რას ყვება ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებაზე

რას ყვება ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებაზე

საზოგადოებამ ნატა გულიაშვილი რეალითი შოუდან - "ამტანი" გაიცნო, ახლა კი მას როგორც მსახიობსა და მომღერალს, ისე იცნობენ. ნატა მიიჩნევს, რომ სასურველი საპატარძლოა, მაგრამ ჯერჯერობით, ოჯახის შექმნა ვერ მოახერხა. ის ბედნიერი და გახარებულია იმ ფაქტით, რომ მისი უახლოესი მეგობარი - შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია და ალბათ ოჯახსაც მალე შექმნის.

- პირველ რიგში, შენი მშობლები გაგვაცანი. ვინ არიან ისინი?

- მამა - გივი გულიაშვილი ინჟინერია. მას განათლება რუსეთში აქვს მიღებული. დედა - ნანა კობერიძე მსახიობი და ამავე დროს, რეჟისორიც არის. დედა 25 წელი პირველ არხზე, მუსიკალურ რედაქციაში მუშაობდა და შეიძლება ითქვას, მეც ტელევიზიაში გავიზარდე. სკოლის შემდეგ დედას სამსახურში მივყავდი და იქ, სხვა თანამშრომლების ბავშვებთან ერთად, სპეციალურად პატარებისთვის მოწყობილ ოთახში ვთამაშობდი. 6 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. დედას გადაღებებზე დავყავდი. ის "დონ-კიხოტში", "ნერგებში" და სხვა ქართულ ფილმებში თამაშობდა. პირველად დედას მიერ ორგანიზებული კონცერტი წავიყვანე, სადაც ცნობილი მომღერლები მერაბ სეფაშვილი და ირმა სოხაძე გამოდიოდნენ. მშობლები ყოველთვის მხარში მიდგანან, ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. როცა რეალითი შოუში ვმონაწილეობდი, მამა ღამეებს ათენებდა, ტელეეკრანს იყო მიჯაჭვული. ისე, სიმართლე გითხრა, მამა ცო­ტა არ იყოს, მკაცრი ადამიანია, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებებს არასოდეს ეწინააღმდეგება. ქართულ ტრადი­ციულ ოჯახში გავიზარდე და ყველაფერ ქართულს პატივს ვცემ.

- შეგიძლია, საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრო?

- ხანდახან საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს, მაგრამ ახლა შევეცდები, ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებები მკაფიოდ ჩამოვაყალიბო. ჰოროსკოპით ლომი ვარ და პირველობა მიყვარს. თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ. ძალიან კი მერიდება ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად, კეთილი გული მაქვს, უცხოსაც რომ დასჭირდეს ჩემი დახმარება, აუცილებლად ამოვუდგები მხარში. არასოდეს და არავისი არ მშურს. ვცდილობ, ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და კინოგადაღებაზე ერაყში წასვლაც რომ შემომთავაზონ, იქაც დაუფიქრებლად წავალ. პანკისის ხეობაში კინოგადაღებაზე უკვე ვიყავი. ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში ჩეჩენი გოგონა განვასახიერე.

- მხოლოდ საკუთარ დადებით თვისებებზე მელაპარაკები. უარყოფითი თვისება არ გაქვს?

- როგორ არა! ცოტა არ იყოს, ზარმაცი ვარ. თუმცა, მეგობრები ხშირად მეუბნებიან: ამდენი რამის ერთდროულად გაკეთებას როგორ ასწრებო?

- შენი უახლოესი მეგობარი, შორენა ბეგაშვილი რჩევას ხშირად გაძლევს?

- მე და შორენა მართლაც, კარგი მეგობრები ვართ. ისეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს, რომ თავისუფლად შეუძლია მითხრას, რა არ მოსწონს ჩემში. ზოგჯერ ერთმანეთს რჩევასაც ვაძლევთ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ჯგუფელები ვიყავით. თანაც, ადრე მეუღლესთან და შვილთან ერთად, ჩემს მეზობლად, მიცკევიჩის ქუჩაზე ცხოვ­რობდა. უკვე 10 წელია, ვმეგობრობთ.

- ამბობენ, შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს მიჰყვება ცოლადო. ეს სიმართლეა?

- მე და შორენამ ერთმანეთის ცხოვრების ყველა დეტალი ვიცით. რა დროს სად მიდის, რას აკეთებს და ა.შ. უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ ის ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერია.

- იმასაც ამბობენ, საცხოვრებლად მოსკოვში გადადისო.

- ვიცი მხოლოდ ის, რომ უზომოდ შეყვარებულია, მაგრამ ვერ გეტყვი, საცხოვრებლად მოსკოვში მიდის თუ არა.

- მის საქმროს იცნობ?

- როგორ არა! ის ძალიან თბილი ადამიანია. როცა შორენასთან სტუმრად ვარ, ყოველ 5 წუთში ურეკავს. მიხარია, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ასეთი ბედნიერია. ის ახალ წელს ჩემი სანტა კლაუსი იყო და 9 წყვილი საუკეთესო ფეხსაცმელი მაჩუქა. ძალიან გამახარა.

- როგორც ვიცი, შენ და შორენას გარეგნულადაც გამსგავსებენ ერთმანეთს.

- თითქმის ყოველი მეორე ადამიანი მეუბნება, რომ შორენას ძალიან ვგავარ. მიხარია, რომ მას მამსგავსებენ. ჩემი აზრით, ის ძალიან ლამაზი გოგოა.

- შენ თუ გყავს შეყვარებული?

- მყავდა, მაგრამ ამ ეტაპზე დაშორებულები ვართ. ჩვენ ვიჩხუბეთ. ძალიან პრინციპული ვარ. თუ რაღაცას გადავწყვეტ, არასოდეს გადავიფიქრებ. ალბათ ძალიან უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომ მის გამო საკუთარ პრინციპებს ვუღალატო. ჩემს რჩეულს ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ. რა ვქნა, ვერავის გამო ვერ შევიცვლები. საკუთარი პროფესია ძალიან მიყვარს და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- ამ ეტაპზე თბილისში 2 კლუბის პიარ-მენეჯერი ვარ. კლუბებში საინტერესო "ივენთებსა" და კონცერტებს ვაწყობ.

- ამაყი ხარ?

- ლომის სიძლიერე და სიამაყე მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ამაყიც კი ვარ. ბატონი მიშა ცაგარელი ჩემი ახლო მეგობარია და სულ მეუბნება, რომ ტიპური ლომი ვარ.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, დალაგება?

- ყველანაირი საოჯახო საქმის გაკეთება მშვენივრად გამომდის, ოღონდ, მთავარია, მოვინდომო. კერძებიდან ყველზე მეტად, "ბაჟე" მიყვარს და ამიტომაც, ხშირად ვამზადებ. საახალწლო სუფრისთვის გოზინაყი და საცივი თავად მოვამზადე.

- როგორც მომავალ პატარძალს, თუ წარმოგიდგენია, საოჯახო საქმეებს თავს როგორ გაართმევ?

- რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირ საოჯახო საქმეს თავს კარგად გავართმევ. ისე კი, ვერ ვიტყვი, - სამზარეულოში ფუსფუსი და სახლის დალაგება ძალიან მიყვარს-მეთქი. პროფესიული საქმიანობა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე საოჯახო საქმეების კეთება. მინდა, ისეთი ქმარი შემხვდეს, რომელიც საქმიანობაში ხელს შემიწყობს.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. მომავალ მეუღლეს პერანგს აუცილებლად დავუუთოებ (იღიმის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ოოო... მომწონს გაწონასწორებული და ჭკვიანი მამაკაცები. ჩემმა რჩეულმა, პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებისგან. იუმორის გრძნობა, მეტყველი თვალები და ლამაზი თითები უნდა ჰქონდეს. აუცილებლად დასაქმებული უნდა იყოს და საკუთარი საქმე უყვარდეს. და კიდევ, მის მხარში დგომას, ყურადღებას ყოველთვის უნდა ვგრძნობდე.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად ფულიანი უნდა იყოს?

- თუ ფულიანი იქნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის! ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. თუ ვინმე შევიყვარე, მერე მისი დავიწყება მიძნელდება. თუ სიყვარული მყარია, წყვილი კომფორტულ ცხოვრებას მოიწყობს. თუმცა, ცხადია, ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. ჩემთვის მილიონები არაფერს წყვეტს. თუ მოვინდომებ, მილიონერი თავადაც გავხდები (იცინის).

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა! ერთი ნახვით შეიძლება, პიროვნება ძალიან მოგეწონოს და მასზე ფიქრი დაიწყო. თუკი ეს მოწონება არ განვითარდება, ურთიერთობა ვერ აეწყობა.

- ოდესმე მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- ერთხელ ვიღაცას მართლაც, ერთი ნახვით შევუყვარდი (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა). ის ბიჭი სამი წელი დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა - რა დროს სად მივდიოდი, ვისთან ერთად და ა.შ. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მომეშორებინა. მუდმივად მირეკავდა, ყურადღების მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა და უფრო მეტიც - დედაჩემის მობილურ ტელეფონზეც კი მირეკავდა. დღემდე არ ვიცი, დედას ტელეფონის ნომერი საიდან გაიგო.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისთვის, რომ შენი გული მოინადიროს?

- საკუთარი ვაჟკაცური ხასიათითა და მანერებით უნდა მომაწონოს თავი.

- მამაკაცში გარეგნობაა მთავარი თუ მისი ადამიანური თვისებები?

- მთავარი ადამიანური თვისებებია. ვიმეორებ, ის თბილი, ერთგული და მოსიყვარულე უნდა იყოს. საყვარელ ადამიანს ღალატს, ორგულობას, ტყუილს ვერასოდეს ვაპატიებ. საერთოდ, ადამიანებს შეცდომებს ძალიან ძნელად ვპატიობ. ჩემი წყენინება ადვილია, ბუტია ვარ. თუ ადამიანისგან ვერ ვიგრძნობ, რომ ის თავის დანაშაულს ბოლომდე აცნობიერებს და დაშვებულ შეცდომას ნანობს, მის პატიებას ვერ მოვახერხებ.

- ოდესმე საკუთარ ქორწილზე თუ გიოცნებია?

- რა თქმა უნდა, მიოცნებია! მინდა, ძალიან დიდი და ლამაზი ქორწილი მქონდეს. რა უნდა მეცვას? - ლამაზი თეთრი კაბა, დიდი შლეიფით.

- ქართული ტრადიციული ქორ­წილი თუ მოგწონს?

- მომწონს. ქართულ ტრადიციულ ქორწილს თავისებური ხიბლი აქვს.

- საყვარელ ადამიანთან ერთად, თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- პარიზში ან ვენეციაში - ორივე ძალიან მომწონს. ალბათ ამ საკითხს მომავალ მეუღლესთან შევათანხმებ (იცინის).

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, მის გადაწყვეტილებას როგორ შეხვდები?

- ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ მექნება.

- მზითევი თუ გაქვს?

- კი, მაქვს (იცინის).

- დედამთილს "დედას" თუ დაუძახებ?

- შეიძლება, "დედა" ვერ დავუძახო, მაგრამ აუცილებლად თქვენობით მივმართავ.

- როგორი ნიშნობის ბეჭედი მოგწონს - ტრადიციული ბაჯაღლოს რგოლი თუ მისი თანამედროვე ვარიანტი?

- ძალიან მომწონს ტრადიციული ბაჯაღლოს რგოლი და როცა გავთხოვდები, მას აუცილებლად ყოველთვის ვატარებ. ბოლოს და ბოლოს, ამ გზით აბეზარ თაყვანისმცემლებს საბოლოოდ ჩამოვიშორებ (იცინის).

- ოჯახი თუ კარიერა - ასეთი არჩევანის წინაშე რომ აღმოჩნდე, პირველ ადგილზე რომელს დააყენებ?

- ჩემთვის ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია! ქალისთვის ოჯახიც და კარიერაც აუცილებელია, ამიტომ მომავალმა მეუღლემ ასეთი არჩევანის წინაშე არ უნდა დამაყენოს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება