ნიკოლას ქეიჯის ძმა ბათუმში ფილმს იღებს (ექსკლუზივი)

ნიკოლას ქეიჯის ძმა ბათუმში ფილმს იღებს (ექსკლუზივი)

ოსკაროსანი მსახიობის ნიკოლას ქეიჯის ძმა, ჰოლივუდის ცნობილი კინორეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ბათუმში ფილმს იღებს. ქართულ-ამერიკული სრულმეტრაჟიანი სურათის "ნათიას სიზმარი" გადაღებები ბათუმსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება. ფილმის სცენარი მოგვითხრობს ცირკის მფლობელთა ქართული ოჯახის, ცირკის მსახიობთა ცხოვრებისა და ცირკში განვითარებული მოვლენების შესახებ. ჰოლივუდური ფილმის გადაღებების პირველი დღე გუშინ ბათუმის ცირკში შედგა. аmbebi.ge მთავარი როლის შემსრულებელს ანა გურჯს, ფილმის პროდიუსერ ლაშა ზამბახიძესა და კინორეჟისორ კრისტოფერ კოპოლას ესაუბრა:

ანა გურჯი, მთავარი როლის შემსრულებელი:

- კრისტოფერ კოპოლა ამერიკაში გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ამ სცენარის შესახებ ერთი წლის წინ შევიტყვე. მაშინვე იდეა გამოჩნდა, რომ მთავარი გმირი ქართველი ყოფილიყო. კრისტოფერ კოპოლას შევთავაზე ფილმი საქართველოში გადაგვეღო და მალევე შევთანხმდით კიდეც. დღეს გადაღების პირველი დღეა, ქართულ ჯგუფთან ძალიან მეგობრულად ვვურთიერთობ, ფილმი არის ფანტასტიკა და სათავგადასავლო ხასიათის, მთავარი გმირი მე ვარ და ძალიან მიხარია. მეტს ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ ფილმის გამოსვლას.

ფილმის პროდუსერის, ლაშა ზამბახიძის თქმით, ფილმში მსახიობების უმრავლესობა ქართველია. პროდუსერმა аmbebi.ge-ს სიუჟეტის რამდენიმე დეტალი გაუმხილა.

"მსახიობების უმეტესობა ქართველია, გვყავს ასევე რუსი მსახიობი კონსტანტინ ტრიუკო. ფილმის სამუშაო სახელია "ნათიას სიზმარი", რაც შესაძლოა, შემდგომში შეიცვალოს. ძირითადად, ცირკში ვითარდება სიუჟეტი, გადავიღებთ ბათუმის ხედებს, პორტს, ქუჩებს და ერთ სახლს. სან-ფრანცისკოშიც დიდი მასალაა გადასაღები და ვფიქრობთ, ფილმი სრულმეტრაჟიანი იქნება.

სიუჟეტი ვითარდება შემდეგნაირად. ქართული ცირკის მსახიობების მფლობელების ოჯახი რაღაც მიზეზების გამო გაკოტრების პირასაა. ამ დროს, ქალაქში ჩამოდის სლავური წარმოშობის მსახიობი პატარა ძაღლით და სთავაზობს ნომერს, რომელიც ცირკისთვის მომგებიანი იქნება. დღეს ვმუშაობთ გასროლის სურათზე. ეს ნომერი ადრე ტრაგიკულად დასრულდა და ცირკის შოუდან ამოიღეს. ვინაიდან ცირკისთვის ამ ნომერს ადრე სრული ანშლაგი მოჰქონდა, ახალი თაობა ცდილობს ის კვლავ დააბრუნოს შოუში. შემდეგ, ვითარდება ინტრიგები, რასაც ვერ გაგიმხელთ, ხოლო შურისძიების სცენის გადაღება გვექნება სან-ფრანცისკოში", - აღნიშნა ლაშა ზამბახიძემ.

კინორეჟისორი კრისტოფერ კოპოლა ქართველ კინემატოგრაფისტებს გასულ წელს ფესტივალ-კონკურსის ("კინემატოგრაფია ყველასთვის") დროს დაუახლოვდა. გასულ წელსვე ამერიკელი რეჟისორი ცნობილი პროექტის, "ხელმისაწვდომი ჰოლივუდის" ფარგლებში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობდა. როგორც კრისტოფერ კოპოლამ აღნიშნა, შარშანდელი პროექტის დასრულების შემდეგ ფილმის გადაღების სურვილი გაუჩნდა.

""ხელმისაწვდომი ჰოლივუდი", რომელშიც ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ და გასულ წელს გადავიღეთ, წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ამ პროექტის შემდეგ, გადავწყვიტე უფრო სრული ფილმი გადამეღო და ამიტომ დავბრუნდით საქართველოში", - აღნიშნა კრისტოფერ კოპოლამ.

"ნათიას სიზმარის" სცენარი ამერიკელ სცენარისტს, ალენ სილვერს ეკუთვნის. ფილმზე ამერიკული კომპანია "ფლასტერ სითი" და ქართველ პროდიუსერთა ჯგუფი მუშაობს. გადაღებები ბათუმში ექვს დღეს გაგრძელდება. ფილმი სავარაუდოდ, 2015 წელს გამოვა.

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ფოტოგალერეა გადასაღები მოედნიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება