ყირიმის პარლამენტმა უკრაინაში "პოლიტიკური სიტუაციის შესახებ" განცხადება მიიღო. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს.
განცხადების თანახმად, პოლიტიკური კრიზისი, რომლის აღმოცენების ფორმალური საფუძველი "უკრაინის ევროინტეგრაციის შესახებ კაბალური ხელშეკრულება" გახდა, შეიარაღებულ ამბოხებასა და ქუჩის ბრძოლაში გადაიზარდა.
"დაშავებულია ასობით ადამიანი, სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. ეს მეტისმეტად მაღალი ფასია პოლიტიკური პროვოკატორების – კლიჩკოს, იაცენიუკის და ტიაგნიბოკის სახელისუფლებო ამბიციებისთვის. ისინი, ეფარებიან რა უკრაინელი ხალხის ინტერესებს, ვითომდა მათი სახელით მოქმედებენ, დასაშვებ ზღვარს გადავიდნენ და სისხლისღვრის პროვოცირებას იწვევენ. მძვინვარე ექსტრემისტები, რომლებმაც დედაქალაქის ცენტრი მიიტაცეს და დანარჩენი ქვეყნისგან ბარიკადებით გამიჯნეს, აცხადებენ, რომ მათ მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე არანაირი კანონი არ მოქმედებს... დედაქალაქში მიმდინარე სისხლიან პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ოპოზიციის ლიდერებს, როგორც მაიდანზე შეკრების ორგანიზატორებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შეფასებით, ევროპელი და ოკეანის იქით მყოფი ლიდერების მატერიალური და მორალური მხარდაჭერის იმედით, ოპოზიციამ ულტიმატუმების ენა აირჩია და აყენებს სრულიად მიუღებელ, უკანონო მოთხოვნებს, რომელთაგან პირველი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია.
უმაღლესი საბჭო განცხადებაში საუბრობს "ევრობიუროკრატებზე", რომლებსაც მოულოდნელად უკრაინელი ნეონაცისტებისა და მათი მოკავშირეებისადმი "პოლიტიკური სიყვარული" აღმოაჩნდათ, რათა "იმეგობრონ მათთან" რუსეთის წინააღმდეგ.
"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაცვლად მოსკოვთან შეთანხმების გაფორმების გამო ოპოზიციამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა. სინამდვილეში კი მოღალატეა ის, ვინც კიევსა და უკრაინის რეგიონებში ძალადობის ესკალაციის პროვოცირება მოახდინა. ეს პოლიტიკური მარიონეტები, "ფერადი" რევოლუციების ტექნოლოგიების გამოყენებით უკრაინისა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკისთვის მომავლის წართმევას ცდილობენ. თუ ეს დანაშაულებრივი სცენარი რეალიზებული იქნება, ყირიმი და ყირიმელები აღმოჩნდებიან ძალადობრივი მაიდანიზაციის, მონაპოვარი ავტონომიისა და სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ჩვენ გვაიძულებენ, მოვწყდეთ რუსეთთან საერთო მრავალსაუკუნოვან ისტორიას, დავივიწყოთ რუსული ენა და ნაცისტური ლოზუნგების ქვეშ ვუღალატოთ ფაშიზმზე გამარჯვებული ჩვენი წინაპრების ხსოვნას. ამომრჩევლისგან მონიჭებული უფლებით ვაცხადებთ, ჩვენ არ დავუთმობთ ყირიმს ექსტრემისტებს და ნეონაცისტებს, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ქვეყნის გახლეჩისა და მოქალაქეების სისხლის ფასად ცდილობენ. ყირიმელები არასოდეს მიიღებენ მონაწილეობას არალეგიტიმურ არჩევნებში და არ აღიარებენ მის შედეგებს.
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ისტორიულ არჩევანს, რომელიც 23 წლის წინ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენასთან დაკავშირებით საყოველთაო რეფერენდუმზე გაკეთდა", - ნათქვამია განცხადებაში.