ზაზა კოლელიშვილი: "რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია"

 ზაზა კოლელიშვილი: "რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია"

ბავშვობაში, როცა "კუკარაჩას" ვუყურებდი, მურტალოსი ძალიან მეშინოდა. მაშინ ჟურნალისტობაზე არ ვფიქრობდი და ვერც ის წარმომედგინა, წლების შემდეგ მურტალოს ოჯახში თუ ვესტუმრებოდი. ახლა, როცა ამ ამბავს ზაზა კოლელიშვილს ვუყვები, გაოცებული მეკითხება: - მართლა? ე.ი. კარგად მითამაშიაო... ვიდრე ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დაასრულებდა, იმ ფილმზე მოგვითხრო, რომლის სცენარზეც მისმა მეუღლემ - ნათია გოგოჭურმა იმუშავა და რომელიც გოდერძი ჩოხელის ხსოვნას ეძღვნება.

- წელს გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წელი შესრულდება. არ ვიცი, კულტურის სამინისტრო რამდენად დამიდგება გვერდით, მაგრამ ძალიან მინდა, ეს თარიღი ღირსეულად აღვნიშნოთ და მისი მოთხრობების მიხედვით, სპექტაკლი დაიდგას. ფილმის სცენარიც მზად არის. მას "სულის პეპელა" დავარქვით. მოქმედება ერთ სოფელში ხდება, სადაც გოდერძის მოთხრობების გმირები იყრიან თავს... კიდევ ერთ პროექტზე ვფიქრობ: კარგი იქნება, რეგიონული კულტურის სახლებისა და კინოს რეაბილიტაციის ფონდი თუ დაარსდება. ეს პროექტი რეგიონებს მთლიანად გამოაცოცხლებს. ამ თემაზე შესაბამის უწყებებში უკვე იციან. ახლა ყველაფერი მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თანხების მოზიდვა უმეტესად, უცხოური ფონდებიდან მოხდება. ამ თემაზე ვრცლად მომავალში ვილაპარაკოთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1957 წლის 11 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მეხანძრე, კოსმონავტი, მხატვარი და მოქანდაკე - მაშინ ამ ჩამონათვალში მსახიობობა არ შედიოდა, მაგრამ ამ პროფესიისადმი ინტერესი რომ არ მქონოდა, წარმოუდგენელიც იყო. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მსახიობების გარემოცვაში გავიზარდე და კინოში თამაშზე ვოცნებობდი. ეს ოცნება ამისრულდა. მხატვრობა და ქანდაკება ჩემი ყველაზე სერიოზული გატაცება იყო. თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხემ" განსაზღვრა ის, რომ კინემატოგრაფიაში უნდა წავსულიყავი. გამიმართლა, ძალიან დიდი რეჟისორების გვერდით მომიწია მუშაობამ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, დიდი სკოლა გავიარე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კაციაო. ოჯახის წევრები ამბობენ, - მყვირალა და გრიალააო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახს, ბიძაჩემსა და მეუღლეს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ არაფერს შევცვლიდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ასეთი კარგი ოჯახი მყავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგული ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ჩემი ამ უარყოფითი თვისების შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის და ამის გამოსწორებას არც ვცდილობ. ვინც არ იცის, დავაკონკრეტებ: დალევა მიყვარს.

- ღვინო...

- ...დუდუკი, ქალები (იცინის). ღვინის გემო ბოლო წლებში გავიგე. გვიან მივხვდი, ღვინით თრობის სილამაზე, ხიბლი რაშია და - რა არის ლოთობა. ვისკი და არაყი მიყვარს. ღვინის სახეობებიდან ევროპული წესით დამზადებულს გამოვარჩევდი. მცოდნე გლეხის დაყენებული ოჯახური ღვინოც კარგია და საფერავიც.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...საკუთარ თავს ვაბრალებ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...დასათმობია. ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ დიდად დამთმობი გახლავართ, მაგრამ როცა ვიცი, მტყუანი ვარ, ბოდიშის მოხდაც შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...გული მიკანკალებს, რადგან არ ვიცი, მომავალში რა იქნება. წესით, ბევრი შვილიშვილის გარემოცვაში უნდა ვიცხოვრო, არა? მაგრამ არავინ იცის, წინ რა გველის. მას მერე, რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია. არ მინდა, სხვისი ხელის შემყურე ვიყო ან მოხუცებულთა თავშესაფარში მოვხვდე.

- ვიბნევი, როცა...

- ...ყურადღების ცენტრში ვხვდები, როცა უცხო გარემოში ვარ და კომპლიმენტებს მეუბნებიან. საჯაროდ შექება არ მიყვარს. ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია... მაგრამ ქართველებმა ხომ ადამიანის ძაგებაც და ქებაც გადაჭარბებულად ვიცით.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გადასაღებ მოედანზე. მიღებდნენ თუ ვიღებდე? - ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მთავარია, იქ ვიყო და ხელფასი მქონდეს.

- როლი, რომელზეც ყველაზე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი...

- ...ნებისმიერ როლზე სიამოვნებით ვიმუშავებდი - დრამატულიდან დაწყებული, კომედიით დამთავრებული. მთავარია, სამუშაო იყოს. როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს, ენერგიით ივსება.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უმადურობას, უზრდელობას. მეზარება, როცა მათხოვრის როლში გამოვდივარ. წარმოიდგინე, შენ გინდა საქმე აკეთო და ვიღაცას ფეხზე ჰკიდიხარ, არადა, გუშინ ის შენი თანამებრძოლი იყო, მაგრამ დღეს მანდატი აქვს და აღარაფერი აინტერესებს.

- ეს თქვენი რეალობაა?

- დიახ.

- გული ბევრ ვინმეზე გწყდებათ?

- მწყდება, თუმცა ჯერ ამაზე ლა­პარაკი არ მინდა. მესმის, რომ ყველაფერი კარგად ვერასდროს იქნება, რადგან ეს ცხოვრება ერთი დიდი ორომტრიალია, მაგრამ იმ ნდობას, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებს საზოგადოებამ არჩევნებზე გამოუცხადა, ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება. ნდობის მოპოვებაზე რთული და დაკარგვაზე იოლი არაფერია.

- მეზარება...

- ...უსაქმურობა, ტახტზე წოლა...

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მოქანდაკე, ბიზნესმენი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...აღარ ვილამაზებ, ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ; რეალობას აღვიქვამ და არაფერს ვიგონებ.

- სიყვარული ეს...

- ...(ხელს მეუღლისკენ - ნათია გოგოჭურისკენ იშვერს) ეს არის.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...დღესაც შეყვარებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი შვილები და შვილიშვილები მყავს, ნათია ჩემ გვერდით რომ არ იყოს, ცხოვრებას ფასი არ ექნებოდა. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ერთმანეთს ვუფრთხილდებით და ერთურთს ყოველდღე ისეთ რამეს ვეუბნებით, რომ სიყვარულის ახსნა გამოდის. ორივეს უზარმაზარი სურვილი გვაქვს, რაღაც ვაკეთოთ.

- ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება ყოველთვის შეუძლია...

- ...სიმღერას, "ფრთიან სიტყვას", ადამიანის გამოხედვას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამინდს და იმასაც, თუ რა ფრაზა მესმის გაღვიძებისას, როგორ იწყება ოჯახში დილა...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტე მაქვს: კარგი გაგებით სისუსტეა ოჯახი და შვილები; ინდივიდუალური სისუსტეა ხანდახან ბოჰემაში "გადახტომა", გაგიჟება და ქეიფი; ჩემი სისუსტეა ისიც, რომ საკუთარ საქმეს ვერ ვაკეთებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ არ მირეკავ? რატომ არ მოდიხარ? - ეს უყურადღებობის ბრალი არ არის. მე დღესასწაულების მოწყობა მიყვარს. ზოგჯერ ეპატაჟურიც ვყოფილვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...სიყვარულს, ოჯახს, ურთიერთობებს...

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...რომ უსაქმოდ ვიქნებოდი.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ..მთვარეს ფულს "ვუჩვენებ" ხოლმე; მარილი რომ დაიყრება, წყალს ვასხამ, - ეს ყველაფერი ბავშვობიდან მომყვება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ვაზელინის გამოყენება. ბევრმა ისწავლა და თითქოს, ამას განსაკუთრებული ნიჭიც არ სჭირდება, მაგრამ მე ვერ ვისწავლე და ზუსტად ვიცი, ისე მოვკვდები, ვერც ვისწავლი.

- მეშინია...

- ..."სიცივისა, ზამთარში რომ იცის". ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია! რომ დავფიქრდები ხოლმე, სიკვდილის მეშინია, მაგრამ მაინტერესებს...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ფილმებს გადავიღებდი, ვალებს გავისტუმრებდი და ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- "არ გავცვლი სალსა კლდეებსა, საყვარელ სამშობლოზედა".

- ვერავინ მაიძულებს...

- ...საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ვიმოქმედო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ დედამ მითხრა: "ნუ ჩამწუხარდები წარსულზე დარდით, წინ იყურე".

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გოდერძი ჩოხელს ერთი მოთხრობა აქვს, რომელსაც "თუში" ჰქვია (ჩოხელის მოთხრობების კრებული მოაქვს და მიკითხავს): "...ზაფხულობით თუშები დიდხანს ეძლევიან ლხინს, იხდიან დღეობებს, დღეს რომ დანოსშია დღეობა, ხვალ - ფარსმაში, ზეგ - გირევში, მერე - დართლოში, შენაქოში, ჩიღოში და ასე გადაბმულად ერთიმეორის მიყოლებით.

სწორედ ასეთ დღეობებში გავიცანი ერთი უცნაური თუში. დანოში ვისხედით წყაროზე და ვდღესასწაულობდით. ფერდობზე ერთი ახალგაზრდა თუში ჩვენკენ მოაჭენებდა ცხენს. მოვიდა, ჩვენგან მოშორებით უცებ შეაყენა და ხმამაღლა შემოგვძახა:

- ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!

მერე სწრაფად შეაბრუნა ცხენი და გააჭენა. მისმა შეძახილმა უფრო მეტი მხიარულება შემატა თუშებს და უფრო გალაღდნენ, გააჩაღეს ცეკვა-თამაში.

შემდეგ დღეებშიც ხატობების დროს, საიდანღაც უცებ მოაჭენებდა ხოლმე ის თუში ცხენს, ყალყზე შეაყენებდა და იმედიანად დაგვძახებდა:

- ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!

და ლაღობდნენ თუშები...

მე კი, როცა გამიჭირდება, იმწუთას ის ცხენოსანი თუში ამომიხტება ხოლმე მეხსიერებაში და ნახევრად ხუმრობით, იმედიან ხმაზე დამძახებს:

- ნუ გეშინია, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!"

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება