დათო ფორჩხიძე: "ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კონკურსი ჩემმა კონკურსანტმა მოიგო"

დათო ფორჩხიძე: "ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კონკურსი ჩემმა კონკურსანტმა მოიგო"

"ახალი ხმის" კონკურსის II სეზონი დასრულდა. გაიმარჯვა მარი ჩაჩხიანმა, დათო ფორჩხიძის გუნდის წევრმა. საქართველოში ამ შოუს არსებობის მანძილზე პროექტი ჯერ სხვა მწვრთნელის კონკურსანტს  არ მოუგია. ამიტომ ბევრმა გუშინდელი ფინალური შოუს შემდეგ საქართველოს "ახალ ხმას" "დათოს პროექტიც" კი უწოდა..."ამბები.გე" დათო ფორჩხიძეს დაუკავშირდა.

- მიხარია, ბედნიერი ვარ და ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კიდევ ჩემმა კონკურსანტმა მოიგო შოუ... ძალიან ბევრი ვიმუშავე. რთული გრაფიკი მქონდა და მყავდა 5 ისეთი კონკურსანტი, რომელსაც "ბრმა კასტინგზე" 4-ვე მწვრთნელი მოუტრიალდა. კიდევ 2 კონკურსანტი იყო, ვისაც სამი მოუბრუნდა. ძალიან ძლიერი ბავშვები იყვნენ და მათგან ერთ-ერთით რომ გამემარჯვა, რა გასაკვირია? ვფიქრობ, რომ ჩემი მომღერალიც მაგარი იყო. სხვა ბავშვებიც და მწვრთნელებიც მაგრები იყვნენ, მაგრამ ეს კონკურსია და ასე ხდება ხოლმე. რა ვთქვა, არც ვიცი...

- დათო, სოციალურ ქსელში გუშინდელი გამარჯვებაზე სხვადასხვანაირი კომენტარი იწერება. ერთგან ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: "მაგან ბინა გაყიდა და პროექტი მოიგოო". რას იტყვი ამ კომენტარზე?

- პროექტის მოგება თუნდაც იმიტომ არ მრცხვენია, რომ ჩემი კონკურსანტი ნაქირავებში ცხოვრობს და ბინა არ აქვს. "ბრმა კასტინგზე" მარის ყველა მწვრთნელმა უთხრა, რომ საერთაშორისო მასშტაბებს დაიპყრობდა, თუ რომელიმესთან წავიდოდა. მე კი ვუთხარი: ისეთი მაგარი გოგო ხარ, ვისთანაც უნდა წახვიდე, ალბათ მაინც მოიგებ-მეთქი. წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ მარი მაგრად მღერის და ეს მომავალშიც დამტკიცდება. შარშან სალომე ქათამაძეზეც დარბაზში ყვიროდნენ, - გააგდეო. პატარა რეზიკოზეც ამბობდნენ, რომ არ ვარგოდა... მოკლედ, ხალხმა რაც უნდა ის ილაპარაკოს, მე ჩემი შრომის ფასი ვიცი. გარდა ამისა, ვიცი, რომ პროფესიონალი და საქმის მცოდნე ვარ. ვმუშაობ, ვწვალობ და მინდა, რომ შრომა დამიფასდეს.

- ისე, თიკო მოსემღვდლიშვილსაც ეკუთვნოდა გამარჯვება, რადგანაც ძლიერი კონკურსანტი იყო.…

- მაშინ დაემესიჯებინათ მისთვის. კარგი გოგოა და მოეგო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი ვოკალისტი ჯობია, თუმცაღა არ ვამბობ იმას, რომ ის არ ვარგა. ძალიან მომწონს და გაუმარჯოს მასაც და მის ნიჭსაც. გუშინაც ვეუბნებოდი, კარგი გოგო ხარ-მეთქი. თუ ვინმე ჩემი წარმატებით და ჩემი საქმის კეთებით დავღალე, პრობლემა არ არის. ალბათ, ეს ჩემი ბოლო შოუა.

- ასე ფიქრობ?

- მინდა, რომ წავიდე, თუმცა ამ საქციელით არ მინდა, იმ შოუში მოღვაწე ადამიანების მიმართ უმადური აღმოვჩნდე... ამიტომ უნდა დავრჩე, რომ მერე ეპატაჟურად წავაგო. მოკლედ, თუ დარჩენა ძალიან მთხოვეს და ეს შოუ გაგრძელდა, მაგასაც გავაკეთებ, მაგრამ ამით ამ შოუსაც გავაფუჭებ... არადა, ბავშვი იქ იმისთვის მოდის, რომ მოიგოს, შენ კი ხელი უნდა შეუწყო. გვერდით არ დავდგომოდი? არ მემუშავა? კონკურსანტებმა ამირჩიეს და მიმაჩნია, რომ შოუში საუკეთესო ნომრები დავდე. ჩემი გუნდელები დღესდღეობით დასაქმებულები არიან. მათ ბარებსა და კლუბებში იწვევენ. ეს ყველაფერი ხომ ჰაერიდან არ მოდის? შრომის შედეგია.

- შენ კონკურსანტებთან დაკავშირებით სამომავლოდ რაიმე გეგმები ხომ არ გაქვს?

- მაქვს და მინდა, რომ ეს საქმე პირველმა მე გავაკეთო. კონკურსის შემდეგ რომ არ დაიკარგონ ნიჭიერი ადამიანები, მაქვს იმის პერსპექტივა, რომ ისინი სერიოზულ ხმის ჩამწერ სტუდიაში შევკრიბო და მათთან ვიმუშაო. პირველ რიგში სალომე ქათამაძით დავიწყებ. მუშაობას მალე შევუდგებით და ამას საზოგადოება ნახავს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთს არ უნდა დაიჯეროს, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც შრომობს, წვალობს და საქმეს გულით აკეთებს.

- დათო ფინალურ შოუზე, გუშინ სცენაზე შენი გუნდის წევრები იდგნენ და ნომრის შესრულებაში გეხმარებოდნენ... ეს შენი იდეა იყო?

- კი, ჩემი გუნდის ბავშვები გამოვიყვანე, ვამღერე და ყველას ვაჩვენე, რომ რა მაგარი გუნდი მყავდა! მათი პიარისთვის იყო ის ნომერი მომზადებული, აბა, მე აქტიური სასცენო საქმიანობა 13 წლის წინ შევაჩერე. აქედან გამომდინარე, სულით და გულით ვარ დაინტერესებული, რომ ახალ თაობასთან ვიმუშაო. ძალიან მომწონს იგივე ნიკა ლაზარიაშვილი, სტეფანეს გუნდის წევრი და შეიძლება, სტეფანესთან ერთად, რაღაც მასაც შევრთავაზო.

- ისე, იმდენი დავიდარაბის შემდეგ შენ და მაია დარსმელიძემ ფინალში ერთობლივი სიმღერა შესთავაზეთ მაყურებლს; შერიგდით?

- მაია უნიჭიერესი ადამიანია და ამ ნომრის განხორციელებას ხელი ძალიან შევუწყე, - ბოლოს სცენაზე ერთად და ასე მეგობრულად რომ ვმდგარიყავით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა.

- ბოლოში როგორც ჩანს, დაათბეთ ურთიერთობა...

- დიახ, საზოგადოებას უნდა დაენახა ჩვენი ურთიერთობა. მე და მაიამ ვფიქრობ, ახალგაზრდებს მაგალითი მივეცით, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში. ამიტომ მომწონს მისი კონკურსანტიც და მაიასაც პატივს ვცემ. მომავალშიც ყველას ვანახვებ, რომ ჩემს კოლეგებთან ვიმუშავებ და ვიმეგობრებ. ამ შოუში ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ ვარ. ვიშრომე, ვიწვალე, სწორი სვლები გავაკეთე და ყველაფერი სწორად დავალაგე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაკრიტიკებდა და ჩემი გუნდის საკითხებს განიხილავდა.

მთავრია, რაც ძალიან მოგწონს, ის ისე გააკეთო, რომ ხალხსაც მოაწონო. დიახ, მაშინ ხარ მაგარი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: "ახალი ხმა" მარიამ ჩაჩხიანი გახდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება