ცნობილები და მათი საჩუქრები

ცნობილები და მათი საჩუქრები

საახალწლოდ და საშობაოდ საჩუქრები არა მხოლოდ ბავშვებს ახარებთ, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც. ზოგიერთი ოჯახში ან სამეგობრო წრეში ტრადიციაა დღესასწაულზე ერთმანეთისთვის საახალწლო სიურპრიზების მოწყობა. საჩუქრების თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი საახალწლო სურვილებიც გაგვიმხილა...

ეკო ფანგანი:

- ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ყოველთვის ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს, ზოგჯერ მეგობრებიც. ყველა სამეგობროს აქვს საერთო და ჩვენც, თუ რამე ისეთს წავაწყდებით, რომ რამდენიმე ადამიანს ერთნაირი სუვენირი გვქონდეს, ასეთ ნივთებს ვიძენთ.

წინასაახალწლო დღეებში გიჟური რეჟიმი მქონდა. საახალწლო გადაცემებისთვის ნომრები ჩავწერეთ, გადაღებები მიმდინარეობდა... ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავწყვიტე, ცოტა დამესვენა და მოვმზადებულიყავი ამ დღისთვის. თან 31 დეკემბრის ღამეს ვმუშაობდი და რამდენიმე ადგილას საახალწლო-სადღესასწაულო კონცერტები მიმყავდა.

ბავშვობაში საახალწლოდ ბევრ საჩუქარს ვიღებდი: ეს იყო სათამაშოები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. ეს იმ ასაკამდე ხდებოდა, როცა ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვიღებდი ამ საჩუქრებს (იღიმის). კართან მეწყო სახლის თბილი ჩუსტები, რომელშიც მშობლები მე და ჩემს ძმას საჩუქრებს გვიწყობდნენ.

ჯაბა კილაძე:

- (იცინის) ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ტყვიებში გაზრდილი თაობა ვართ, რა თოვლის ბაბუა, რის საჩუქრები, "ღადაობ"? ვერც განსაკუთრებულ საჩუქარს გავიხსენებ რამეს, თუმცა ეს დღესასწაული მიყვარს. ახალი წელია და ყველაფერი გიხარია. მეგობრები ვუკეთებთ ხოლმე საჩუქარს ერთმანეთს, ზოგჯერ - ოჯახის წევრებიც, ხან როგორ და ხან როგორ. შვილს ვჩუქნი საჩუქარს, ზოგჯერ თავად მიმყავს და არჩევს ხოლმე რამეს, ან მე ვურჩევ. საერთოდ, მეტ-ნაკლებად დაგეგმილი მაქვს ხოლმე, ეს დღეები სად და როგორ უნდა გავატარო და წელსაც, ახალ წლის ღამეს ერთ-ერთ რესტორანში წამყვანი ვიყავი.

ბაია დვალიშვილი:

- ახალი წლის დიდად მოყვარული და მომლოდინე არ ვარ. არ მაქვს რამე განსაკუთრებული ტრადიცია და არც ჩემს ოჯახს გააჩნდა. დედაჩემს 30 და 31 დეკემბერსაც სპექტაკლები ჰქონდა და მეც ხან გადაღებები, ჩაწერა, სპექტაკლი მაქვს ხოლმე, ამიტომ განსაკუთრებულად არ ვემზადები. მირჩევნია, ახალი წლის დღეები მალე გავიდეს. მე პირადად დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს აღდგომა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი წელი ჩემთვის რიგითი დღეა, როგორც სხვა ახალი თვე იწყება, ისევე დგება ჩემთვის პირველი იანვარი. ძველ წელს მიაქვს ბევრი ცუდიც და კარგიც, ახალს კი, არ ვიცი, რა მოაქვს და ამიტომ ცოტა მეშინია და არ ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე. თუმცა, რასაკვირველია, ახალ წელს ბავშვს არაფერს ვაკლებ. მისთვის საჩუქრები თოვლის ბაბუას მოაქვს. ხან რა უნდა, ხან - რა და ვცდილობ, მისი სურვილები ავასრულო. არ ვიცოდი, ბავშვები "შუა დღეს" თუ უყურებდნენ, ამან ძალიან გამახარა, მაგრამ ახლახან ერთ-ერთ ეთერში ვიხუმრე, რა არის ეს, თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს და აღარ დადგა ის მომენტი, რომ ის საჩუქრები, რომლებსაც შვილს დიდი სიყვარულით ვუკეთებთ, მშობლებს დაგვიფასდეს და თოვლის ბაბუას არ მიეწერებოდეს-მეთქი. ამის გამო მშობლებმა ქოქოლა დამაყარეს. როგორც ჩანს, ოცნება წავართვი პატარებს და მართლებიც იყვნენ, მაგრამ არ მეგონა, გადაცემის მაყურებელს შორის ბავშვებიც თუ იქნებოდნენ (იღიმის).

- თქვენ თუ იღებდით ბავშვობაში საჩუქრებს?

- არა, არა, დედ-მამა ასეთი სენტიმენტებით განმსჭვალული არ იყვნენ და არც ეცალათ ამისთვის. მახსოვს, საახალწლო ნაძვის ხეს როგორ ვრთავდი და ისიც, რომ მქონდა ერთი დიდი თოვლის ბაბუა, რომელიც ძალიან ცნობილი ფიგურა, მარჯანიშვილის თეატრის ბუტაფორია იყო. ეს თოვლის ბაბუა ლამის 30 წლამდე მქონდა და ბოლოს, გამოვემშვიდობე - ძალიან "სადღესასწაულოდ" დავწვი (იცინის).

ეკა ნიჟარაძე:

- საახალწლოდ საჩუქრებს ყოველთვის ვყიდულობ. ოჯახში იმდენი წევრი მყავს, რომ ძირითადად მათთვის ვიძენ რამეს და მეგობრებისთვის ვეღარ "ვქაჩავ". მიახლოებით ვიცი, ვის რა უნდა, რა მოეწონება და საჩუქრებს იმის მიხედვით ვარჩევ. როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, თოვლის ბაბუას ძალიან გრძელ სიას ახვედრებდნენ და გული მისკდებოდა. ბავშვების სურვილები ხომ მოგეხსენებათ?! ჩამონათვალს შორის იყო: თხილამურები, ველოსიპედი, კომპიუტერი და ასე შემდეგ. ერთი მანქანა არ უთხოვიათ, თორემ მართლაც ძალიან ბევრი რამ იყო. ახლა რომ გაიზარდნენ, წყნარად არიან (იღიმის). ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენას ადრე ვიწყებ, პროდუქტებსაც ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ვყიდულობ.

- დღეს ვინ არის თქვენი თოვლის ბაბუა?

- ჩემი შვილები არიან (იღიმის). ჩვენ ერთმანეთს ვჩუქნით საჩუქრებს. წინა წლებში არ მახსოვს, მაგრამ შარშან მაჩუქეს მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა და გამიხარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება