ყველაზე "დიდი სიმართლე" დათო ფორჩხიძეზე

ყველაზე "დიდი სიმართლე" დათო ფორჩხიძეზე

"ის ამაყი და დაუმორჩილებელია. ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი. ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს. ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ ქალწულს. ეს მუსიკოს დათო ფორჩხიძის ზოდიაქოს ნიშანია. დათო "ახალი ხმის" გამარჯვებული მწვრთნელი ზედიზედ მესამედ გახდა.

- პირველ რიგში, წარმატებას გილოცავ! მესამე წელია, პირველობას არავის უთმობ.

- როცა ამ პროექტში ჩავერთე, ვერც წარმოვიდგენდი, სამივეჯერ ჩემი გუნდის წევრი თუ გაიმარჯვებდა.

- ცოტათი დაბნეული ჩანდი...

- რა გასაკვირია, ძლიერი ფინალისტები იყვნენ, ძლიერი მწვრთნელები...

- შეგიძლია ახსნა, შენი წარმატების საიდუმლო რაშია?

- ძნელი სათქმელია. ალბათ შრო­­მისმოყვარეობას, იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმის კეთებისას ბოლომდე ვიხარჯები. დარწმუნებული ვარ, სხვა მწვრთნელებიც თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ მე გამიმართლა.

- მწვრთნელებმა მოგილოცეს?

- მომილოცეს.

- გულწრფელად?

- რა თქმა უნდა, გამარჯვება მათაც უნდოდათ და ამისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ გულწრფელები იყვნენ.

- "ახალი ხმა" შემდეგ სეზონზეც თუ იქნება, პროექტში გიხილავთ?

- არ ვიცი. პროექტზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს, ბევრს დავუმეგობრდი და მათ ანგარიშს ყოველთვის გავუწევ. მხოლოდ გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი. ყველა მონაწილემ დიდი გამოცდილება მიიღო, აქვთ კონცერტები, მიწვევები, მუშაობენ. ეს პროექტი ბევრი მათგანისთვის ერთგვარი ტრამპლინიც კი აღმოჩნდა.

- ვეფხვის წელში დაბადებული ქალწული ხარ. შენი ნიშნის დახასიათებას რამდენად იცნობ?

- არაერთხელ წამიკითხავს და ზოგიერთი რამ ემთხვევა.

- ასტროლოგები ამბობენ, - ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიანო.

- ასტროლოგებს დავეთანხმები. ზოგჯერ სიამაყეს გვერდით ვდებ, მაგრამ თუ ჩემთვის რაღაც მიუღებელია, მაშინ დათმობაზე არასდროს მივდივარ. სიამაყედ შეიძლება, დიდი ამბიციაც მივიჩნიოთ. ყოველთვის ვცდილობ, ეს ჩემთვის შევინახო, არავინ შემამჩნიოს. კულისებს მიღმა და მეორეხარისხოვან საქმეზე მუშაობაც შემიძლია. წინა ხაზზე დგომა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ხშირად სხვას ვუშვებ წინ და ჩემს დროს ველოდები.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- რომ გიპასუხო, - ასეთი არ ვარ-მეთქი, ვინც კარგად მიცნობს, დამცინებს. ინიციატივებით აღსავსე ადამიანი ვარ და არც რისკებს ვუფრთხი. ხელოვანი ვარ და შემიძლია, 3-4 თვის განმავლობაში დღე და ღამე ვიმუშაო, მომდევნო 3-4 თვეში კი არაფერი გავაკეთო. 9 საათიდან 6 საათამდე შეიძლება, ვერ ვიმუშაო, მაგრამ სამსახურში 6-ის შემდეგ მივალ და მთელ ღამეს შრომაში გავათენებ. ღამით მეტად ნაყოფიერად ვმუშაობ.

- "მას შეუძლია, საყვარელ საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვნას, ბოლომდე დაიხარჯოს".

- ზუსტი დახასიათებაა. მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. შემიძლია არ წავიდე გასართობად მეგობრებთან ერთად, უარი ვთქვა ბევრ რამეზე, მაგრამ არჩეული გზიდან არასდროს გადავუხვევ. ზოგადად, გართობის კაცი არ ვარ, ვერ ვერთობი.

- ახლა შენი მიზანი რა არის?

- ძალიან მინდა, ის ბავშვები, რომ­ლებიც ხალხმა "ახალი ხმიდან" გაიცნო, არ დაიკარგონ. მინდა, საქართველოში იქმნებოდეს ახალი თანამედროვე მუსიკა. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე "ვოისის" მოგება.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ასტროლოგები ჩემზე იმასაც ამბობენ, - პედანტია, დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევსო. ეს შოუს მსვლელობისას არაერთხელ უთქვამთ. დიახ, პედანტი ვარ! მიმაჩნია, რომ დეტალებისგან შედგება წარმატება. ერთ ბგერასაც კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, სხვაგვარად მუშაობა არ შემიძლია.

- მიზნისკენ მიმავალ გზაზე კონფლიქტები ხშირად გაქვს?

- ადრე უფრო ხისტი ვიყავი, ბოლო დროს კი კონფლიქტებს მაქსიმალურად ვერიდები. ფრთხილი გავხდი, ალბათ ეს თვისება ჩემში ასაკმაც მოიტანა. წარმოუდგენლად რთულია უკონფლიქტოდ დიდ გამარჯვებებს მიაღწიო, რადგან შენი გამარჯვება, ხშირ შემთხვევაში, ვიღაცის დამარცხებას ნიშნავს.

- ასტროლოგები გირჩევენ, კარგი იქნება, კომპრომისის ხელოვნებას თუ ისწავლიო.

- კომპრომისსაც გააჩნია. საერთოდ, ობიექტური აზრის არსებობაში ეჭვი მეპარება. ყველა აზრი სუბიექტურია.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზ­ღუდვები, აკრძალვები".

- თუმცა მაბრალებენ, რომ ჩარჩოში ვზივარ, დოგმები მაქვს. ჩემთვის XXI საუკუნეში არ არსებობს კითხვა, - "რას ვაკეთებ?" არსებობს კითხვა: "როგორ ვაკეთებ?" ერთადერთი ჩარჩო, ხარისხია. ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, კარგად გავაკეთო.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- ეს არის ყველაზე დიდი სიმართლე, იმ წინადადებებს შორის, რომლებიც აქამდე მითხარი. "ვოისი" 27 თუ 28 ქვეყანაში ჩატარდა და მგონი, არსად ყოფილა შემთხვევა, რომ ერთსა და იმავე მწვრთნელს ზედიზედ სამჯერ მოეგოს. მე არ ვამბობ, რომ ყველა მწვრთნელზე კარგი ვარ, მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ მათ შორის ყველაზე ღარიბი ვარ და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში. რა ვქნა, ფული ვერ ვიშოვე.

- ფულის შოვნას არ ინდომებ თუ ეს საქმე არ გამოგდის?

- ბევრმა დასვა შეკითხვა: ეს კაცი ამდენს რატომ შრომობს, ფულს თუ ვერ შოულობსო? მატერიალური შემოსავალი ჩემთვის ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა. მამა მეუბნებოდა: 40 წლამდე რასაც იშოვი, მაქსიმალური იქნებაო. უკვე 40 წლის ვხდები და მხოლოდ ოჯახის რჩენა შემიძლია.

- "მისთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა ხალხის აღიარება და საზოგადოებაში შექმნილი იმიჯი დგას".

- ხალხი ჩემი ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისა და ნათესავებისგან შედგება. მათ რომ არ მოვწონდე, არ ვუყვარდე და ჩემზე ცუდს ამბობდნენ, ამას ვერ ავიტან. ბევრი ცუდი თვისებაც მაქვს, ანგელოზი არ ვარ.

- ცუდი თვისებებიდან ყველაზე მეტად, რომელი გაწუხებს?

- ზოგად ჭრილში რომ განვიხილოთ, კაცობრიობის განვითარება ბოღმაზე, შურზე, სხვის დაჩაგვრაზე უფრო მეტად დგას, ვიდრე - სიკეთესა და ქველმოქმედებაზე. ჩემი ცუდი თვისება ის არის, რომ მინდა, ყოველთვის აღიარებული ვიყო. პოპულარობა ძალიან მომწონს. დიდი სამეგობრო წრე მყავს. გამარჯვებას რომ მილოცავდნენ, ვგრძნობდი, ეს მართლა უხაროდათ. გაწეულ სიკეთეს არასდროს ვივიწყებ. ისეთი ადამიანები, ვის წინაშეც ვალში ვარ, ძალიან ბევრი დამიგროვდა და ეს ჩემი სიმდიდრეა.

- ბოროტება და წყენაც ისევე გამახსოვრდება, როგორც - სიკეთე?

- ბოლო დროს მაღალ ოსტატურ დონეზე ვისწავლე პატიება და ვამბობ ხოლმე, - უმჯობესია, ხვალ შევრიგდეთ, ვიდრე 1 თვის შემდეგ.

- "ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს".

- ეს შოუები სხვა რა იყო, თუ არა ექსტრიმი? ცხოვრება საცალფეხო ბილიკია, ბევრგან გადასაჩეხი ადგილია და ზოგჯერ უნდა გარისკო, ზოგჯერ - უკან დაიხიო. წაგებისთვის ყოველთვის მზად ვარ და მომზადებული მაქვს ტექსტი, რომ გამარჯვებულს წარმატება გულწრფელად მივულოცო. სხვისი გამარჯვების აღიარებას ნიჭი უნდა, ეს ადამიანის ღირსებაზე მეტყველებს.

- "საზოგადოებაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- ვეფხვი მარტოსული ცხოველია. "ტუსოვკების" მოყვარული არ ვარ. ცხოვ­რებაში ბევრი რამ მარტოს მიკეთებია.

- "ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

- ვოცნებობ იმაზე, რაც რეალურია.

- ეგოისტი ხარ?

- ბევრჯერ დაუსვამთ შეკითხვა, - ვისისტი ხარ? საქართველოში ხომ ყველა ვიღაცისტია. მე ვპასუხობდი, - ეგოისტი ვარ. თუ დაჰკვირვებიხარ, საკუთარ ეგოიზმს ადამიანები როგორ მალავენ? ის იმარჯვებს, ვინც ეგოიზმით გარემოს არ აწუხებს. ყველას მიაჩნია, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს და მეც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, ყველაზე მეტად საკუთარი თავი მიყვარს.

- ძალიან ემოციური რომ ხარ, ამას კითხვა აღარ უნდა...

- ემოციების დამალვა არ ღირს. ყველა ადამიანს სტკივა, სცივა, უხარია... პროექტის გამარჯვებული მარი ჩაჩხიანი 18 წლის გოგონაა. ის საკუთარ ემოციებს არასდროს გამოხატავდა. ერთ დღეს ცალკე გავიყვანე და ვუთხარი, - მართლა არ ნერვიულობ, თუ რა ხდება, ამიხსენი-მეთქი. - ისე ვნერვიულობ, ლამის მოვკვდე, მაგრამ ვცდილობ, ეს მაყურებელს არ დავანახვოო. მე ემოციების მართვა და მოთოკვა არ შემიძლია. შეიძლება, ეს ვიღაცამ შოუს ნაწილად აღიქვას. ვინც მიცნობს, ყველა მეუბნება: მაყურებელს იმიტომ მოსწონხარ, რომ წითელ სავარძელში მჯდომი ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც - ახლობლებთანო. არ ვთამაშობ.

- "იმდენად რეალისტია, რომ ილუ­ზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

- კი რეალისტი ვარ, ბავშვობიდან მიყვარს მადრიდის "რეალი" (იღიმის). ილუზიებს ვყვები თუ არა? - ხანდახან ვოცნებობ, მაგრამ როცა ვრწმუნდები, ჩემს ოცნებას რეალობასთან კავშირი არ აქვს, მიწაზე ვეშვები, ზოგჯერ კი საკუთარ თავს დავცინი კიდეც. არაერთხელ მითქვამს: რა ცუდი პონტია იქ ყოფნა, სადაც ყველაზე მაგარი მე ვარ-მეთქი, მაგრამ ჩემზე მაგარი ტიპებიც აღმომიჩენია. ისიც მითქვამს, ისეთ სუსტ და პატარა ქვეყანაში ვცხოვრობ, ყველა "კაი ტიპს" ვიცნობ-მეთქი. მერე ვიღაც ისეთი გამიცნია, რომელსაც ხასიათით, პიროვნული თვისებებით მოვუხიბლივარ და საკუთარი თავისთვის მითქვამს, - ნურას უკაცრავად! ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან კარგი და საინტერესო რამ არის. მინდა, ბევრ კარგ პიროვნებას ვიცნობდე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება