''თუკი ''სუხიშვილები არის ''ადიდასი, დანარჩენი ყველა ''ადიბასები'' არიან

''თუკი ''სუხიშვილები არის ''ადიდასი, დანარჩენი ყველა ''ადიბასები'' არიან

ფოცხიშვილების გვარი დიდი ხანია, ქართულ ცეკვას ემსახურება. ანსამბლ ''მეტეხს" ზვიად გამსახურდიას დროს სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა და მას მერე საკუთარი თავის იმედად არიან. ამას წინათ კულტურის სამინისტროში გურამ ოდიშარიას მოადგილემ საინტერესო პარალელი მოუყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინახოს საკუთარი თავი ხელოვანმა. ''ცეკვის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელ გელა ფოცხიშვილს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თქვენს სფეროში სასიკეთოდ რა შეიცვალა?

- თავიდანვე ვიტყვი, რომ ყველა მთავრობის მხარდამჭერი ვარ, რომელიც ხალხზე იზრუნებს. ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და თანამდებობის პირები ხალხს უნდა ემსახურონ. პრინციპში, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. შემიძლია, ისიც ვთქვა, რომ ცოტა უკეთესობა ამ კუთხით წინა ხელისუფლების დროს უფრო იყო. მგონია, რომ მთელი კულტურის სფერო კომუნისტური, ძველი, საბჭოური მმართველობისკენ წავიდა. არ ვიცი, სხვა როგორ ხედავს, მაგრამ ჩვენი ოჯახი 1962 წლიდან არის ამ სფეროში და ჩვენი საქმეები უფრო უარესობისკენ წავიდა. არა მგონია, რომ ჩვენი ანსამბლი ხელწამოსაკრავი იყოს. სახელმწიფომ თავად უნდა გამოთქვას ასეთი დასის დაფინანსების სურვილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ყველა ცენტრალურ თეატრში გამოვიდა. საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, მაგრამ განა იმიტომ, რომ პროდუქტი არ არის, უბრალოდ, ბაზარი არ გვიწყობს ხელს. გვაქვს ფილარმონიის დარბაზი, რომლის დაქირავება კოლოსალური თანხა ჯდება. რამდენი კონცერტი უნდა გამართოს დასმა საქართველოში, რომ მთელი წელი იარსებოს?

- დღეს რომელი ცეკვის ანსამბლები იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან?

- ''სუხიშვილები, ''ერისიონი, ''რუსთავი, ასევე რეგიონებში არსებული რამდენიმე ანსამბლიც. ზემოთ ჩამოთვლილ ანსამბლებთან ერთად ჩვენც ვიყავით სახელმწიფო ანსამბლებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ კონცერტებს საზღვრებს გარეთ და დღესაც ასე გრძელდება. დანარჩენი დასები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, ვერ სცდებიან გარკვეულ ჩარჩოებს, თუმცა ეს მათი მენეჯმენტის, მარკეტინგისა და შემოქმედების პრობლემაა. ჩვენნაირ ისტორიულ დასს კი ასე არ უნდა უჭირდეს.

- კულტურის სამინისტროდან ვის შეხვდით?

- ბატონ მირიან ოდიშარიას, ხან მირიანს ეძახიან, ხან გურამს. ღიმილით, სიცილით, ხარხარით მიგვიღო, ყველაფერი კარგად იქნებაო. გადაგვამისამართა თავის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილთან. მან კი გვითხრა, ყველაფერი ფინანსებით იწყებაო. მოგვიყვანა ასეთი მაგალითი, რომ ფილმში ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" თურმე ორკესტრი თავად ირჩენს თავს და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოშიც ასე იყოს (იღიმის). სულ მიკვირდა, ასე რატომ არ ხდება ჩვენს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა მაგალითი მოიყვანა, ჩვენ არ ვართ ამერიკაში, საქართველოში ვართ. ახალი სპექტაკლები გვაქვს მზად, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. თუკი თანხები არ გექნება, რომც გათვალო, ერთხელ წააგებ, ორჯერ, სახლს გაყიდი, კარს, ნაბადს და ქუჩაში დარჩები. ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ღვაწლს, მაგრამ არაო, გვითხრა კულტურის მინისტრის მოადგილემ.

სულ იმას ვფიქრობდით, რომ რადგან საქართველოს უჭირდა, საკუთარი ძალებით უნდა გაგვეტანა თავი. ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, როცა დაფინანსება შეგვიწყვიტეს, გამოვიარეთ შევარდნაძის ეპოქა, როდესაც ხალხს ხელფასები არ ეძლეოდა და ჩვენ რა უნდა მოგვეთხოვა? სააკაშვილის დროს კი კეთდებოდა უფრო მეტი რამ, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა კულტურის სფერო და სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. მცირე ხნის წინ მოვიდა მთავრობა, რომელიც წინა სამს ლანძღავდა, მაგრამ ხომ უნდა გააცნობიერო, რისთვის მოდიხარ ხელისუფლებაში? ამხელა დასი თუ უკმაყოფილოა, რას აკეთებს კულტურის სამინისტრო?

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება