კიევში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა (+LIVE)

კიევში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა (+LIVE)

კიევის საავადმყოფოში, 22 იანვარს, გრუშევსკის ქუჩაზე მძიმედ დაჭრილი რომან სენიკი გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

პარტია "სვაბოდას" დეპუტატის ირინა სეხის თქმით, გარდაცვლილს რამდენიმე ოპერაცია და ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.

ბოლო დღეებში, კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულთაგან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, მომიტინგეებმა უკრაინის რვა ოლქში – ხმელნიცკში, როვნოში, ტერნოპოლში, ჩერნოვიცაში, ივანო-ფრანკოვსკოსა და ლვოვში - დაიკავეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, კიევში, გოლოსეევის რაიონში, გარდაცვლილი მილიციელი იპოვეს. გარდაცვლილ მილიციელს თავის არეში ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველთა განცხადებით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ორი უცნობი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან.

კიევში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ობოლონის რაიონულმა სასამართლომ კიევში, ავტომაიდანის 14 მონაწილე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულებს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ნაცემია.

უკრაინის მხარდამჭერი აქციის 12 მონაწილე დააკავა სპეცრაზმმა მინსკშიც, სადაც ადგილობრივები უკრაინის საელჩოსთან კიევში შეტაკებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად შეიკრიბნენ.

ამასთან, უკრაინის სოლიდარობის აქციის მონაწილეები დააკავეს მოსკოვშიც. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში 11 ადამიანია დაკავებული.

გარდა ამისა, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე დაცვა გამკაცრდა, - ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალებები ენერგეტიკის მინისტრ ედუარდ სტავიცკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად მიიღო. სტავიცკის თქმით, პროფკავშირთან მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რათა სადგურებმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს. მინისტრის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურები წარმოადგენს სარეჟიმო ობიექტებს, რომელთა თანამშრომლებს გაფიცვის უფლება არ გააჩნიათ.

მომზადებულია Unian-ის მიხედვით.

იხილეთ ფოტოგალერეა

პირდაპირი ეთერი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა