4 ქართველი მოდელი, რომელთაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს

4 ქართველი მოდელი, რომელთაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს

მოდის სამყარო მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ბიზნესია - ამ სფეროში გოგონას ზედმეტი კილოგრამიც კი შესაძლოა, სანანებელი გაუხდეს. მკაცრი დიეტა, ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული, ცნობილ თუ დამწყებ დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომელიც მოდელის კარიერის მთავარი ფაქტორია.

სამწუხაროდ, ყველა გოგონა ვერ ახერხებს მოდელი გახდეს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სიმაღლე, ან წონა არ უწყობს ხელს. ქართველი მოდელები ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას ახერხებენ, მაგრამ ამჯერად 4 ქალბატონის შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც მსოფლიო ქართველი ქალის სილამაზეზე აალაპარაკეს და წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს. 

ქრისტინე ძიძიგური: ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პარიზში მუშაობს. ფრანგული სამოდელო სააგენტოს "ელისის" წარმომადგენლებმა ქართველი ლამაზმანი საქართველოს მოდის კვირეულზე შენიშნეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. ქრისტინემ 1-წლიანი კონტრაქტის გასვლის შემდეგ "ელისიდან" სააგენტო "სლაიდში" გადაინაცვლა. თუმცა, ვიდრე ცნობილი მოდელი გახდებოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სუხიშვილების სტუდიაში ცეკვავდა.

მისი პორტფოლიო მრავალფეროვანია: საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ლონდონის შოურუმისთვის საკმაოდ პოპულარულ და წარმატებულ ბერძენ დიზაინერთან მარი კატრანტზოისთან ითანამშრომლა, რომელმაც საზოგადოებას საინტერესო ნამუშევრები შესთავაზა - კაბებსა და კოსტუმებზე წყალქვეშა სამყარო იყო გამოტანილი და პერფორმანსმა მოდის კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ჩეხ მოდელთან ერთად ჟურნალ ONE-ის ფოტოსესიაში გადაიღეს. ქრისტინე ყველა მოდელისა და ზოგადად ნებისმიერი გოგონას საოცნებო მოდის სახლთან, "კრისტიან დიორთან" თანამშრომლობს. მოდელი Christian Dior Parfume-ს ბოლო ტენდენციის მაკიაჟს ჟურნალებისთვის წარადგენს. თანამშრომლობს ფრანგულ მოდის სახლ "ქლოესთან" და კოსმეტიკურ ბრენდ L’Oreal-თან. ქრისტინემ საქართველო წარადგინა "იუნესკოს" პროექტ Les Origines de La Beaute-ში, პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე lesoriginesdelabeaute.com მსოფლიოს რამდენიმე ლამაზმანთან ერთად მთავარ სარეკლამო რგოლში სწორედ ქრისტინეს ფოტოა ატვირთული. რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა დიზაინერის, ალექსანდრ ვოტიეს სახე გახდა. ამჟამად, სააგენტო "კრისტალ მოდელ მენეჯმენტშია" დასაქმებული.

სალომე ფაღავა: სალომე ფაღავა, ქართველმა მაყურებელმა ქართულ ფილმებსა და ტელესერიალებში შესრულებული როლებით გაიცნო; მართალია სალომე მსახიობია, მაგრამ გადასაღებ მოედანს წარმატებული ფოტომოდელის კარიერა ადვილად შეუთავსა და მისი სილამაზით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების სიაც გაიზარდა;

რამდენიმე წლის წინ ფაღავა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში მიიწვიეს და ერთ-ერთი აზერბაიჯანული ბრენდის სახე გახდა. როდესაც სალომე ბაქოში მოღვაწეობდა, აზერბაიჯანის დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩა ქართველი ვარსკვლავის ფოტოებითა და ბილბორდებით იყო აჭრელებული. ფოტოგენური, ეშხიანი შავგვრემანი გოგონა აზერბაიჯანში ახალგაზრდა მომღერალ აზად შაბანოვის კლიპშიც გადაიღეს. ბაქოში ყოფნისას ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობაც შესთავაზეს, მაგრამ ვინაიდან აზერბაიჯანული ენა არ იცოდა, უარი თქვა. სალომემ სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ის იურისტ ბექა ჭუმბურიძეზეა გათხოვილი. წყვილს ვაჟი ანდრია შეეძინა.

სალომე ჯუღელი: სალომემ სამოდელო კარიერა სააგენტო "ნატალიში" დაიწყო. 17 წლის ასაკში პარიზში ყოფნისას ფრანგული სამოდელო სააგენტოს "მეტროპოლის" წარმომადგენლებმა შენიშნეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. გრძელფეხება გოგონა, რომლის დახასიათებისას ფოტოგრაფები ამბობენ, რომ მისი გარეგნობა ევროპული და აზიური შტრიხების ნაზავია "მეტროპოლის" პირველივე კასტინგზე აიყვანეს. პარიზში პირველ ჩვენებაზე პოდიუმზე საქორწინო კაბები წარადგინა. ჩვენებაში მონაწილეობდნენ ლიბანელი დიზაინერი ელი სააბი და ნიუ-იორკში მოღვაწე ამერიკელი დიზაინერი ვერა ვონგი. რამდენიმე თვის წინ სალომეს 2 ფოტო ჟურნალ Vogue-ს ფრანგულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე - vogue.fr-ზე დაიბეჭდა. სალომე ფრანგი სტილისტის, ლაურენტ ფილიპონის ვარცხნილობით პოზირებს. ფოტოები ფილიპონის წიგნში "თმა: მოდა და ფანტაზია" შევიდა. სალომე კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზეა გათხოვილი.

ანუკი არეშიძე: ანუკი არეშიძე ვიდრე სამოდელო ბიზნესში ჩაერთვებოდა,

"სუხიშვილებში" ცეკვავდა. მოგვიანებით სამოდელო სააგენტო "ამსაში" მივიდა, ხოლო ბავშვობის ოცნება 17 წლის ასაკში მოდის დედაქალაქ პარიზში აიხდინა - ქართველი გოგონა სამოდელო სახლში "მადმაზელი" აიყვანეს. ის ფრანგი ფოტოგრაფების მუზა იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მილანში გაემგზავრა, რადგანაც სააგენტო Elite-სგან მიიღო მოწვევა. მოგვიანებით ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გაიცნო. დღეს წყვილს 3 ვაჟი ჰყავს. ანუკიმ სამოდელო კარიერა მიატოვა, მაგრამ წარმატებულ დიზაინერად იქცა. მილანში უნივერსიტეტში Insituto Marangoni დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და თუ მანამდე პოდიუმზე სხვის შექმნილ კოლექციას წარადგენდა, ახლა საკუთარ ხაზს ქმნის. ჯერ იყო წარმატებული ტანდემი ANOUKI BICHOLA, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძისა და ანუკის გზები გაიყარა, არეშიძემ დამოუკიდებელი ბრენდი ANOUKI დააფუძნა.

ანუკიმ 22 ნოემბერს კიევში ახალი კოლექცია ANOUKI S/S 2014 Fashion Show წარადგინა. ჩვენებაში ცნობილი სუპერმოდელი, პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე ირინა შეიკი მონაწილეობდა. კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმი სწორედ ირინა შეიკმა მოირგო. დიზაინერმა ამავე სახელწოდების მაღაზია კიევში გახსნა, სამომავლოდ კი მაღაზიის გახსნას გეგმავს თბილისშიც. ანუკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალს შეუძლია ერთდროულად წარმატებული კარიერა და ოჯახი ჰქონდეს.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება