"ერისიონი" კრემლში კონცერტისთვის, ჯემალ ჭკუასელი კი "ორგზის მოღალატეობისთვის" ემზადება

"ერისიონი" კრემლში კონცერტისთვის, ჯემალ ჭკუასელი კი "ორგზის მოღალატეობისთვის" ემზადება

ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში, კრემლში კონცერტის გასამართად ემზადება. როგორც "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა "ამბები.გე"-ს განუცხადა, ანსამბლს მოსკოვში საპროდიუსერო კომპანია ჰყავს, რომელიც ღონისძიებას ორგანიზებას უწევს.

"ძალიან დიდი მოლოდინია, განსაკუთრებით ქართველებისგან. ჩვენ ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან, ისევ ჩამოდით, ისევ გაგვახარეთო. ამას წინათ, "ფეისბუქზე" ვნახე ქართველი კაცი ამბობდა, შარშანდელი კონცერტის მერე, იმ დღის შემდეგ დავიბადეო. 7000-მა კაცმა საკონცერტო დარბაზის ჭერი კინაღამ ჩამოანგრია", - აღნიშნა ჯემალ ჭკუასელმა.

"ერისიონის" კონცერტი მოსკოვის კრემლის დარბაზში 14 აპრილს გაიმართება. "ახლა ორგზის მოღალატე ვიქნები", - ამბობს ჯემალ ჭკუასელი.

როგორც ცნობილია, "ერისიონი" რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში გასული წლის 4 მარტს გაემგზავრა. რუსული ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტები როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში გამართა. 9-10 მარტს კრემლის სამთავრობო სასახლეში რუსი მაყურებელი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ოვაციებით შეხვდნენ.

"5-წლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის მთავარ სცენაზე უნიკალური ქართული ანსამბლის, "ერისიონის" ორი გამოსვლა შედგა. მსოფლიოში ცნობილ ეთნოშოუში, "საქართველოს საგანძურში", გაერთიანებულია მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვაში ასახული სიუჟეტები ქვეყნის ისტორიიდან, ეროვნული ტანისამოსი და სინათლის შოუ. ეს ყველაფერი კი ქართველებისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი და ტემპერამენტიანი შესრულებით", - ასე ეხმაურებოდა რუსული პრესა ქვეყნის დედაქალაქში სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვიზიტს.

რუსეთში ანსამბლის გასტროლებს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა საქართველოში; მათ "ერისიონი" მკაცრად გააკრიტიკეს. ნაწილმა ანსამბლის გადაწყვეტილება, კრემლში კონცერტი გაემართა, სამშობლოს ღალატად შეაფასა.

თავად ჯემალ ჭკუასელი ამბობდა, რომ კრემლში კონცერტის გამართვა მას უხერხულობას არ უქმნიდა, რადგან ისინი არ ჩასულან პოლიტიკოსებთან, კრემლის საკონცერტო დარბაზი კი მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამხატვრო ხელმძღვანელის ინფორმაციით, კრემლში გამართული კონცერტისთვის "ერისიონმა" ჰონორარის სახით, 12 000 დოლარი აიღო.

"ჩვენ ვართ გამიჯნული პოლიტიკისგან და ვართ მსახიობები. მე ვიცი, რომ ხალხი არაფერს შუაში არ არის არასოდეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხისთვის ვიყოთ სასარგებლო და არა რომელიმე პოლიტიკანისთვის. როცა საუბარია ღალატზე, კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვისზე საუბრობენ. მე და ბურჭულაძე მოღალატეები არ ვართ, რადგან ჩვენი შემოქმედება რუსეთში გავიტანეთ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

ანა თავაძე, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება