ნანუკა გოგიჩაიშვილს თაყვანისმცემლები ავტომობილების კატალოგს უგზავნიან

ნანუკა გოგიჩაიშვილს თაყვანისმცემლები ავტომობილების კატალოგს უგზავნიან

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ჯერჯერობით, ოჯახის შექმნას არ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ თურმე, თაყვანისმცემლების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის, მისი გულის მონადირება ვერავინ შეძლო.

- როცა ქალაქში რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება ან საღამო იმართება, საპატიო სტუმრად ყველგან მიწვევენ, მაგრამ რაც შეეხება ჩემს სამოდელო საქმიანობას, ამ სფეროში ახალი არაფერი ხდება... თუმცა, პროფესიას არ ვღალატობ და საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობ: ყოველ დილით 6 საათზე ვდგები, დღის პროდუქტიულად დაწყებისთვის ვემზადები. უამრავ საინტერესო წრესა და კურსებზე დავდივარ. ვცდილობ, მრავალმხრივი განათლება მივიღო.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- არასოდეს ვყოფილვარ მკითხავთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ძალზე დიდი ცოდვაა. ასტროლოგია კი მიზიდავს და ამ სფეროში საკმაოდ გარკვეულიც ვარ. ნებისმიერი ადამიანის ასტროპორტრეტის დადგენა შემიძლია. მიყვარს ფსიქოლოგიაც...

- ჰოროსკოპით ვინ ხარ, მაინც არ მითხარი.

- მოდი, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ. გეტყვით მხოლოდ ამ ჰოროსკოპის კოდურ სიტყვას - "ადამიანი-სიყვარული". ეს ნიშანი ჰოროსკოპებს შორის ყველაზე მოსიყვარულე და თბილია. სხვათა შორის, ყოველდღიურ ჰოროსკოპს არასოდეს ვეცნობი.

- საკუთარი თავი ორიოდე სიტყვით დაგვიხასიათე...

- საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს.

- მაშინ უარყოფითი თვისებები გაგვიმხილე...

- ერთადერთი უარყოფითი თვისება, რაც ამწუთას მახსენდება, არის ის, რომ შეიძლება, ახლობელი ადამიანისგან რაღაც ძალიან უმნიშვნელო მეწყინოს. ამას ემატება ისიც, რომ არასდროს ვამბობ, რა მეწყინა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ურთიერთობებში დიდ პრობლემას მიქმნის.

- რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ პრინციპული ვარ. რაც მინდა, იმას ყოველთვის ჩუმად, ყოველგვარი ზედმეტი ადამიანების ჩარევის გარეშე ვაკეთებ. მიყვარს იმ სიძნელეებთან შეჭიდება, რომელსაც დიდი ძალა, ბევრი დრო და ჩემი ინტელექტუალური რესურსი სჭირდება... გადაწყვეტილებასაც ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ.

- ამაყიც ხარ?

- ამაყი ვარ მაშინ, როცა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ გაკეთებულ სიკეთესა თუ მათდამი სიყვარულზე მესაუბრებიან. ეს ყველაფერი ძალიან მეამაყება.

- საოჯახო საქმეების გაკეთება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა?

- მსგავსი საქმეების კეთება არ მიწევს ხოლმე. ისე, ძალიან მიყვარს ნამცხვრებისა და ტორტების გამოცხობა. ასევე, სალათებისა და გემრიელი კერძების მომზადება. შემიძლია, სუფრა ძალიან ლამაზად გავშალო და გავაფორმო კიდეც. სხვათა შორის, ეს ყველაფერი დედისგან ვისწავლე. დედას შეუძლია, თითქმის არაფრისგან უზომოდ გემრიელი კერძი მოამზადოს და ეს ყველაფერი ისე მოგართვას, რომ თავი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გეგონოს. საოცარი გურმანი ვარ. სამზარეულო ჩემი უსაყვარლესი ადგილია და იქ ფუსფუსიც მიყვარს, რა თქმა უნდა, როცა ამის დრო და საშუალება მაქვს.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- სიმართლე გითხრათ, მამაკაცის პერანგი არასოდეს დამიუთოებია. იმედია, როცა ამის საჭიროების წინაშე აღმოვჩნდები, ამ საქმეს თავს გავართმევ.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად ფულიანი უნდა იყოს?

- ფული და სიმდიდრე ჩემთვის პრიორიტეტი არ არის. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ იყოს, აქამდე არაერთხელ მივიღებდი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. ისეთი თაყვანისმცემლები მყავს, რომლებთანაც საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ისინი ჩემი ახლო მეგობრების ახლობლები არიან და ჩემთან დაკონტაქტებას მათი დახმარებით ცდილობენ. ჰოდა, მაგალითად, მიგზავნიან ავტომობილების კატალოგებს: - აირჩიოს, რომელი მოსწონსო... დარწმუნებული ვარ, არჩევანი რომელიმეზე რომ გამეკეთებინა და მეთქვა: ეს მომწონს-მეთქი, სასურველ მანქანას მეორე დღესვე სახლის წინ დამიყენებდნენ... მომავალი მეუღლის მატერიალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ფულისა და სიმდიდრის გამო ვერ მოვითმენ იმას, რაც არ მსიამოვნებს.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ზღაპრული ცხოვრების გამო ნამდვილ სიყვარულზე უარს ამბობენ. როგორ ფიქრობ, ოდესმე შენ თუ მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას?

- არა მგონია, ოდესმე ასეთ რისკზე წავიდე (იცინის). ბებიასა და ბაბუას სამაგალითო ურთიერთობა აქვთ, აღარაფერს ვამბობ ჩემი მშობლების სიყვარულზე. ამიტომ არა მგონია, სიყვარული ოდესმე, რამეში გავცვალო და ის ბედნიერება დავიკლო, რაც ჩვენს ოჯახში მუდამ დიდი დოზით იყო.

- ისე, შვილების მიმართ დედა უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს თუ მამა? როცა სადმე სტუმრად ხარ, რომელი უფრო ხშირად გირეკავს და გეკითხება, - შინ როდის დაბრუნდებიო?

- გოგიჩა იშვიათად მირეკავს. ერიდება და არ უნდა, ხშირად შემაწუხოს (იცინის). მან ყოველთვის იცის, სად ვარ, მაგრამ თუ შინ მისვლა დამაგვიანდება და აინტერესებს, როდის დავბრუნდები, ჩემთან დედას ან ბებოს არეკვინებს. ისე, მკაცრი არც დედაა და არც - მამა.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლია? ისეთი, რომელიც მუდამ უკან დაგდევს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს?

- ვფიქრობ, ყველა მანდილოსანს შეიძლება ჰყავდეს ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი. ასეთი ადამიანის ჩამოსაშორებლად ყველაზე კარგი საშუალება მისი იგნორირებაა. ეს მეთოდი ამართლებს. შეიძლება უკან მართლაც, დიდხანს გდიოს, მაგრამ დახურულ კარზე კაკუნი, ბოლოს და ბოლოს, ყველას მოჰბეზრდება.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისთვის, რომ შენი გული მოინადიროს?

- უკვე მართლა აღარ ვიცი, ამისთვის რისი გაკეთებაა საჭირო (იცინის).

- მაშინ ის მითხარი, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის - მამაკაცის გარეგნობა თუ მისი ხასიათი?

- მომწონს განათლებული მამაკაცები. ყველაზე მეტად საკუთარი საქმის პროფესიონალებს ვაფასებ. ჩემი და ხშირად მეუბნება, რომ მამაკაცის გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მას ამაში ვერ დავეთანხმები.

- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?

- არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორ უნდა გიპასუხო... როცა ეჭვი შემეპარება, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ რაღაც დააშავა, მას აუცილებლად მოვუსმენ და მერე გადავწყვეტ, ესა თუ ის შემთხვევა უნდა ვაპატიო თუ არა. მიმაჩნია, რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა. როგორც უნდა ეცადო ტყუილის თქმას, თვალები აუცილებლად გაგყიდის.

- ე.ი. პატიებაც შეგიძლია?

- სკანდალის მოწყობა ან ჭურჭლის დალეწვა ნამდვილად არ მიყვარს. თუ ადამიანი მაწყენინებს, დამამცირებს, ზედმეტი რაღაცების გარეშე, ავიღებ ჩანთას და იქაურობას დავტოვებ...

- საკუთარ ქორწილზე თუ გიფიქრია?

- არც ბავშვობაში და არც მერე, საკუთარ ქორწილზე არ მიოცნებია. მიუხედავდ იმისა, რომ პომპეზურ წვეულებებზე ვგიჟდები, ქორწილები მაინცდამაინც არ მხიბლავს. თუ გადავწყვეტ, რომ დაოჯახების შემდეგ ქორწილი გადავიხადო, ეს იქნება რაღაც განსხვავებული და ორიგინალური.

- ე.ი. ქართული ტრადიციული ქორწილი არ მოგწონს?

- ნამდვილად არ მომწონს! ხშირად ასეთ ქორწილებში ყურადღებას ვერავის აქცევ, ყველა თავისთვის ერთობა.

- მეორე ნახევართან ერთად თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- მსგავს რაღაცაზე არასოდეს მიფიქრია. ამას ალბათ მომავალ მეუღლესთან ერთად, ქორწილის შემდეგ, სპონტანურად დავგეგმავ. ასეთ თემებზე ფიქრი არ მიტაცებს. თუმცა, ვიცნობ ისეთ გოგონებსაც, რომლებსაც ეს ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი და დაგეგმილი.

- ქართული ტრადიციის თანახმად, ოჯახში გოგო რომ დაიბადება, მისთვის მზითევის შეგროვებას იწყებენ. საინტერესოა, შენ თუ გაქვს მზითევი?

- არა, უმზითვო ვარ (იცინის)...

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, ამ წინადადებას როგორ შეხვდები?

- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... ისე, რომ დავფიქრდე, ეს საკითხი ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, ძალიან ხმაურიანი ვარ და შეიძლება, ამის გამო მის მშობლებს შეექმნას პრობლემა. როცა შინ ვარ, ხან "სამაკატით" ვგორაობ, ხანაც - უმაღლეს ხმაზე ვმღერი. ამიტომ მათთვისვე აჯობებს, საცხოვრებლად თუ ცალკე გაგვიშვებენ (იცინის).

- დედამთილს "დედას" თუ დაუძახებ?

- დედამთილისთვის "დედას" დაძახება ზედმეტი ფამილარობა მგონია... ბებიას და დედას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, მეც დედასავით გამიმართლებს, კარგი დედამთილი მეყოლება...

- ოჯახის წევრები არ გეუბნებიან, რომ დროა, ოჯახი შექმნა?

- არავინ მიყვარს და ამიტომაც, ამ თემაზე ლაპარაკიც კი უაზრობად მეჩვენება.

- ოჯახი თუ კარიერა - ასეთი არჩევანის წინაშე რომ დადგე, რომელს აირჩევ?

- აუცილებლად ოჯახს ავირჩევ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება