სოციალურ ქსელში ანონიმურად გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ვანო მერაბიშვილი "დიდი პრემიის" სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან "ორ გვამს" ითხოვს, დაუყოვნებლივ კვალიფიციურ ექსპერტიზას საჭიროებს, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" სამხედრო მიმომხილველი კობა ლიკლიკაძე წერს.
ლიკლიკაძის აზრით, გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი, გვარდიის დეპარტამენტის მაშინდელი სარდალი შმაგი თელია და სხვა ოფიცრები, რომლებიც ამ კადრებში ჩანან.
"როგორც ამ კადრებში ჩანს, ისინი მუხროვანის ამბოხის ჩაფუშვის მომენტისთვის ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ და კარგად უნდა ახსოვდეთ, რა ბრძანება გასცა მერაბიშვილმა. უდავოა, რომ სამხედრო ნაწილში ამბოხის ორგანიზება თუ წაქეზება ყველა ქვეყანაში მკაცრად ისჯება. შესაბამისად, მუხროვანის ამბოხის დროსაც, ყველა მოქმედსა თუ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ამ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, პასუხი უნდა ეგოთ კანონის წინაშე. მაგრამ ეჭვმიტანილთა ლიკვიდაცია მხოლოდ ყველაზე სასტიკ დიქტატორულ სახელმწიფოში შეიძლებოდა მომხდარიყო და არა საქართველოში, რომელსაც აქვს პრეტენზია, სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოდ იწოდებოდეს", - წერს ლიკლიკაძე.
რადიო "თავისუფლების" სამხედრო მიმომხილველი საზრით, თუ კადრების ავთენტურობა დადასტურდა, პროკურატურამ წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ კიდევ ერთი ხმაურიანი გამოძიება უნდა დაიწყოს.
"მით უფრო, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის დროზე ჰქონდა ეჭვი, რომ მუხროვნის ამბოხის გამჟღავნების დროს საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი დანაშაულის ორგანიზატორებს. თუ მერაბიშვილის ოპერატიულ ლექსიკონში სიტყვა "გვამი" არ ნიშნავდა რაიმე პაროლს, მაშინ დიდი ალბათობით "ორ გვამად" უნდა ქცეულიყვნენ 2009 წლის ამბოხის ორგანიზატორები - გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე. მათგან ერთი - გია კრიალაშვილი - მართლაც დაიღუპა ამბოხიდან ორი კვირის თავზე, გლდანის გზაზე მოწყობილი სპეცოპერაციის დროს, ხოლო მძიმედ დაჭრილი კობა ოთანაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მოგვიანებით სასამართლომ მას 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - წერს ლიკლიკაძე.
მისივე თქმით, მართალია, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", მუხროვანის ამბოხისათვის მსჯავრდებულ პირებს პოლიტპატიმრების სტატუსი მიანიჭა და 2013 წლის იანვარში საპყრობილიდან გაათავისუფლა, მაგრამ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები - თუ ოთანაძე, კრიალაშვილი, ამირიძე და სხვები დამნაშავეები არ იყვნენ, მაშ რა მოხდა ხუთი წლის წინ მუხროვნის სამხედრო ბაზაზე? ვინ მიიღო ეჭვმიტანილი პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება?!
"რა დასამალია, რომ საქართველოში ბევრს უტოვებს უსამართლობის განცდას გახმაურებული საქმეების გარშემო დარჩენილი ასეთი პასუხგაუცემელი კითხვები. ხოლო სადაც სამართლიანობა არ არის, იქ, როგორც ცნობილია, არც მშვიდობაა; იქ (ამ შემთხვევაში საქართველოში), რომელიღაც ყოფილი მოხელისა თუ ოპერატორის არქივში, ყოველთვის მოიძებნება თავზარდამცემი ნივთმტკიცება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის იმ ცხრაწლიანი პერიოდიდან, რომლის დროსაც, კარგთან ერთად, სამწუხაროდ, ცუდიც ბევრი მოხდა", - წერს ლიკლიკაძე.
ინტერნეტში გუშინ ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა.