ქეთი კანტიძის საყვარელი საქმე და პირველი კინოროლი

ქეთი კანტიძის საყვარელი საქმე და პირველი კინოროლი

რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმში - "მედიატორი" ქეთი კანტიძემ ბორდელში მომუშავე ქალი განასახიერა. სათამაშო ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ისეთი რაღაც მოიფიქრა, რეჟისორი აღფრთოვანდა. ეპიზოდის აღწერა: ქალი ზის, მხრები მოშიშვლებული აქვს, ტუჩები - გამომწვევად შეღებილი; მინიკაბა აცვია, რომელიც ქეთიმ სახლიდან მოიტანა. იგი ცოტა ხანს კეკლუცობს, მერე საათს დახედავს, წამოდგება, მხრებზე გადასულ კაბის სახელოებს კისრისკენ გადმოიწევს, კაბას კოჭებამდე ჩამოიწევს, თავზე "კასინკას" წაიკრავს, გრძელ ლაბადას ჩაიცვამს, ხელში "ავოზკას" დაიჭერს, სადაც პური, პროდუქტები აწყვია და შინ მიდის. ქეთი კანტიძემ როლი თავად მოიფიქრა, რეჟისორმა კი ის ოვაციებით დააჯილდოვა. იგი საოცრად კეთილი და მხიარული ადამიანია. მეგობრებთან ერთად შეუძლია, დილამდე იცეკვოს, იმღეროს, რეპერის როლიც მოირგოს. ნიჭიერია და ყველაფერი კარგად გამოსდის. ქეთი კანტიძის კინონათლიები რეჟისორი მარინა კულუმბეგაშვილი და მსახიობი ეკა მჟავანაძე არიან.

მსახიობი საკუთარი გარდერობით

- არაპროფესიონალი ვარ და საკუთარ თავზე გამუდმებით ვმუშაობ. როლს რომ რამე არ დავაკლო და სახიერი გავხადო, ჩემი პერსონაჟის შესახებ დამატებით კითხვებს ვსვამ. სცენარს კი ვკითხულობ, მაგრამ რეჟისორი გმირის შესახებ უფრო მეტს მიამბობს, მის ბიოგრაფიას მაცნობს - ეს ყველაფერი მაინტერესებს და როლის შექმნაშიც მეხმარება. მუდამ ვცდილობ, ჩემს პერსონაჟს რაღაც შევმატო. ხშირად მსახიობს თავისი ეპიზოდის გაზრდის სურვილი უჩნდება, მაგრამ ძნელია ამაზე რეჟისორის დათანხმება; მასალა თუ არ მოეწონება, მაინც ამოჭრის. საერთოდ, ზედმეტი შეკითხვებით არ უნდა შეაწუხო, მაგრამ რადგან ყოველთვის მეორე და მესამეხარისხიან როლებში ვარ, არ მინდა, რეჟისორს მივავიწყდე, ამიტომ ვაქტიურობ და ვეკითხები: ასე სჯობს თუ ისე? აქ ასე დავდგე ან ასე გავაკეთო? დიდი ხანია, თეატრში ვმუშაობ. ეს ისეთი ორგანიზმია, სადაც რეჟისორი და მსახიობი ერთმანეთს უამრავ ვერსიას სთავაზობენ. ასე ხდება კინოშიც. წლების მანძილზე ბატონ რობიკოსთან ვმუშაობდი და მის რეპეტიციებს ვესწრებოდი. იგი ულევი ფანტაზიის მქონე ადამიანია ისევე, როგორც ლევან წულაძე. კინოგადაღების დროს ჩემი ძირითადი პრობლემა კოსტიუმის შერჩევაა: დიდ ზომას ვერ შოულობენ (ნუ, როცა იკერება, მაშინ პრობლემა მოხსნილია), ამიტომ ფილმებისთვის ჩემი გარდერობი მაქვს. კინომხატვრები მეტყვიან ხოლმე: - ასეთი ფერის კაბა გვინდა და ასეთი მოდელისო, მერე კი თავად ვარჩევ. "ჩემი ცოლის დაქალების" მხატვარი თამუნა ხშირად ამბობდა: მიყვარს ქეთისთან მუშაობა. როგორც კი ვეტყვი, რა უნდა ჩაიცვას, ზუსტად ხვდება, რა მჭირდებაო. მხატვრებს სამუშაოს ვუმსუბუქებ, მაგრამ გამოგიტყდებით, - კერვა არ მეხერხება და არც ღილის დაკერება ვიცი.

ხმის რეჟისორის წითელი დიპლომი

- მუსიკალური სკოლა დავამთავრე და ამ გზას უნდა გავყოლოდი, მაგრამ მერე თეატრალურ ინსტიტუტში ხმის რეჟისორის სპეციალობაზე ჩავაბარე. სტუდენტობის დროს გადაღებებზე "შავ" ჩანაწერებს ვაკეთებდი, გახმოვანებებზე დავდიოდი. ჩემი პედაგოგი გარი კუნცევი იყო. კინოში ხმის დიდ მნიშვნელობაზე ოთარ იოსელიანის ლექციების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და მახსოვს, როგორ ამაყად მოვდიოდი ინსტიტუტის დერეფანში. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი წარმოადგენდა მოთხრობას ხმებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღწერილი მქონდა, თუ რომელ ეპიზოდს რა ხმას დავადებდი და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსიც იყო გათვალისწინებული. ყველაფერი ჩანაწერების სახით მქონდა გამზადებული, რაც შემდეგ, პრაქტიკულად უნდა განმეხორციელებინა, მაგრამ 90-იანი წლები დადგა და ქვეყანა აირია. თუმცა, სადიპლომო კარგად დავიცავი და წითელი დიპლომი დავიმსახურე. "დურუ" იყო პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც გადამიღეს. ჩემი გმირი მსახიობმა თამუნა ადამიამ გაახმოვანა. მერე უკვე სერიალების დრო დადგა, სადაც ხმა სინქრონულად იწერება და გახმოვანება აღარ არის საჭირო.

"ასადან" დღემდე

- პირველი სერიალი "ასა" იყო. ამა თუ იმ როლზე ყოველთვის კასტინგის გავლით ვხვდებოდი. ჩემს როლებს ძირითადად, ასე აწერია: უნდა იყოს მსუქანი ქალი. სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მე და ნუგზარ ჩიქოვანი მეუღლეებს ვთამაშობდით. ჰოდა, ბევრს მართლა ცოლ-ქმარი ვეგონეთ. ყოფილა შემთხვევა, სამარშრუტო ტაქსით ერთად გვიმგზავრია. ასეთ დროს ჩვენთვის მგზავრობის საფასური გადაუხდიათ და შეხმატკბილებულად ყოფნა უსურვებიათ. ნუგზარს შესანიშნავი მეუღლე ჰყავს - სოხუმის თეატრის მსახიობი მარინა სოლომონია. როცა მარინა შემხვდებოდა, ვეუბნებოდი: როგორ არის ჩემი ქმარი? მომიკითხე და კარგად მიმიხედე-მეთქი! ისიც მპასუხობდა: ნუ გეშინია, კარგ ხელშია, შენ არ იდარდოო (იღიმის)...

რეჟისორ გიორგი ცინცაძის ფილმში - "ბუზი" ვითამაშე. ამ ფილმმა რამდენიმე პრიზი მიიღო. გიორგის მადლობელი ვარ, რადგან სერიოზული როლი მანდო კიდევ ერთ ფილმში - "ეჰ, მეგობრებო". ის არაჩვეულებრივი ადამია­ნია და მუშაობისას ძალიან მეხმარებოდა. გადაღებები კახეთში გვქონდა. მე და მარინა კულუმბეგაშვილი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მარინა კარგი რეჟისორი და საოცარი პიროვნებაა, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მაშინ უფრო მეტად დავმეგობრდით. საღამოებს მხიარულად და ხალისიანად ვატარებდით...

გიორგი ლიფონავასთან მუშაობა რომ ბედნიერებაა, ამაში ყველა დამემოწმება, ვისაც კი ოდესმე მასთან უმუშავია. "ჩემი ცოლის დაქალებში" მომვლელი ქალის როლი მაქვს, არაკომედიური სახეა. როლს ჩემით რაღაც ფერებს ვმატებ, მაგრამ გიორგის განსაკუთრებულ თანადგომასა და დახმარებას ყოველთვის ვგრძნობ.

ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. მარჯანიშვილის თეატრში საბავშვო სპექტაკლი - "საშობაო სიმღერა" გადის და ფოიეში რომ გავდივარ ხოლმე, ყველა ბავშვი მცნობს. შემომეხვევიან და ჩემთან ერთად სურათებს იღებენ. იმ დღეს 5-6 წლის ბიჭუნა ისე ჩამეხუტა, თვალებზე ლამის ცრემლები მომადგა. დედამისმა მითხრა, - გაგიჟებით უყვარხართო. სერიალებიდან ჯერ დოდო ("გოგონა გარეუბნიდან") უყვარდათ, მერე - ნუნუ ("შუა ქალაქში"). ისე კი მიკვირს ხოლმე, ბავშვებს ამ ასაკის პერსონაჟი რატომ შეუყვარდათ?.. ბოლოს ფრანგ რეჟისორთან ვიმუშავე. მხატვრულ ფილმში - "ჯეკი ქალების სამყაროში" მსუქანი გენერალი ქალის როლი მომცეს. ფაქტობრივად, ცალკე როლიც არ ყოფილა, მასობრივ სცენებში გადამიღეს, მაგრამ მასში სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. კინოგადაღების პროცესი იმდენად მიყვარს, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ. ამ დროს ვიბადები, ვცოცხლდები.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება