ნიკა წულუკიძის თაფლობის თვე და წყალში გატარებული გაუსაძლისი 14 საათი

ნიკა წულუკიძის თაფლობის თვე და წყალში გატარებული გაუსაძლისი 14 საათი

თეატრმცოდნე, მეიგავე, ლექტორი, ტელე-რადიოწამყვანი და კიდევ არაერთი მხრივ დასაქმებული ნიკა წულუკიძე მოგეხსენებათ, გასულ შემოდგომაზე დაქორწინდა, თუმცა მისი გაბედნიერების შესახებ კარგა ხანს ვერაფერს გავიგებდით (წყვილი ქორწილის ღამეს, საქორწინო მოგზაურობაში საბერძნეთში გაემგზავრა), რომ არა ნანიკო ხაზარაძის ოპერატიულობა და მოხერხებულობა: ის პირდაპირ ქორწილიდან, ონლაინრეჟიმში "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ტვირთავდა ქორწილის ფოტოებსა და ვიდეოს.

- ცოლის შერთვის ამბავი და ქორწილი რატომ გაასაიდუმლოე?

- საკუთარ თავს არ მივიჩნევ ისეთ პერსონად, რომ დავდგე და ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ როგორ შემიყვარდა და გავიცანი ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე... თან, ჩემს ცოლსაც (თეკლა კოსტავა) არ უყვარს ზედმეტი აქტიურობა და ამ ყველაფერს თავს არიდებს, წყნარად ყოფნა ურჩევნია. ის "თიბისი" ბანკში მუშაობს.

- მისგან განსხვავებით, შენ ძალიან აქტიური ხარ.

- დიახ და ერთმანეთს ვავსებთ... მას მერე, რაც ცოლი მოვიყვანე, მივხვდი, რომ ოჯახის ფასი არაფერია. აბა, რა სჯობია იმას, როდესაც შენზე ზრუნავენ, როდესაც სახლში მისვლა გიხარია?! მეგობრები მეხუმრებიან, - საკუთარი თავის პატივისმცემელი ხარო. ვფიქრობ, თუ შენს თავს პატივს არ სცემ, ცხოვრება გაგიჭირდება.

- მოკლედ, შენმა "ეგომ" "რღვევა" განიცადა?

- კი, ის თანდათან ირღვევა და "წელშიც გატყდა" (იცინის). მას თუ რამე დაეჭიდებოდა, არ მეგონა. ოჯახი მომერია.

- ე.ი. შეიცვალე...

- ახლა შინ ყოველთვის ადრე მივდივარ, ადრე კი საღამოობით რაღაც კონცერტებზე, საღამოებზე წასვლით ვირთობდი თავს. ასევეა ჩემი თეკლაც: სამსახურიდან შინ მოიჩქარის. ორივეს გვსიამოვნებს და გვიხარია, როცა სტუმრები და მეგობრები ჩვენთან მოდიან... გამიმართლა, რომ თეატრი ჩემს ცოლსაც უყვარს. როცა გავიცანი, პირველად თეატრში დავპატიჟე, ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, მოეწონებოდა თუ არა სპექტაკლი.

- ისე, თეკლა როგორ და სად გაიცანი?

- ჩემმა მეგობრებმა: კახა მიქიაშვილმა, ნიკუშა და ირაკლი ფორჩხიძეებმა დამირეკეს, - ერთ-ერთ კაფეში ვსხედვართ და მოდიო. მივედი. გვერდით მაგიდასთან ირაკლი ფორჩხიძის მეგობრები ისხდნენ. მათგან ერთ-ერთი გოგო ძალიან მომეწონა. მისი ღიმილით, გამოხედვით, საქციელით მაშინვე მოვიხიბლე და იმ დღის შემდეგ გადავეკიდე. მასთან დაახლოება ისე მოვინდომე, რომ თავბრუ დავახვიე. ვერ გეტყვი, რომ ჩემს ბადეში მალევე გაეხვია, ცოტა მაწვალა (იცინის). ეს ყველაფერი ახლა კარგად მახსენდება.

- მისი გულის მოსაგებად მაინც, რას აკეთებდი?

- ერთხელ სამსახურიდან ქუთაისში წავიდა და იქაც კი გავეკიდე... საერთოდ, ვიდრე რაღაცას გავაკეთებ, დიდ­ხანს ვფიქრობ, საქმის აწონ-დაწონვა მიყვარს, მაგრამ თეკლა ახლოს რომ გავიცანი, მისი ბევრი თვისება დაემთხვა ჩემსას და ძალიან მომეწონა. შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული ადამიანია. მინდა, მეც მისნაირი ვიყო.

- რას გულისხმობ?

- ჯერ არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვას. რაღაცებზე მაღლა დგას... მართალია, პროფესიულად სხვადასხვა ინტერესი გვაქვს, სხვა სფეროდან არის, საბანკო-საფინანსო განხრით აქვს განათლება მიღებული, მაგრამ მისი სფერო მეც მაინტერესებს და როგორც გითხარი, მასაც უყვარს თეატრი. ისე, თეატრის სამზარეულოში ჩემი წყალობით რომ ჩაიხედა, რაღაცებზე კი შეეცვალა წარმოდგენა. მაგალითად, მიხვდა, რომ კულისებში ადამიანებს სულ სხვა ურთიერთობები აქვთ... სხვათა შორის, ვიდრე გავიცნობდი, სახელი და გვარი - "ნიკა წულუკიძე" გაგონილიც არ ჰქონდა ანუ არ მიცნობდა. თავიდან მეგონა, ამას იმიტომ ამბობდა, რომ იპრანჭებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, არ იტყუებოდა. არ მიცნობდა - არც ტელევიზიით ვუნახავვარ, არც რადიოში მოუსმენია ჩემი ხმა და არც პრესაში წაუკითხავს ჩემი ინტერვიუ.

- როცა გაიგო, როგორი პოპულარული ადამიანი ხარ, რა თქვა?

- თეკლასთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ის უფრო მეტად გაახარებდა, თუ მისი ქმარი ტელეეკრანზე ასე ხშირად არ გამოჩნდებოდა. ცოტა უხერხულია მეუღლეს რომ აქებ, მაგრამ თეკლას ყველაფერში ზომიერება უყვარს, ის საოცრად მოკრძალებული ადამიანია.

- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- მითხრეს, - მთავარია, შენ მოგწონდესო. დედამ თეკლას არსებობა რომ შეიტყო, სარძლოს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ცნობათა ბიუროში ნამდვილად არ წასულა. მოკლედ, მშობლები მენდობიან და როგორც გაირკვა, თურმე სანდო ბიჭიც ვყოფილვარ. ახლა ბედნიერები არიან.

- ქორწილის შემდეგ, როგორც მახსოვს, საქორწინო მოგზაურობაში საბერძნეთში გაემგზავრეთ.

- საბერძნეთში არის კუნძული სანტორინი, სადაც ნამდვილი სამოთხეა. ზღაპრულად დავისვენეთ და გავერთეთ. იქ ერთმეტრიანი ქუჩებია და ტრანსპორტად მხოლოდ ვირს იყენებენ. გარშემო აბსოლუტური სითეთრეა და შენობები ლურჯი სახურავით არის გადახურული. იმ სასტუმროს ხელმძღვანელობამ, სადაც ჩვენ დავბინავდით, გვითხრა, რომ მხოლოდ თეთრი ტანსაცმელი ჩაგვეცვა, რადგანაც შეყვარებულებისა და რომანტიკული ადამიანების სასტუმრო ყოფილა... დავისვენეთ, ვიხალისეთ და ბოლოს, როცა ათენიდან თბილისში უნდა გადმოვფრენილიყავით, გვითხრეს: ვინ მოგცათ ეს ბილეთი? აქ ათენი-თბილისი კი არა, ათენი-სანტორინი წერიაო. ავნერვიულდით. მერე გვითხრეს: იმ მიმართულებით, სადაც თქვენ გინდათ გამგზავრება, ერთი გემი 20 კუნძულის გავლით გამთენიისას გადის და მაგ დროს მოდითო. მივედით და რას ვხედავთ? გემი კი არა, რაღაც პატარა, საშინელი იახტა იყო, რომლითაც სოფლის ხალხს თხები, ცხვრები, ქათმები და რაღაც პროდუქტი გადაჰქონდათ. სხვა რა გზა გვქონდა და 14 საათი იმ "გემზე" ყოფნით დავიტანჯეთ, მაგრამ ახლა ის ყველაფერი კარგად მახსენდება.

- ასეთ გაუგებრობაში რატომ აღმოჩნდით?

- იმიტომ, რომ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ვიღაც აფერისტ გოგოს გადავეყარე. ის კი არა, მისი წყალობით, ჯერ კიდევ საქართველოში "შევეჯახე" აფერას. ჩვენთან ერთად ვისაც უნდა ემგზავრა, ის ადამიანები აეროპორტში დარჩნენ, რადგან მათი ბილეთების ფული გადახდილი არ იყო. მოკლედ, მაშინ გადავრჩი, მაგრამ ასეთ "სიურპრიზს" საბერძნეთში ყოფნისას ვერ ავცდი.

- ვიცი, რომ შენ და თეკლა ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობთ. საოჯახო საქმეებს ვინ აგვარებს?

- ჩემი ცოლი... საოჯახო საქმეები კარგად გამოსდის, "კარგი ხელი" აქვს, იცის გემრიელი კერძების მომზადება და თანდათან, რაღაცებს კიდევ სწავლობს. მე ათასში ერთხელ, სტუმარი თუ მოვა, რაღაცებს ჩემებურად "ჩავატარებ" ხოლმე.

- "იმედში" "კულინარიული დუელით" დაბრუნდი. მართლა გემრიელია ის კერძები, რომლებსაც შენი სტუმრები ამზადებენ?

- კი, ძირითადად გემრიელ კერძებს ამზადებენ. სამომავლოდ, იდეა მაქვს, რესტორანი გავხსნა, რადგანაც გემრიელი კერძების მომზადება მეც მეხერხება (იცინის).

- ისე, ყველაფერთან ერთად, გეტყობა, რომ კომერციული ნიჭიც გაქვს...

- ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს. ახლა რამდენიმე ამბავი გამახსენდა და მოგიყვები: სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მე და მამაჩემი ზოოპარკში წავედით. იქ მისულებმა ვნახეთ, რომ ძველი ატრაქციონების დემონტაჟი მიმდინარეობდა. მივედი ხელოსნებთან და ვკითხე, - ამ მოხსნილ საქანელებს არ გაყიდით-მეთქი? თუ ვინმე წაიღებს, სამას ლარად მივცემთო. იმ დროისთვის ბაბუის დატოვებული ფული მქონდა და 4 უზარმაზარი ნავი-საქანელა ვიყიდე. მერე მას მეთუნუქემ და მღებავმა ხელი შეავლეს, ბავშვებმა - მე, ჩემმა დამ, ჩემმა ბიძაშვილებმა ნავებს ლამაზი ყვავილები მივახატეთ, ფიცრებიც გამოვუცვალეთ და ნავები საირმე­ში გავგზავნეთ. მოკ­ლედ, ეს იყო ჩემი პირ­ველი ბიზნესი: იქ ადგილობრივი ოჯახიც დასაქმდა, რადგანაც ბავშვებს "აკატავებდა" და თვეში ამ საქმიდან მეც მქონდა რაღაც შემოსავალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკოლის ასაკიდან მაქვს საკუთარი ჯიბის ფული.

შემდეგ ასეთი რამ მოხდა: თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და დასასვენებლად ანტალიაში გამიშვეს. იქ სასტუმროს დირექტორმა ახლოს რომ გამიცნო, მითხრა: გატყობ, ბევრ ადამიანს იცნობ. ჩამოიყვანე თბილისიდან 10-კაციანი ჯგუფი, შენ კი უფასოდ და­გასვენებ და ფულიც დაგრჩებაო. ივლისი იყო. იქიდან რომ ჩამოვედი, 10 დღეში 70 კაცი შევკრიბე, 1-ელ აგვისტოს ავტობუსი ვიქირავე და ანტალიაში წავედით. მარშრუტი ასეთი გახლდათ: ტაო-კლარჯეთი-კაპადოკია-ანტალია. გზად ყველაფერი დავათვალიერეთ. იმდენი ხალხი წავიყვანე, რომ მოგება არ დამრჩა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებულმა ანტალიაში დასასვენებლად დედა, მამა და ჩემი და წავიყვანე. მოკლედ, ოთხმა ადამიანმა უფასოდ დავისვენეთ. ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობდი, - რად მინდა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა? ამას ხომ არ ჯობია, ტურისტული სააგენტო გავხსნა-მეთქი?

ჩემი მშობლები ბავშვობაში არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ ჩემი ფული ყოველთვის მქონდა. "მშიერი" პროფესია კი ავირჩიე, თეატრმცოდნეობას ვგულისხმობ (მაგალითად, ლექციებს რომ ვკითხულობ, ხელფასი 46 ლარი მაქვს), მაგრამ ეს რა სალაპარაკოა?! არ ვწუწუნებ, რადგან პარალელურად სხვა სამსახურებიც მაქვს. ჩემთვის თეატრი ის ადგილია, რომელიც ყველანაირ სამსახურსა და ბიზნესზე მაღლა დგას.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება