ესტრადის საპატო, უბერებელი "არწივი" და მორიგი ვარსკვლავი ფილარმონიის შესასვლელთან

ესტრადის საპატო, უბერებელი "არწივი" და მორიგი ვარსკვლავი ფილარმონიის შესასვლელთან

თემურ წიკლაური - 45 წელი სცენაზე, ვარსკვლავის გახსნა, დაბადების დღე (67 წლის გახდა) - ეს ყველაფერი 22 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ერთად აღინიშნა.…

საღამო ნუგზარ კვაშალმა გახსნა, მეგობარი არაერთი თბილი სიტყვით შეამკო და მისი საპატიო ტიტულების დასახელების შემდეგ, ხელოვნების საპატიო რაინდადაც შერაცხა... სცენაზე საპატიო "ივერიელი", "არწივი" და საღამოს მთავარი მოქმედი გმირიც გამოჩნდა, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით, თავისი ცნობილი ჰიტები ისე გულიანად შეასრულა, რომ მისი ერთი სიმღერისა არ იყოს, თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გული არა ბერდება".

საღამოს კულმინაცია მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა "აღსარება" აღმოჩნდა, - მან უფალს, მაყურებელს და სრულიად ქართულ საზოგადოებას პატიება სთხოვა... იყო ღიმილი, ცრემლიც, გარდაცვლილი მეგობრების გახსენება... მომღერალს სცენაზე ის ახლაგაზრდა შემსრულებლებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც თემურ წიკლაურმა თავად შეარჩია: და-ძმა - სოფო და ბორის ბედიები, ქეთი წიკლაური, გიორგი ბოლაშვილი, ტატო გოდერძიშვილი... სოფო ბედიამ იუბილართან ერთად ის ცნობილი ჰიტი (''ჩემი ოცნების ცაზე დაფრინავ'') იმღერა, რომელსაც ბატონი თემური მეუღლესთან, ლილი ზღვაურთან ერთად, 30 წლის წინ ასრულებდა. ამაზე ნებართავა კი დარბაზში მყოფი მეუღლისგან აიღო... გარდა იმისა, რომ დარბაზში იყვნენ იუბილარის კოლეგები "ივერიიდან", ასევე ქართველი ჯარისკაცები, ვისაც მომღერალმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და პერსონალურად უმღერა. მუსიკალური ნომერი საქართველოს პატრიარქსაც მიუძღვნა, რასაც დარბაზში ტაში, მეუფე თადეოზის სცენაზე ასვლა და მომღერლისთვის ექსპრომტად ლექსის მიძღვნა მოჰყვა...

საღამო მუხრან მაჭავარიანის ლექსზე შექმნილი სიმღერით დასრულდა... შემდეგ კი ყველამ ერთად ფილარმონიის შესასვლელთან გადაინაცვლა, სადაც დიდი ოვაციებით მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნა...

ასე რომ, იმ უამრავ ვარსკვლავს, რომელიც ჩვენს ქალაქში 14 წლია აქტიურად იხსნება და რომელსაც პერიოდულად, აქა-იქ გარკვეული მითქმა-მოთქმაც ახლავს ხოლმე, კიდევ ერთი შეემატა - თემურ წიკლაურის ვარსკვლავი...

ჯემალ ბაღაშვილი, შოუბიზნესცენტრ "ლომისის" ხელმძღვანელი, საღამოს რეჟისორი:

- არა მგონია, ამას სიტყვები სჭირდებოდეს, - 21 სიმღერა ასე გულით, ხმით, მთელი არსებით იმღეროს ადამიანმა, იშვიათია. მაყურებელი გრძნობს ამ სინაღდეს, რაც ასე აკლია არა მარტო ესტრადას, საერთოდ, ცხოვრებას, - სიყალბემ წაგვლეკა, სინაღდის დეფიციტია! დიახ, ეს სინაღდეა, რამაც ასეთი დიდი სიყვარული გამოიწვია...

დათო ოქტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- აი, ეს არის სიხარული, რაც ახლა აქ ხდება... დიახ, დამსახურებულ ადამიანებს ვარსკვლავებს ხალხი უხსნის და არა მე. აქამდე ვისი ვარსკვლავიც გაიხსნა, ყველას ასეთი დიდი სიყვარული ახლდა. 14 წელია, ეს პროექტი არსებობს და არ მახსოვს, ზოგადად ამდენხანს რომელიმე პროექტს ეცოცხლოს და ეს სწორად ამ სიყვარულის დამსახურებაა, დიდი მადლობა ქართველ საზოგადოებას!

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- მიხარია, რომ ამ ასაკში ასე გრძნობს საზოგადოების პულსაციას და ასეთი კონცერტი მოგვიძღვნა. მთელი გულით ვულოცავ ბატონ თემურს, ღირსეული კაცია და ღირსეული მომღერალი.

ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი:

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი, თემურ წიკლაური ასეთი დიდი მომღერალია. ეს ვიცოდით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მაგარია! მის ხმაზე აღარ არის ლაპარაკი, მთავარია ის ენერგეტიკა, რომელიც აქვს და ის შემართება, რომლითაც სცენაზე დგას... მჯერა, თემური კიდევ დიდხანს გაგვახარებს თავისი ხელოვნებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია სპეციალურად "ამბები"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება