მყუდრო ოთახი სიმბოლოებით აქვს სავსე. პოეტური სიმბოლო - წეროს ბუმბული, ჭერში ძენბუდიზმის სიმბოლო - ზარი, და ყველაზე საინტერესო - ოთახის კართან დაგებული პატარა ფილა, რომელიც სურვილების ახდენას გპირდებათ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც პოეტს სტუმრად პირველად ეწვევით. ეს დავით დეფი გოგიბედაშვილის მიკრო-სამყაროა, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს და პოეტური მუზებიც ხშირად სწორედ აქ ეწვევიან ხოლმე.

ფინქ ფლოიდი და იესო ქრისტე ერთად, ერთ თაროზე. ამბობს, რომ ეს ორი მისი რელიგიაა, - სწამს იესო ქრისტესი და როჯერ ვოთერსის.
კედლები მრავალფეროვანი და აჭრელებულია. აქ ყველა ნივთსა და სურათს განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი. ვაჟა-ფშაველა, ბეთჰოვენი, ფინქ ფლოიდი, თაროზე - ბიბლია, კუთხეში - ბუდა, კედლებზე სტრიქონები სხვადასხვა ლექსებიდან, ზოგი ექსპრომტად, მეორე ნახევარის თხოვნით დაწერილი.

თაროზე განლაგებული მუსიკალური დისკების რაოდენობა ადვილად მიგახვედრებთ, რომ ამ ოთახის ბინადარი მელომანი უნდა იყოს. სხვათაშორის, დეფი მხოლოდ პოეტი და რომანისტი არ არის, ის ხატავს კიდეც.

ამბობს, რომ სახლში, სადაც ცხოვრობს, ყველაფერი მამამისის გაკეთებულია. ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებასაც მამის მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები იქცევს...
იხილეთ ვიდეო
ოთახში ალაგ-ალაგ ჭრელი ფილები თავად დააგო, მათგან ერთი კი გამორჩეულია - კეთილ სურვილებს ასრულებს. ოღონდ სურვილის ჩაფიქრების წესი ზედმიწევნით უნდა დაიცვათ: ფილაზე აღმოსავლეთის მიმართულებით უნდა დადგეთ, თვალები დახუჭოთ და ჩაიფიქროთ, ოღონდ სურვილი არასდროს არავის გაანდოთ.

ცხოვრობს ისე, რომ მუდამ საკუთარი შემოქმედების ცენტრშია. მისი ოთახის ყოველი კუთხე მისი ნახატებით, ლექსებით, ჩანაწერებით არის შევსებული. ეს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს და ამას არც მალავს; აღტაცებით საუბრობს საკუთარ წარმატებებზე, შემოქმედებასა და გეგმებზე. დანანებით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მეცენატები ისეთი შემოქმედებითი ადამიანებისთვის, როგორიც ის არის, ფულს არ იმეტებენ. ის ახლა სპონსორს ეძებს, რომ "სანდასთან" ერთად ახალი პროექტი განახორციელოს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 8 აუდიო ფაილის სახით ცოცხლობს.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge
