რატომ აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ქვეყნის "ახალი ხმა"

რატომ აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ქვეყნის "ახალი ხმა"

მარიამ ჩაჩხიანი ქვეყნის "ახალი ხმა" გახდა და ახლა საკუთარ მუსიკალურ გეგმებს საზღვარგარეთს უკავშირებს. ამბობს, რომ პროექტმა ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის - ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა.

- პროექტში გამარჯვებამ ალბათ, უკვე ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში.

- ნამდვილად ასეა! ქუჩაში ხალხი მცნობს, მიწვევენ გადაცემებში, ყოველდღიური ცხოვრებაც ბევრად განსხვავებული გახდა. გარდა ამისა, კონკურსმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა. ვისწავლე ის, რომ ყველა გამოწვევას არ უნდა აჰყვე, ზოგჯერ ჩუმად ყოფნაც საჭიროა.

- ინტრიგებს გულისხმობ?

- დიახ. რაღაცებზე რომ მეყვირა, შეიძლება ბევრი რამ დამეკარგა. ვცდილობდი, კონფლიქტში არავისთან შევსულიყავი. ახლაც ბევრი ჭორი გავიგე ჩემზე, სისულელეებს "ამტკიცებენ". ამბობენ, - თითქოს იპოთეკური სესხი ავიღე, ზოგი იმასაც ამბობს, რომ პროექტში გამარჯვებისთვის 2 სახლი ჩავდე ბანკში და მგონი, ვილაც (იცინის). ეს ძალიან დიდი სისულელეა. უკვე 4 წელია, ჩემი ოჯახი ქირით ცხოვრობს.

- გამარჯვების მოლოდინი გქონდა?

- ამის იმედი ბოლო პერიოდში უფრო მეტად მქონდა. თავიდან ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი კონკურსანტი იყო და ბუნებრივია, გამარჯვების შანსი ყველას თანაბრად გვქონდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვგრძნობდი, რომ გავიმარჯვებდი.

- როგორ ფიქრობ, სხვა მწვრთნელი რომ აგერჩია, ქვეყნის "ახალი ხმა" გახდებოდი?

- "ბრმა კასტინგზე" დათომ მითხრა - მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან წახვალ, ამ პროექტს იგებს მხოლოდ მონაწილე და არა - მწვრთნელიო. მოგვიანებით ისიც მითხრა, - თითქოს მაშინ ვიგრძენი, რომ ფინალისტი შენ იქნებოდიო.

- ხშირად დათოსთან არ მიდიან იმ პრინციპით, რომ მასთან ძლიერი ბავშვები იყრიან თავს, კონკურენცია დიდია და ამის გამო, თითქოს გამარჯვების შანსი იკლებს.

- მე მეოთხე მონაწილე ვიყავი, ვინც დათომ აიყვანა და ვისაც ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა. დათოს გუნდში ასეთი 5-6 კონკურსანტი იყო, დანარჩენ გუნდებში კი მგონი, თითო-თითო. ასე რომ, ჩვენი გუნდი იყო ყველაზე "კამიკაძე". რა თქმა უნდა, მე ამ პრინციპით არ მიმიღია გადაწყვეტილება.

- მანქანას მართავ?

- არა, მაგრამ პროექტში მონაწილეობის შანსი რომ გაჩნდა, მაშინვე მომინდა მართვის მოწმობის აღება (იცინის). თებერვლიდან აუცილებლად ვიზრუნებ ამ საკითხზე.

- მუსიკის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. არ ვიცი, რა მომავალი მექნება ჟურნალისტიკაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, სიმღერის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. 3 წლიდან ვმღერი. ჩემმა პედაგოგმა, ნანა ჟღერიამ "გამზარდა".

- ეს შენთვის პირველი კონკურსი იყო?

- პირველი სატელევიზიო კონკურსი იყო. ადრე რაღაც კონკურსებში ვმონაწილეობდი: "იმედის" ტელევიზიაში "12 მტრედში" ვცადე ბედი; საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსში - "მე მიყვარს თბილისი" პირველი ადგილი ავიღე; 2008 წელს ეგვიპტის საერთაშორისო ფესტივალზე, 28 ქვეყნის წარმომადგენელს შორის პირველ ადგილზე გავედი და მაშინ პრიზი ეგვიპტის პირველმა ლედიმ გადმომცა. ასევე, ტრიოს სახით, მე, ჩემი და - ქეთევან ჩაჩხიანი და ნინი გველესიანი "სლავიანსკი ბაზარზე" მიგვიწვიეს.

- ფიქრობ, რომ შენი წარმატების შანსი სწორად შერჩეულმა სიმღერებმაც გაზარდა?

- ამ საკითხს ჟიურისგან კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა სწორედაც რომ ზუსტად შემირჩია სიმღერები. პროექტს "ახალი ხმა" ჰქვია და ვფიქრობ, აქცენტი სწორედ ხმის მაქსიმალურ წარმოჩენაზე უნდა კეთდებოდეს.

- დათოს, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას, როგორ დაახასიათებ?

- ამ ეტაპზე ის უკვე ჩემი მეგობარია. საერთოდ, გახსნილი, თავისუფალი ადამიანია. ჩვენთვის, პირველ რიგში, კარგი მრჩეველი იყო. ჭორების, რაღაც ინტრიგების გამო სულ გვარიგებდა, გვეუბნებოდა როგორ მოვქცეულიყავით. ჰოდა, ამიტომ ვიყავით ერთი გუნდი, არ ვიყავით დაქსაქსულები. დათოსთან ერთად, მისი ჯგუფის ბავშვებს მასშტაბური გეგმები გვაქვს.

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია? რა იქნება ამის შემდეგ?

- საქართველოში, ყველამ ვიცით, რომ მომღერლისთვის პერსპექტივა არ არსებობს. საზღვარგარეთ წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ.

- კონკურსებში მონაწილეობას კიდევ აპირებ?

- საზღვარგარეთ კი, მაგრამ საქართველოში ასეთ პროექტში აღარ მივიღებ მონაწილეობას. გამოცდილების შეძენა და პირველი ადგილი - ანუ ის, რაც მინდოდა, უკვე მივიღე. მსგავს კონკურსში ბედი კიდევ ერთხელ რომ ვცადო, ეს უკან დახევა უფრო იქნება, ვიდრე ნაბიჯის წინ გადადგმა. შეიძლება, ამა თუ იმ პროექტში ვიღაცამ ჩაწყობით, ნაცნობობით გაიმარჯვოს და ეს დამთრგუნველია. თანაც, იმ სტატუსსაც დაკარგავ, რაც უკვე მოპოვებული გქონდა.

- შენ გარდა, ოჯახში ვინმე მღერის?

- არა, მაგრამ ყველას განსაკუთრებული სმენა აქვს. სახლში მე, ჩემი და-ძმა, დედა, მამა, 2 ბებია და პაპა ვცხოვრობთ...

- სიმღერის გარდა, რა გატაცება გაქვს?

- ვხატავ. დედა მხატვარი და დიზაინერია. ძალიან ბევრი საკონცერტო კოსტიუმი ჩემთვის სწორედ მან შექმნა, მათ შორის - "ახალი ხმის" ტურებშიც. მიყვარს ცურვა და ჯირითი, ვგიჟდები ცხენებზე.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული არ მყავს, არც მყოლია და ახლო მომავალში ვინმეს შეყვარების სურვილიც არ მაქვს.

- რატომ?

- ვერ ვიტან კონტროლს, ქართველ კაცებს კი შეყვარებულთან ურთიერთობა ამის გარეშე არ შეუძლიათ (იცინის).

- კარგი, მაშინ ის მითხარი, მამაკაცის შეფასებისას, პირველ რიგში, რას ანიჭებ უპირატესობას?

- მოთმინების უნარს, რაც მე საკმარისად მაქვს და ძალიან ვაფასებ. მამაკაცს, რომელზეც შეიძლება ვიფიქრო, უნდა უყვარდეს ხელოვნება, ცოტათი მაინც ერკვეოდეს მუსიკაში და რაც მთავარია - არ ამიკრძალოს ის, რისი კეთებაც მსიამოვნებს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება