არ დავთანხმდები. პოლიტიკოსობას რომ თავი დავანებოთ, პირადი ტოქშოუც კი არ მინდა, რომ მქონდეს, რადგან ამას დიდი პასუხისმგებლობა და ნერვიულობა სჭირდება. მირჩევნია, წყნარად ვიყო, ჩემი საქმე კარგად გავაკეთო. მოკლედ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ვინც ამ მთავრობას მხარი დაუჭირა, ახლა გაწბილებულია, ან - პირიქით. ეს ყველაფერი დროებითი თამაშია. თამაშის ნერვები კი ნამდვილად არ მაქვს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება