ნოდიკო ტატიშვილი: „ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია სოფო ნიჟარაძის ნათქვამმა კრიტიკა...“

ნოდიკო ტატიშვილი: „ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია სოფო ნიჟარაძის ნათქვამმა კრიტიკა...“

რამდენიმე დღის წინ ბაქოში სპექტაკლი „ვერის უბნის მელოდიები“ ანშლაგით გაიმართა. სპექტაკლმა, რომელიც თბილისში აღარ გადის, აზერბაიჯანელი მაყურებელი აღაფრთოვანა.

„სამარცხვინოა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთმანეთთან აკავშირებს“, - ამბობს მედროგე პავლეს როლის შემსრულებელი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თითოეული ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს, რომლებმაც ასეთი დონის ღირებული რამ შექმნეს და მიუზიკლის ნახვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს კიდევ უნდა ჰქონდეს. ნოდიკოს ბაქოში გამართულ მიუზიკლზე ვესაუბრეთ.

- ნოდიკო, „ვერის უბნის მელოდიები“ აზერბაიჯანში როგორ აღმოჩნდა?

- როგორც ვიცი, თბილისში ამ მიუზიკლის ჩვენებას აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებიც დაესწრნენ. ისე მოეწონათ, რომ ძალიან მალევე დაიწყეს საუბარი, მიუზიკლი ბაქოში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა აჩვენოთო. ეს სპექტაკლი ზოგადად ძვირად ღირებული პროექტია, აზერბაიჯანის მხარემ თქვა, ყველაფერს ჩვენს თავზე ავიღებთ და სპექტაკლს ბაქოში წავიღებთო. ამ გასტროლმა ყველანაირი მოლოდინი გაამართლა. ათასკაციანი დარბაზი სავსე იყო. ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა. „ვერის უბნის მელოდიებს“ არასდროს აკლდა აღიარება. მაყურებელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სტანდარტის მიუზიკლი. ბაქოშიც იგივე თქვეს, ამბობდნენ, რომ მსგავსი დონის მიუზიკლი შეიძლება, ამერიკაში ნახო. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ასეთი შეფასება.

- მიუზიკლის ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ გული სწყდებათ, რადგან სპექტაკლი თბილისში აღარ გადის. არის ლაპარაკი იმაზე, რომ მიუზიკლი კვლავ დაუბრუნდეს თბილისურ სცენას?

- მსახიობებს ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ამ სპექტაკლზე თითოეულმა მონაწილემ ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. ყველამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ. ვიშრომეთ, რომ მიუზიკლის დონე საერთაშორისო ხარისხს გათანაბრებოდა და ვფიქრობ, ის ენთუზიაზმი და შრომა არ უნდა დაიკარგოს. საბოლოო ჯამში მართლა კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა და ვამაყობ, რომ ქართველებს ასეთი მიუზიკლი გვაქვს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სპექტაკლში მთავარი როლი მაქვს. მედროგე პავლე რომც არ ვყოფილიყავი და უბრალოდ მენახა სპექტაკლი, იმავენაირად შევაფასებდი.

- ამბობენ, რადგან მიხეილ სააკაშვილს მოსწონდა ეს სპექტაკლი, იმიტო-მაც აღარ გადის ახლა თბილისში. როგორ ფიქრობ, ასეთია რეალობა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული და მყარი შეხედულება მაქვს. როცა საქმე ეხება მუსიკას, მომღერალს და ზოგადად კულტურასა და ხელოვნებას, იქ არაფერ შუაში არ უნდა იყოს პოლიტიკა და პოლიტიკოსები. თუ ვიღაც პოლიტიკური მოსაზრების გამო აკეთებს იმას, რომ ეს სპექტაკლი თბილისში აღარ უნდა გავიდეს, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია.

- სპექტაკლი თავიდანვე სკანდალში გაეხვია. როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, პრეზიდენტი სპექტაკლზე იმყოფებოდა და ხალხმა ციხეებში მომხდარი ამბების გაპროტესტება ფილარმონიასთან დაიწყო.

- რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე, ხასიათზე, მორალურ მხარეზე, ვარ სულით ხორცამდე ქართველი და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ხდება ჩემს სამშობლოში. თითოეული ის კადრი, რაც მაშინ ვიხილე, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, შემაძრწუნებელი, მაგრამ აქ იყო სხვა მომენტი და ვფიქრობ, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა.

ჩვენ ბოლომდე ვიდექით სცენაზე, სანამ სპექტაკლი არ მოიხსნა. სპექტაკლი კი მეორე დღესვე იმიტომ არ მოიხსნა, რომ ბილეთები გაყიდული იყო, თორემ ამაზე იყო საუბარი. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი, რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას იმ ხალხს, ვინც სპექტაკლზე მოდიოდა. იმ დროს, როგორც მახსოვს, სხვადასხვა ქალაქში კონცერტები და კულტურული ღონისძიებები მაინც იმართებოდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ მაინცდამაინც „ვერის უბნის მელოდიები“. ჩემთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. უპრობლემოდ შევდიოდი და გამოვდიოდი ფილარმონიაში. მე ვარ მომღერალი და ესაა პროფესია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამ პროფესიის ამოსავალი წერტილი ხალხის, მაყურებლის პატივისცემაა. რადგან მთელი ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ 1000-1500 კაცი მოდის სპექტაკლზე და ის უნდა ჩატარდეს, ვერ ვიქნებოდი მეამბოხე და ვერ ვიტყოდი, მე არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი.

ზოგადად ხალხს უყვარს სკანდალები, მაგრამ არ მინდა, ასე მძაფრად შეხედონ ამ ყველაფერს. როცა მომღერალი ხარ, ხუთი ადამიანიც რომ მოვიდეს მოსასმენად და სანახავად, მაინც უნდა იმღერო. მიმღერია ასკაციან და რვაათასკაციან დარბაზებშიც. ვიცოდით, რომ იმ ასობით მაყურებელს, რომლებიც მაშინ სპექტაკლის სანახავად მოდიოდნენ, ფილარმონიასთან ბევრ ცუდ რამეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ისინი მაინც შემოდიოდნენ დარბაზში. ჩვენ ვერ ვიტყოდით, სცენაზე არ გამოვალთო…. სამარცხვინოა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთმანეთთან აკავშირებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება