ცნობილების თოვლთან დაკავშირებული მხიარული, სევდიანი და სასიყვარულო ამბები "ამბებისთვის"

ცნობილების თოვლთან დაკავშირებული მხიარული, სევდიანი და სასიყვარულო ამბები "ამბებისთვის"

ზამთარმა ამ დღეებში თავი გაიგიჟა, მგონი, თოვა შეწყვეტას არც აპირებს. რამდენადაც ლამაზია, ბავშვებს უყვართ და კარგადაც ერთობიან, გარკვეულ პრობლემებსაც უქმნის ადამიანებს, მაგრამ ამჯერად თოვლით დაზარალებულზე არ ვაპირებთ საუბარს. რამდენიმე რესპონდენტს თავისუფალ თემად ზოგადად, "თოვლი" შევთავაზეთ და მათგან სხვადასხვანაირი ამბები მოვისმინეთ, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.

თაკო აბაშიძე, მსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი:

- თოვლი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით თოვლში სეირნობა მსიამოვნებს. საერთოდ კი, ზაფხულზე მეტად, ზამთარი მიყვარს.

მართალია, ქალაქში თოვლი მალე დნება და ტალახდება, მაგრამ ეს პერიოდი მე მაინც მიყვარს... ლამაზი, ფანტია და თეთრი სამოსი ძალიან უხდება ჩვენ თბილ ქალაქს.

სამი წლის წინ, მე და ჩემი რძალი - ნატუკა, ვერაზე, ჩვენს სახლში ვიყავით და მაგრად მოთოვა. ავტყდით, მოდი, გარეთ, საციგაოდ გავიდეთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ციგა არ გვქონდა. თან, ღამეც იყო და გადავწყვიტეთ, რომ ეზოდან რაღაც პლასტიკატის ნაჭერი აგვეღო და იმით გვესრიალა... მოკლედ, ამხელა გოგოები, უსინდისოდ პლასტიკატის ნაჭრით გარეთ გავცვივდით და შუა პეტრიაშვილზე სრიალი გავაჩაღეთ... ის დღე ახლა ტკბილად მახსენდება. ნატო ამბობდა, ნეტა ვინმემ სურათი გადაგვიღოს ახლა და გაავრცელოს, რას ვგავართო... რა ვქნა, ასეთი გართობები მიყვარს...

გართობისთვის აუცილებელი სულაც არ არის 5.000-დოლარიანი ქურქი და 35.000-დოლარიანი ჯიპი. თუ ადამიანს განწყობა აქვს და გამხიარულება უნდა, პლასტიკატითაც ისრიალებს პეტრიაშვილის დაღმართზე...

მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) რეპერი:

- გუდაურში, ჩემთან სახლში მე და ჩემი 2 ძმაკაცი ვისვენებდით, სრიალი არ ვიცოდით, მაგრამ სასრიალოდ არც წავსულვართ, უბრალოდ ზამთარში 4-5 დღით სუფთა ჰაერზე, დასასვენებლად ავედით, თან სახლში ქირა არ გვქონდა გადასახდელი და... ლიფტში უკრაინელი გოგოები გავიცანით, ხარკოვიდან იყვნენ, რომლებიც ასევე დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ. ჩვენ კორპუსში ქირით ცხოვრობდნენ და საღამოს, იქვე ბარში დავპატიჟეთ... მე ერთ-ერთს ვკითხე, რამდენი ხანია, რაც სრიალებთ-მეთქი?  სრიალი არ ვიცით, აქ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედითო და გაიცინეს... ცოტა გულზე მოგვეშვა, რადგანაც სრიალი არც ჩვენ ვიცოდით, რაღაცის თქმას ვაპირებდი და ძმაკაცმა დამასწრო, - ჩვენ ტურნირზე ვართ ჩამოსულებიო. იფიქრა, თუ არ სრიალებენ, ესენი რას გაიგებენ, როდის ''გავალთ'' ტურნირზეო. უი, ეგ ტურნირი ჩვენც გვაინტერესებსო,- გვითხრეს. თურმე გაგვეხუმრნენ. ვეღარ "დავზადნეთ"... მეორე დღეს ტურნირზე არ გამოვცხადით, მოვიმიზეზეთ, ძმაკაცი ცუდად გახდა, მოიწამლა და მარტო არ დავტოვეთო. მესამე დღეს, დილით სამივემ ინსტრუქტორს მივაკითხეთ და კონსულტაცია გავიარეთ, - რამდენ ხანში შევძლებდით სრიალს და თხილამურზე დადოგმას. იმ დროს ერთ-ერთმა დაქალმა დაგვინახა, მაგრად შეგვრცხვა. ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ იმ ტყუილის გამო ის გოგოები ვეღარ "დავკერეთ". ''გაუტყდათ''. ყველაზე მაგარი იყო, გოგოები რომ წავიდნენ, ორ დღში თხილამურებზე დოგმა ვისწავლეთ და დღემდე საკაიფოდ ვსრიალებთ...

დათო გოგიშვილი, იუმორისტი:

თოვლი, როგორც ამინდის ცვალებადობის კონკრეტული მოცემულობა, ორგვარად აისახა ჩემს ცხოვრებაში. მაქვს როგორც დადებითი და სასიხარულო, ასევე ცოტათი სევდიანი მოგონებაც, ოღონდ, ძალიან სასაცილო...

სოფელში (ტოლები), სადაც ვიზრდებოდი, ჩოხატაურთან ახლოს მდებარეობს, თოვლი ხშირად არ მოდის, მაგრამ თუ მოვიდა, ისეთია, ჭიშკრებზე ზემოდან გვიწევს სიარული. ასეთი ეპიზოდები უმეტესად ბავშვობაში მახსოვს...

მერე მე და ჩემი ამხანაგი კლასელ გოგოებს დიდი თოვლის დროს შეშას ვუხერხავდით, რომ არ შესცივნოდათ...

სტუდენტობის დროს მატარებლით ვმგზავრობდი და ერთხელ თოვლში ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში დენი გამოირთო. მატარებელი ერთი დღე-ღამე იქ იდგა. დრო რომ გასულიყო, მედიტაციის კურსი ჩავიტარე და ხელოვნურად დავიძინე. დაძინების წინ ფანჯრიდან თვალი მოვკარი იქვე დაგდებულ მორს.

ძილში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ დავიძარით და უფრო მოტივირებულად გავაგრძელე ძილი, რომ გავიღვიძე, მინიმუმ სამტრედიის მისადგომებს ველოდი. ფანჯარაში გახედვის შემდეგ კი და ისევ ის მორი დავინახე, რომელმაც ჩემი ყურადღება ძილის წინაც მიიქცია... მოკლედ, ჩემი მარშრუტი - თბილისიდან სამტრედიამდე ძალიან წააგავდა ებრაელების მიერ განვლილ გზას - ეგვიპტელების ტყვეობიდან გამოხსნის შემდეგ აღთქმულ ქვეყნამდე.

ალეკო შარვაძე, ფოტოგრაფი:

- თოვლთან ისეთი არაფერი მახსენდება გარდა დასველებისა და ცოტა შეცივებისა...

- ისეთი გუნდა არავის გაურტყამს, რომელსაც დაუზიანებიხარ?

- კი, ასეთი შემთხვევა მქონდა და ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება ხოლმე...…

- როგორ იყო ეგ ამბავი, იქნებ გაიხსენო?

- უბრალოდ ჩემთვის ვიდექი და ფოტოაპარატით ბავშვების გუნდაობასა და მხიარულებას ვიღებდი. ისე გავერთე, რომ ვეღარ მივაქციე ყურადღება პატარა ბავშვს, რომელმაც საკმაოდ დიდი გუნდა ჩემი აპარატის ობიექტივს გაარტყა და იმ გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი სახეშიც მომხვდა... კი გავბრაზდი, მაგრამ გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც მეც ასე ვცელქობდი. ახლა იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, იმით ნამდვილად არ ვამაყობ: ბავშვები კორპუსის სახურავზე ავდიოდით და იქიდან ვისროდით თოვლის დიდ გუნდებს, რომელსაც შეეძლო ადამიანი და მანქანაც კი დაეშავებინა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ იმ დიდი გუნდებით არასდროს არავინ დაზარალებულა. ისე, როცა ზამთრის არდადეგებს სოფელში (საჩხერის რაიონი სოფელი ქორეთი) ვატარებდი, უბედნიერესი ვიყავი. იქაურობა მიყვარს. თუ ჩემი იქ ყოფნისას თოვლიც მოვიდოდა, უნდა გენახათ, ჩემი გაგიჟება... ეს დაახლოებით ის პერიოდი იყო, როცა თბილისის სკოლები ვერ თბებოდა და სწავლება დიდ ყინვებში წყდებოდა... ერთხელაც, როცა მშობლებს სოფლიდან თბილისში უნდა წამოვეყვანე, წინა ღამეს თეთრად გავათენე: ბებიამ თოვლში დასველებული ქურთუკი გამირეცხა და გასაშრობად თოკზე დაკიდა. მე კი შუა იანვარში, მთელი ღამის განმავლობაში, წყალს ვასხამდი, რომ არ გამშრალიყო და თბილისში არ წამოვსულიყავი, მაგრამ მესამე დღეს ყველაფერს მიმიხვდნენ...

- თხილამურებზე თუ სრიალებ?

- მახსენდება ბაკურიანში ყოფნისას თხილამურებზე დგომას ვსწავლობდი, მაგრამ არ გამიმართლა, თოვლის დიდ გროვას დავეჯახე, საიდანაც ძლივს ამომიყვანეს... იმის მერე თხილამურებზე დგომის სურვილი სულ გამიქრა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება