"უჟმური" ვანოსთვის გასული წელი საუკეთესო იყო

"უჟმური" ვანოსთვის გასული წელი საუკეთესო იყო

ვანო ჯავახიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იუმორისტია. მისი მონოლოგები ინტერნეტში ხშირად ტრიალებს. ხალხი ყველაზე მეტად პოლიტიკურ ხუმრობებზე იცინის. ეს ვანომ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც "ვანოს შოუს" წამყვანს მიაჩნია, რომ მისი გადაცემა უფრო მეტად პოლიტიკურ სატირას დაემსგავსა. გასული წელი ვანოსთვის საუკეთესო იყო, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიიჩნევს.

- ბოლო 7-8 წელია, ასე გრძელდება, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს, წარმოიდგინე, წინასაახალწლოდ რამდენი რამ იყო გასაკეთებელი, თანაც, იმ ფონზე, როდესაც კვირაში სამი გადაცემის ჩაწერა გაქვს და თითოეული მათგანისთვის მოსაფიქრებელია სცენარი, რაც ყველაზე რთული საქმეა. ამ ყველაფერს საახალწლოდ ისიც ემატება, რომ კონცერტის სცენარიც გასაკეთებელია. ეს კიდევ სხვა სპეციფიკაა და ასეთი მარტივი არ არის, ფილარმონიის დარბაზი სულ სხვა რამაა. მუდმივად გადარბენა გვაქვს, გადაღებიდან სტუდიაში, ვნახო, არის თუ არა მზად ფონოგრამები და ა.შ.

- კონცერტებმა როგორ ჩაიარა?

- ძალიან კარგად. დაგეგმილი სამი კონცერტის ნაცვლად ხუთი გავმართეთ, მეტს ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით, რადგან დღეები დაკავებული იყო. დღეში ორი კონცერტიც კი ჩავატარეთ. შეგვეძლო, მეტიც გაგვემართა, მაგრამ გადავიფიქრეთ. მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდი იყო და ანშლაგებით ჩაიარა. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, კონცერტის ჩანაწერი საახალწლო ეთერში ეხილა.

- შენი აზრით, ყველაზე მომგებიანი რომელი ნომერი აღმოჩნდა?

- ვფიქრობ, ვასო ფხაკაძის ნომერი, რადგან მასში მთელი სიცოცხლე ჩადო. კონცერტების მოსამზადებელ პერიოდში ვასოს ვკარგავთ ხოლმე. მიდის და თავი-სი ნომრით ბრუნდება, მას ცალკე ამზადებს. სცენარში მას არ ვრევთ, რომ ხელი არ შეეშალოს, ზედმეტად სხვა რაღაცაზე არ ვაფიქროთ. ცოტა სხვანაირი ტიპია. თავისი ფანტაზია აქვს, ცეკვის ნომრებისას განსაკუთრებით. ვასო ხომ მოცეკვავე იყო და სულ მისტირის დაკარგულ წლებს (იცინის), ამიტომაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ეს წლები ჩვენს კონცერტებზე აინაზღაუროს და მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი, როგორც კარგმა მოცეკვავემ. ამით ძალიან კმაყოფილია ხოლმე. "სუხიშვილების" შემდეგ ვასოს უხსნიან ვარსკვლავს, ამ ნომრის მერე.

- ახალ პროექტს - "ფხაკაძეებს" ხომ არ შემოგვთავაზებთ?

- (იცინის) ეს, სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეა მომაწოდე. ანსამბლი "ფხაკაძეები" კარგი იქნებოდა. თუკი იუმორისტულად შევხედავთ, ძალიან მალე ვიხილავთ ამ პროექტს და თუკი სერიოზულად, ვასო რომ დაბერდება, ალბათ, მერე შექმნის თავის პატარა ანსამბლს, რომ ლუკმაპური ჰქონდეს (იღიმის).

რაც შეეხება ჩემს ნომერს, მგონია, რომ წელს, აქამდე რაც მქონია, საუკეთესო გამოსვლა მქონდა. იყო პოლიტიკოსთა ფოტოები, რამაც დარბაზი სიცილით დაანგრია, მქონდა ასევე ორი მუსიკალური ნომერი.

- კი ამბობენ, ხალხი პოლიტიკით დაიღალაო, მაგრამ პოლიტიკური ხუმრობები და შენი მონოლოგები ძალიან პოპულარული და რეზონანსული ხდება ხოლმე.

- ვერ ვიტყვით იმას, რომ ხალხი პოლიტიკით დაიღალა. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც აუცილებლად პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკო, სხვანაირად შენი ცხოვრება, ზოგადად, ინტერესს კარგავს (იცინის). თუკი პოლიტიკაზე მსჯელობ, ლაპარაკობ, ამით რაღაცას იკმაყოფილებ, ოღონდ არ ვიცი, რას. რატომ მივაკვდით ასე ამ პოლიტიკას, ვერ გეტყვით. ხომ შეიძლება, ვილაპარაკოთ, როგორ აცვია რომელიმე ქართველ ცნობილ სახეს. თუკი სხვა რაღაცებზე ვილაპარაკებთ, ე.ი. პოლიტიკა აღარ იქნება ისეთი აქტუალური და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ მიდის.

რაც შეეხება ჩემს მონოლოგს, ის პოლიტიკურ სატირად გადაიქცა. ადრე ნაკლებად გვქონდა პოლიტიკა, შოუბიზნესზეც ვხუმრობდით. როცა შოუბიზნესის თემა მოკვდა, შემდეგ იძულებული გავხდით, მაყურებლის მოთხოვნა რაც იყო, იმაზე გვეხუმრა. აღმოჩნდა, რომ გამოდის იუმორისტულ-სატირული გადაცემა, ხალხს რატომღაც ეს მიმართულება მოსწონს.

- ეს, შენთვის, გარკვეულწილად, ბეწვის ხიდზე სიარულია?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ბეწვის ხიდზე ყოველი მონოლოგის დროს გავდივართ, ან ერთს არ მოეწონება, ან - მეორეს. ბევრი კარგი ხუმრობა არ ჩაგვირთავს მონოლოგში, რადგან ვიფიქრეთ, რომ ადრესატს ძალიან ეწყინებოდა. სცენარისტების დაწერილ ხუმრობებს ხუთი ადამიანი ვცხრილავთ, რომ იყოს კორექტული და ვინმემ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად არ იგრძნოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება