რატომ იდგა ფეხზე 9 საათის განმავლობაში რუსული ''ვოისის'' ფინალისტი გელა გურალია

რატომ იდგა ფეხზე 9 საათის განმავლობაში რუსული ''ვოისის'' ფინალისტი გელა გურალია

გელა გურალია რუსული ''ვოისის'' ფინალისტია. ის მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა ბევრი ადამიანი, მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი საქართველოსა და რუსეთში მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. გელას ხმამ არა მხოლოდ რუსული ''ახალი ხმის'' მწვრთნელები აატირა, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლა და მისთვის ესემესებსაც გულუხვად იმეტებდნენ. სწორედ ამის და მწვრთნელის, დიმა ბილანის დახმარებით და, რასაკვირველია, საკუთარი ნიჭის წყალობით, გელა სამ ფინალისტს შორის აღმოჩნდა. საქართველოში ჩამოსულს უამრავი გულშემატკივარი დახვდა. როგორც მომღერალმა გაგვიმხილა, თებერვალში სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს სხვა ''ვოისელებთან'' ერთად, ასევე აქვს გეგმები ალბომთან დაკავშირებით.

- ცოტა შორიდან დავიწყებ თხრობას. დაახლოებით ათი წელია, მოსკოვში ვცხოვრობ, სადაც 2003 წლიდან მუსიკალურ კოლექტივთან ერთად გავემგზავრე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სამი კურსი დავასრულე და მეოთხე ვეღარ, რადგან ჩემს კოლექტივთან ერთად რუსეთში გავემგზავრე. მოკლედ, მუსიკის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. თბილისი-მოსკოვის ბილეთი 230 დოლარი ღირდა, ჩვენ კი ფული არ გვქონდა. სალაროში ნაცნობი გვყავდა, მან ბილეთები გამოგვიწერა და დაგვრთო ნება, რომ ფული მოსკოვიდან გამოგვეგზავნა, სადაც ახალ რესტორანში მუშაობა უნდა დაგვეწყო. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს სარესტორნო რეპერტუარი არ შემისრულებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, და ყოველთვის ჩემი მიმართულებით მივდიოდი.

მოსკოვში ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ რესტორანი, სადაც მიგვიწვიეს, ერთი წელი არ გაიხსნებოდა. მეგაპოლისში ჰაერში გამოკიდებულები დავრჩით, მაგრამ იქ დედაჩემის ბიძაშვილი ცხოვრობდა და მე და კოლექტივის კიდევ ერთი წევრი ორი თვით შეგვიფარა. ამ პერიოდში მუშაობაც დავიწყეთ, ვალიც გავისტუმრეთ და ასე გაგვიგრძელდა იქ ყოფნა 2008 წლამდე. ამ დრომდე რესტორანში გამოვდიოდი. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ხმა, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, არ შეიძლებოდა, ასე დახარჯულიყო. მინდოდა, ცხოვრებაში ახალი ეტაპი დამეწყო, ამის პირობა საკუთარ თავს მივეცი და 2008 წლიდან მოყოლებული რესტორნის სცენას აღარ დავბრუნებივარ, გამოვდიოდი კლუბებში, ასევე კორპორატიულ საღამოებზე, ერთი პერიოდი მყავდა ბენდი და მათთან ერთადაც გამოვდიოდი.

ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი, იყო ბევრი სირთულე, რადგან რუსულ შოუბიზნესში კარის შეღება ძალიან ძნელია. იქ გარკვეული ადამიანები მართავენ ამ სფეროს, თუკი მხარდაჭერა არ გაქვს, ფინანსურიც მათ შორის, ძნელია რუსულ შოუბიზნესში წარმატების მიღწევა. ჩემთვის პიროვნულ ღირსებებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის არ გადამებიჯებინა, თუმცა ამ კარის ღირსეულად შეღება არ გამოდიოდა. როგორი ნიჭიერიც უნდა იყო და უნიკალური ხმა გქონდეს, ელემენტარულად სიმღერის ჩასაწერად, კლიპის გადასაღებად დიდი თანხებია საჭირო. ვერაფერი რომ ვერ გავაკეთე იქ, 2012 წელს საქართველოში დავბრუნდი, ქართულ ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომის ჩაწერა გადავწყვიტე. ამაში მეხმარებოდა მამიდაჩემი, ლალი, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა. დავუკავშირდი ამერიკელ კომპოზიტორს, რომელსაც ეკუთვნის უიტნი ჰიუსტონის ცნობილი სიმღერა . როდესაც ჩემი ჩანაწერები გავუგზავნე, ძალიან მოეწონა და სამი კომპოზიცია გამომიგზავნა, რომლებიც ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩავწერე. სიმღერები დამიწერეს ჯუმბერ ამანათაშვილმა, მამუკა ბეგაშვილმა, ნატო თოთიბაძემ, ნანა ცინცაძემ სიმღერებისთვის არაჩვეულებრივი ლექსები შემიქმნა, ჩავწერე ორი ქავერიც. გამზადდა 11 სიმღერა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ალბომის გამოცემა ვერ მოხერხდა.

შემდეგ გავიგე, რომ რუსული ''ვოისი'' იწყებოდა და გავგზავნე ანკეტა. მომივიდა დადებითი პასუხი, ბრმა კასტინგამდე პროდიუსერებთან შერჩევა გავიარე, სადაც ათი მონაწილე ერთად შედიოდა და ერთი ან მაქსიმუმ ორი რჩებოდა ბრმა კასტინგზე. 15 000 ადამიანიდან 150 უნდა შეერჩიათ და მე გამიმართლა, რომ ამ 150 ადამიანს შორის აღმოვჩნდი. დაინახეს ის შესაძლებლობები, რაც მე მაქვს.

- ბრმა კასტინგზე მწვრთნელების შემოტრიალებას თუ ელოდი?

- ანკეტაში უნდა მიგეთითებინა რამდენიმე სიმღერა, რომლის შესრულებაც გინდოდა ბრმა კასტინგზე. სასურველ სიმღერებს შორის ჩავწერე ალა პუგაჩოვას სიმღერაც. როდესაც ეს სიმღერა მოისმინეს, მუსიკალურმა რედაქტორებმა მითხრეს, ეს შენი სიმღერაა და აუცილებლად უნდა შეასრულოო. ჩემმა გამოსვლამ რუს მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მწვრთნელები აუცილებლად შემობრუნდებოდნენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება